Facebook Twitter

¹ ას-298-977-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. ცისკაძე

სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. რ-ას, მესამე პირების ლ. ვ-ისა და ვ. ბ-ას მიმართ და მოითხოვა ს. მ-ს და ლ. მ-ს შორის 1934წ. 15 მარტს სანოტარო წესით გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მისი მშობლები, ამჟამად კი აღნიშნულ ბინაში თვითონ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მოსარჩელის განმარტებით, სახლი თავდაპირველად ეკუთვნოდა თბილისის საბჭოს კომუნალურ მეურნეობას. იგი ჯერ ს. მ-ის სახელზე იყო აღრიცხული, რომელიც ყალბი დოკუმენტების საფუძველზე აღირიცხა ლ. მ-ის საკუთრებად. ლ. მ-მა სახლის ნაწილი გაასხვისა ვაშაკიძეზე, დანარჩენი კი ლ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის წესით მიიღო რ. რ-ამ და სახლის ნაწილი ამჟამად მის საკუთრებად ირიცხება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ხელშეკრულება გაფორმდა მოხდა არა 1934წ. მარტში, არამედ უფრო გვიან 1937-38 წლებში, ბაქოს სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის ყალბი რწმუნებით კ. კ-ას სახელზე, რომელიც წინა რიცხვით იქნა დათარიღებული. რწმუნებაზე არ იკითხება ბაქოს სახელმწიფო სანოტარო კანტორის ბეჭედი, გარკვევით არ არის მითითებული ნოტარიუსის გვარი და ინიციალები, აგრეთვე, აღნიშნული რწმუნებულება არ შეიცავს გარკვეულ რეკვიზიტებს. ნასყიდობის ხელშეკრულებაში სადავო სახლის მისამართად მითითებულია .... ქუჩა, მაშინ როცა 1924 წლიდან ქუჩა იწოდებოდა ..... ქუჩად. სტ. მ-ს ხელშეკრულებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. 1924 წლიდან ცხოვრობდა აზერბაიჯანში, ხოლო 1937 წლიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის სახლი მუნიციპალიზებული იყო, 1939 წელს გაყალბებული ხელშეკრულების საფუძველზე კი აღირიცხა ლ. მ-ის სახელზე.

მოპასუხე რ. რ-ამ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ სადავო სახლი მან მემკვიდრეობით მიიღო ლ. მ-ისაგან. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და ამასთან ერთად ხანდაზმულიც არის, რის გამოც უნდა ეთქვას უარი. მესამე პირი ლ. ვ-ე მხარს არ უჭერს ა. ბ-ის სარჩელს, ხოლო მესამე პირი ვ. ბ-ვა კი მხარს უჭერს ა. ბ-ის სარჩელს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. თბილისში, ... (ამჟამად ... ¹82-ში) მდებარე საცხოვრებელი სახლი ს. მ-ის მიერ გაცემული რწმუნებულების საფუძველზე კ. კ-ამ მიყიდა ლ. მ-ს 1934წ. 7-15 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოქმედი სკ-ს 44-ე მუხლის თანახმად, უფლება სარჩელზე ისპობოდა 3 წლის ვადის გასვლისას. ბ-ის ოჯახი სადავო სახლში ჩაეწერა 1946 წლიდან, რის შემდეგაც ბინის ქირას უხდიდა ლ. მ-ს, როგორც მესაკუთრეს, ე.ი. მოსარჩელე მხარისათვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს სახლი ლ. მ-ს ეკუთვნოდა, მაგრამ ეს საკითხი ათეული წლების განმავლობაში მას სადავოდ არ გაუხდია. ამასთან მოსარჩელეს სასამართლოსათვის არავითარი მტკიცება არ წარმოუდგენია ამ ვადის საპატიო მიზეზით გაშვების თაობაზე, ამიტომ რაიონულმა სასამართლომ ა. ბ-ის სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.

საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ 1968 წელს სადავო ბინა ¼ ლ. მ-მა მიჰყიდა ლ. ვ-ის ქმარს _ ვ. ვ-ეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ ეს ნაწილი მემკვიდრეობის წესით მიიღო ლ. ვ-ემ და ეს ნაწილი ამჟამად მის საკუთრებად არის აღრიცხული. დანარჩენი კი ლ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ 1986წ. 12 ივლისს მემკვიდრეობით გადაეცა რ. რ-ას. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო არა 1934 წელს არამედ 1937-38 წლებში, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცება საქმეში არ მოიპოვება.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ბ-ის მოთხოვნა აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არის უსაფუძვლო, რადგან მოსარჩელემ ვერ მიუთითა, 1934წ. 7-15 მარტს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებით მისი რა უფლება დაირღვა.

პირველი ინსტანციის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ რაიონულმა სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, როცა სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება ს. მ-სა და ლ. მ-ს შორის სანოტარო წესით დადებულია 1934წ. 7-15 მარტს, რომელიც ა. ბ-ემ სადავოდ გახადა 2001წ. 6 ოქტომბერს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის გადაწყვეტისას გამოყენებული ყოფილიყო სამოქალაქო კოდექსით (1997წ. რედაქციით) გათვალისწინებული ნორმები.

საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ცნობაში მითითებულია, რომ სადავო სახლი 1939 წლიდან აღრიცხული იყო ლ. მ-ზე. 1934წ. 7 მარტს გაცემული ¹398 ნოტარიული საბუთის საფუძველზე ნაწილი 1968წ. 20 მაისს გასხვისებულ იქნა ვ. ვ-ეზე. მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით გაფორმდა ლ. ვ-ეზე, ხოლო 1986წ. 12 ივლისს ლ. მ-ზე რიცხული ბინა¾ მემკვიდრეობით გაიფორმა რ.რ-ამ. ამრიგად, სადავო ხელშეკრულების არსებობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული იყო და ა. ბ-ეს ნებისმიერ დროს შეეძლო აღნიშნული ცნობის მიღება, ხელშეკრულების ნამდვილობის გარკვევა, რაც მას 2001 წლამდე არ გაუკეთებია. რაც შეეხება ა.ბ-ის მითითებას, რომ მას ხელთ არ ჰქონდა მთავარი მტკიცებულება – ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ამიტომ დროულად ვერ მიმართა სასამართლოს, დამაჯერებლობას მოკლებულია, რადგან მან სასამართლოს ვერ დაუდასტურა აღნიშნული დოკუმენტის მოპოვების ხელშემშლელი გარემოებების არსებობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მან განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დოკუმენტი აღმოაჩინა 1986 წელს. ხანდაზმულობის დენა მითითებული თარიღიდანაც რომ იქნას ათვლილი, მოსარჩელეს მაინც გაშვებული აქვს როგორც საერთო ისე სახელშეკრულებო მოთხოვნათა ვადა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება სარჩელის უარყოფის შესახებ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი სკ-ს 44-ე მუხლით, ეს არ შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გახდეს, რადგან როგორც ძველი, ისე ახალი კანონმდებლობის სკ-ს 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლების მიხედვით მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ სადავო სახლი 1939 წლიდან აღრიცხული იყო ლ. მ-ზე. 1934წ. 7 მარტს გაცემული ¹398 ნოტარიული საბუთის საფუძველზე სადავო ხელშეკრულების არსებობის შესახებ ა. ბ-ეს ნებისმიერ დროს შეეძლო ხელშეკრულების ნამდვილობის გარკვევა, რაც მას 2001 წლამდე არ გაუკეთებია. ა. ბ-ემ აღნიშნა, რომ 1934წ. 7-15 მარტამდე, ნასყიდობის გაყალბებულ ხელშეკრულებამდე არ არსებობს არანაირი იურიდიული დოკუმენტი სადავო სახლის კონკრეტულ პირზე აღრიცხვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არსებობს 7-15 მარტით დათარიღებული ხელშეკრულება. ეს დოკუმენტი ამ სამსახურში 1986 წლამდე, ორმოცდათორმეტი წლის განმავლობაში არ იყო წარმოდგენილი. ამ ფაქტის შესახებ კასატორისათვის ცნობილი გახდა 2000წ. 27 აგვისტოს, რაზეც არსებობს ოფიციალური მტკიცებულება.

