¹ ას-299-976-03 21 ნოემბერი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 14 ნოემბერს თ. ბ-ასა და თ. ჩ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თ. ბ-ამ თ. ჩ-ს ასესხა 3500 აშშ დოლარი უპროცენტოდ და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ. ჩ-ის პირადი საკუთრების სახლი, მდებარე თბილისში. თ. ჩ-მა მის მიერ სესხად აღებული 3500 აშშ დოლარიდან 100 აშშ დოლარი თ. ბ-ას დაუბრუნა მხოლოდ 2001წ. 15 მაისს, 2 თვის დაგვიანებით, ხოლო 1000 აშშ დოლარი დაუბრუნა 2001წ. 15 სექტემბერს, 6 თვის დაგვიანებით და გადასახდელი დარჩა 2400 აშშ დოლარი.
თ. ბ-ამ სარჩელით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. ჩალაურის მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხეებს მის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებოდა სესხად მიცემული 3500 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტი, ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანი და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მოპასუხე თ. ჩ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2400 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა სესხზე დარიცხული პროცენტებისა და საადვოკატო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნაზე. სასამართლომ თ. ჩ-ის მიერ 3250 აშშ დოლარის ვალის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ ჩათვალა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მისი სიძის, ი. ღ-ასა და თ. ბ-ას შორის, სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ჩ-მა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება 250 აშშ დოლარის გადახდა.
აპელანტის მოსაზრებით, 2002წ. 17 ივნისს მოსამზადებელ სხდომაზე თ. ბ-ამ აღიარა მასსა და მოპასუხის სიძის, ი. ღ-ას, შორის შემდგარი საუბრის თაობაზე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რაც საოქმო ჩანაწერითაც დაფიქსირდა.
თავის მხრივ, თ. ბ-ამ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო კანონით განსაზღვრული პროცენტის ანაზღაურებისა და საადვოკატო ხარჯების გადახდაზე. აპელანტის მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარეს გადასახდელად უნდა დაკისრებოდა ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული 2% 2001წ. 15 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ბ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ბ-ას მოთხოვნა სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის დაკისრების შესახებ და მოპასუხეს პროცენტის სახით დაეკისრა 1200 აშშ დოლარი, ხოლო 2003წ. 15 მაისიდან ყოველთვიურად გადაუხდელი თანხის 2% აღსრულებამდე. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს თ. ჩ-ის მოსაზრებას, რომ მას გადასახდელი დარჩა არა 2400 აშშ დოლარი, არამედ 250 აშშ დოლარი. პალატა მიუთითებს, რომ თ. ჩ-მა ამ გარემოებების დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა სათანადო წერილობითი მტკიცებულებები. ასევე, არ მიიჩნია სასამართლომ სათანადო მტკიცებულებად ჩალაურის მიერ მოპოვებული თ. ბჟალავასა და თ. ჩ-ის სიძის, ი. ბ-ას, შორის არსებული საუბრის აუდიოჩანაწერი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სკ-ს 403-ე მუხლის მოთხოვნა და არასწორად უთხრა უარი თ. ბ-ას სესხის ვადის გადაცილების გამო პროცენტის გადახდევინებაზე იმ მოტივით, რომ სესხის ხელშეკრულებით პროცენტი არ იყო გათვალისწინებული.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-ის წარმომადგენელმა ვ. გ-ემ. კასატორი მიუთითებს, რომ მცდარია აუდიო ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების შესახებ, სასამართლოს მსჯელობა. ამასთან, სასამართლომ 403-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეს არასწორად დააკისრა 1200 აშშ დოლარის გადახდა, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის მონაცემები.
კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისროს 250 აშშ დოლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სკ-ს 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სკ სასესხო ურთიერთობაში არსებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დასადგენად აუცილებლად მიიჩნევს წერილობითი მტკიცებულებების არსებობას. აღნიშნული გარემოებების დასადგენად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების გამოყენებას სამოქალაქო კოდექსი დაუშვებლად მიიჩნევს.
სკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სკ-ს და სსკ-ს ქმნიან იმ ნორმების ერთობლიობას, რომელთა შესაბამისად, განისაზღვრება სასესხო ურთიერთობებში ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების სახეები.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აუდიო ჩანაწერი, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მტკიცებულებად, რომლის მეშვეობით, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება რომელიმე გარემოების დადგენა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მონაცემები, ეს გარემოება არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა კანონით განსაზღვრული პროცენტი.
არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თუ საქმეში მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შესახებ მონაცემები, სასამართლო თითქოს უფლებამოსილი არ არის, აუქციონზე დაფიქსირებულ წლიურ საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში გონივრულ ფარგლებში დაადგინოს სესხზე გადასახდელი ან სკ-ს 403-ე მუხლით გათვალისწინებული კანონით განსაზღვრული პროცენტის მოცულობა.
სკ-ს 625-ე მუხლი მუთითებს, რომ სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ უდენობასთან. ეს ნორმა თავისი შინაარსით ბლანკეტურია. ამ ნორმის შესაბამისად იგი შეიცავს მითითებას პროცენტის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის საკითხზე კომპეტენტური ორგანოს, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დაფიქსირებული პროცენტის ზღვრული ოდენობის გამოყენების აუცილებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ სასყიდლიან სესხზე დადგენილი პროცენტის ზღვრული ოდენობა პროცენტის ზღვრული ოდენობის განსაზღვრისათვის მატერიალური ნორმაა. იგი არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მისი წარმოდგენის ტვირთი მხარეს არ ეკისრება. ეს მონაცემები სასამართლომ თვითონ უნდა მოიპოვოს და გამოიყენოს კიდეც.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.