Facebook Twitter

ას-297-978-03 4 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქარელის რაიონული სასამართლოს 1998წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ვ-ის განცხადება – დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სოფ..... აგურის ორსართულიანი სახლი, რომელიც საკომლო წიგნებში არავისზე არის აღრიცხული, საკუთრების უფლებით ეკუთვნის ვ. კ-ს.

ვ. კ-ის ძმამ ტ. კ-მა 2002წ. დეკემბერში განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქარელის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 1998წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა მის ძმას, ვ. კ-ს, მემკვიდრეობით მან მიიღო მამისაგან, მისმა რძალმა ლ. ვ-მა კი კანონის დარღვევით, ისე რომ მას არ შეუთანხმდა, ეს საცხოვრებელი სახლი მიჰყიდა ტ. ჩ-ეს. ლ. ვ-მა სასამართლოს არასწორი დოკუმენტი წარუდგინა იმის თაობაზე, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი არავის საკუთრებაში იყო აღრიცხული. განმცხადებელმა წარადგინა სოფ....... საკრებულოს თავმჯდომაროს მიერ 2002წ. 23 აგვისტოს გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ქარელის რაიონის სოფ..... მდებარე ძველი და ახალი საცხოვრებელი სახლი 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთით აღრიცხული იყო აწ გარდაცვლილ ი. კ-ზე, რაც დასტურდება ასევე ქ. ცხინვალის ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობა _ დახასიათებით და სარეგისტრაციო მოწმობით. სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 313-ე მუხლი, ცხინვალის ტექბიუროდან არ გამოითხოვა ზემოხსენებული საბუთი. სსკ-ს 423-ე მუხლის “ა” და “ვ” ქვეპუნქტების თანახმად, ტ. კ-მა მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის განჩინებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ტ. კ-ის განცხადება ქარელის რაიონული სასამართლოს 1998წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. რაიონული სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ტ. კ-მა ვერ განმარტა და არც მის მიერ წარმოდგენილ ცნობაშია მითითებული, თუ როდიდან იყო აღრიცხული სადავო საცხოვრებელი სახლი ი. კ-ის სახელზე. მის მიერ წარდგენილი 2002წ. 23 აგვისტოს ცნობა-დახასიათება გაცემულია არასათანადო ორგანოს მიერ და იგი არ წარმოადგენს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებას. სასამართლოს არ დაურღვევია სსკ-ს 257-ე მუხლი, რადგან ავნევის საკრებულო ქარელის რაიონული ადმინისტრაციის შემადგენელი ერთეულია და სასამართლო არ იყო ვალდებული, რაიმე ცნობა მოეთხოვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის არაკომპეტენტური ორგანოსაგან. სსკ-ს 423-ე მუხლის “ა” და “ვ” ქვეპუნტებით არ არის გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. განმცხადებელმა არ მიუთითა 422-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებზე, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობის წესებს შეიცავს. ამასთან, არც იმ დოკუმენტის სიყალბეა დადგენილი, რომელზეც მიუთითებს განმცხადებელი.

ტ. კ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინებით ტ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის განჩინება და ტ. კ-ის განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სსკ-ს 254-ე მუხლის თანახმად, სასამართლო საქმის მომზადების სტადიაზე ვალდებული იყო გამოერკვია, რომელი პირი ან ორგანიზაცია შეიძლება ყოფილიყო დაინტერესებული საქმის გადაწყვეტილებით და ის უნდა ჩაება საქმეში. იმავე კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს განცხდება განუხილველად უნდა დაეტოვებინა და განმცხადებლისთვის განემარტა, რომ მას სარჩელის წარდგენის უფლება ჰქონდა საერთო საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ტ. კ-ი მოცემულ საქმეზე წარმოადგენს სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაინტერესებულ პირს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, ტ. კ-მა თავისი მოთხოვნა დააფუძნა სსკ-ს 423-ე მუხლზე, მაგრამ ეს გარემოება არ შეიძლება მიჩნეულიყო იქნეს საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად, რაიონულ სასამართლოს უფლება ჰქონდა თვითონ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება ტ. კ-ის მოთხოვნისათვის.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ტ. კ-მა, მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მისი საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ რაიონულ სასამართლოში იგი პროცესზე არ იყო მიწვეული, ამიტომ პალატას თვითონ უნდა ეცნო სასამართლო გადაწყვეტილება ბათილად. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ვ-მა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ს 373-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, საქმეში ისე ჩართო, რომ მისთვის არ გაუგზავნია სააპელაციო საჩივარი, თანდართული მასალები და განჩინება, ხოლო როცა მან წარადგინა მტკიცებულებები, სასამართლომ არ მიიღო, უკან დააბრუნა, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი. ტ. კ-ის განცხადების და სააპელაციო საჩივრის განხილვისას სასამართლომ არ შეამოწმა, დაცულია თუ არა სსკ-ს 426-427-ე მუხლების მოთხოვნები. ტ. კ-მა გაუშვა სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ იგი ქარელის რაიონული სასამართლოს 1998წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებას გაეცნო ამ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ტ. კ-ისა და ლ. ვ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ტ. კ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დააბრუნა საქმე ხელახალი განხილვისათვის ქარელის რაიონულ სასამართლოში. საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს თვითონ უნდა ეცნო ბათილად ქარელის რაიონული სასამართლოს 1998წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შეუძლია მხოლოდ იმავე რაიონულ სასამართლოს. ამდენად, სააპელაციო პალატას კანონი არ დაურღვევია და ტ. კ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ასევე ლ. ვ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მას არ გაუგზავნა ტ. კ-ის სააპელაციო საჩივარი. საქმეში წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ 2003წ. 20 მარტს საოლქო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი გაუგზავნა ლ. ვ-ს.

სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა საქმის წარმოების განახლების შესახებ ტ. კ-ის განცხადების დასაშვებობაზე, კერძოდ, იმის თაობაზე, დაცული იყო თუ არა განმცხადებლის მიერ სსკ-ს 426-ე მუხლით გათვალისწინებული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.

სსკ-ს 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. კანონმდებელი ასეთი განცხადების დასაშვებობის შემოწმებას ავალებს არა ნებისმიერ სასამართლოს, არამედ _ მხოლოდ იმავე კოდექსის 424-ე მუხლით გათვალისწინებულ განსჯად სასამართლოს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დასაშვებობის საკითხი უნდა შეამოწმოს არა სააპელაციო სასამართლომ, არამედ ქარელის რაიონულმა სასამართლომ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ტ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.