სადავო სახლი 1939 წელს ე.ი. ნასყიდობის გაყალბებული ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი წლის შემდეგ, აღრიცხული იყო ლ. მ-ზე, მაშინ როცა ეს სახლი 1934 წლიდან 1939 წლამდე ნასყიდობის დოკუმენტით უნდა აღრიცხულიყო თბილსაბჭოს აღმასკომის კომუნალურ სამსახურში.

კასატორმა აღნიშნა, რომ არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას გაშვებული აქვს ხანდაზმულობის ვადა, რადგან ნასყიდობის გაყალბებული ხელშეკრულების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2000-2001 წლებში. 2000წ. ივნისში კასატორსა და რ. რ-ას შორის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების გამო წარმოიშვა სერიოზული დავა და უთანხმოება, რის შემდეგაც ა. ბ-ემ დაიწყო სადავო სახლის შესახებ მასალების მოძიება. 2001 წელს მოპოვებული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე კასატორმა 2001წ. 16 ოქტომბერს უკვე სარჩელით მიმართა სასამართლოს. ა. ბ-ის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება 2001წ. ოქტომბერი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიჩინა ტენდენციურობა, გვერდი აუარა მის მოსაზრებებს და არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ბ-ე თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი სახის პრეტენზიას განსახილველი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს, ხოლო სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:

ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ს. მ-ის რწმუნებით აღჭურვილმა პირმა, კ. კ-ამ, მიჰყიდა ლ. მაიერს 1934წ. 7-15 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

კასატორ ა. ბ-ის დედა ვ. ხ-ა მითითებულ მისამართზე ჩაეწერა 1946 წელს, ხოლო თვით ა. ბ-ე – 1966 წელს.

თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მონაცემებით ... ¹82-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი აღრიცხულია 1939 წელს ლ. მაიერზე 1934წ. 7 მარტის ¹398 ნოტარიული საბუთით. სახლის ნაწილი ლ. მ-მა 1968წ. 20 მაისს გაასხვისა ვ. ვ-ეზე, რომელიც 1982 წელს მემკვიდრეობით გაიფორმა ლ. ვ-ემ. ლ. მ-ზე რიცხული ნაწილი 1986წ. 12 ივლისის ¹1-113 ნოტარიული საბუთით მემკვიდრეობით გაიფორმა რ. რ-ამ. ასევე დადგენილია, რომ ა. ბ-ემ 1934წ. 7 მარტის ხელშეკრულება სადავოდ გახადა 2001წ. 6 ოქტომბერს. სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ 1997წ. 26 ივნისს მიღებული სკ-ს ნორმებით მხარეთა შორის ურთიერთობის მოწესრიგებაზე.

ზემოხსენებული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიიჩნია ა. ბ-ის მოთხოვნა ხანდაზმულად, ვინაიდან სკ-ს 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება რა ხანდაზმულობა, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს.

მოთხოვნის ხანდაზმულობის გასარკვევად არსებითი მნიშვნელობა აქვს ვადის დენის დაწყების მომენტის განსაზღვრას. აღნიშნულზე მიუთითებს სკ-ს 130-ე მუხლი, რომლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ხანდაზმულობის ვადის დადგენისათვის უპირველესად უნდა გაირკვეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტი, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გაიგო პირმა თავისი უფლების დარღვევის ფაქტი ან როდის უნდა გაეგო ასეთი ფაქტის შესახებ. ამ შემთხვევაში კანონმდებელი უფლებების დაცვასთან ერთად პირისგან მოითხოვს გულისხმიერებას უფლების დროულად დაცვასთან მიმართებაში. თუკი პირისათვის უცნობია უფლების დარღვევის შესახებ თავისივე დაუდევრობის გამო, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა პირს უნდა შეეტყო მოთხოვნის წარმომშობი გარემოებების შესახებ. ა. ბ-ე სადავო მისამართზე არსებული კერძო საკუთრების სახლში ჩაწერილი იყო რა 1966 წლიდან, ამ პერიოდიდან მას შეეძლო გაერკვია საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის მიერ საკუთრების შეძენის საფუძველი და მისი ნამდვილობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სასამართლოსათვის მიმართვის ხელშემშლელი გარემოებების თაობაზე ა. ბ-ის არგუმენტები დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.