Facebook Twitter

საქმე N010100122005568109

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1057აპ.-22 26 იანვარი, 2023 წელი

ა-ი გ., №1057აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ა–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 10 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ.ბ–ი, .........ის ... ჩიხის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. ა–მა ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი კ. დ–ის დედას - გ. დ–ს, ყელისა და მკლავის არეში ხელის მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენით გ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ა–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 26 სექტემბერს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, გ. ა–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2022 წლის 3 ოქტომბერს გამართლებულ გ. ა–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ–მ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარადგინა შესაგებელი და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. ა–სის ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულმა გ. დ–მ განმარტა, რომ 2022 წლის 10 თებერვალს, რძალთან, გ. ა–სთან მოუხდა შელაპარაკება, რა დროსაც გ–მა მოქაჩა ხელებსა და ყელზე, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი, თუმცა უმნიშვნელო. მართალია მოწმე რ. დ–მ განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა დაადასტურა, რომ 2022 წლის 10 თებერვალს გ–ს და გ–ს მოუვიდათ შელაპარაკება, რის შემდეგაც გ. დ–ს ჰქონდა დაზიანებები. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ თ. გ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ გ. დ–ს ყელისა და მხრის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც შესამოწმებლის განმარტებით, მიაყენა გ. ა–მა. კასატორის პოზიციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ-19 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ,,მართალია, დაზარალებულმა მ.მ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება მეუღლის - შ. მ-ს წინააღმდეგ, თუმცა პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პოლიციაში შეტყობინების ავტორი იყო თავად მსხვერპლი - მ.მ. ასევე, პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული დააკავეს შეტყობინების შესვლიდან მცირე დროში, მ.მ-ის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ.მ-მა (შეტყობინებას რეზოლუცია დაედო 22:29 საათზე, ბრალდებული დააკავეს 22:50 საათზე). დაზარალებულს 2018 წლის 9 იანვარს, 12:08 საათზე, შიდა ქართლის სასამართლო-სამედიცინო განყოფილების შენობაში ჩაუტარეს კვლევა, რის საფუძველზეც გაიცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ის დაზიანებები, რაც გამოკვლევისას აღენიშნებოდა მ.მ-ს, ხოლო ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულია შესამოწმებელი პირის განმარტება იმის თაობაზე, რომ მ. მ-ს ხელის დარტყმის შედეგად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ.მ-მა. ამდენად, შემთხვევიდან (ძალადობიდან და თავისუფლების უკანონო აღკვეთიდან) მცირე დროის გასვლის შემდეგ დაზარალებული ეკონტაქტებოდა შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს, შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებში დაფიქსირებული განმარტებები განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას და პალატას გონივრულად აფიქრებინებს, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში მსხვერპლს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ფაქტები დაემახინჯებინა“.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ა–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. ა–სის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ: შეტყობინებით დგინდება, რომ 2022 წლის 10 თებერვალს გ. დ–სემ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მას რძალმა მიაყენა ფიზიკური დაზიანება. N...... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში კი მითითებულია, რომ გ. დ–სის განმარტებით, 2022 წლის 10 თებერვალს გ. ა–სმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა შეტყობინებასა და შემაკავებელი ორდერის ოქმში აღწერილი არ არის, რა ფორმით იძალადა გ. ა–მა დაზარალებულზე და განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი. ამასთან, გასათვალისწინებელია დაზარალებულ გ. დ–სის ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 10 თებერვალს, ნივთების დაკარგვის გამო, მას და შვილის მეუღლეს - გ. ა–სს მოუხდათ კონფლიქტი, რა დროსაც ეს უკანაკსკნელი აბრალებდა ქურდობას. მან პოლიციაში დარეკა იმიტომ, რომ კონფლიქტს არ მიეღო მწვავე ხასიათი. მან გადმოყარა გ. ა–სის ტანსაცმელი, რის შემდეგაც გ–მა მას უკნიდან მოქაჩა ყელის არეში, რა დროსაც განიცადა უმნიშვნელო ტკივილი. კონფლიქტი განმუხტა შვილმა - კ. დ–მ. თუმცა აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის უშუალოდ შემსწრე პირმა - კ. დ–სემ უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც შეუძლებელია მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გ. ა–სმა დაზარალებულს უკნიდან მოქაჩა ყელის არეში, რა დროსაც მან განიცადა უმნიშვნელო ტკივილი წარმოდგენილი არ არის.

5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გ. ა–სს ბრალი ედება მასში, რომ მან 2022 წლის 10 თებერვალს, საღამოს, მეუღლის დედას - გ. დ–სეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი მოუჭირა ყელისა და მარჯვენა მკლავის არეში. მართალია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 17 თებერვლის ექსპერტიზის N........ დასკვნით დადგინდა, რომ გ. დ–სეს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას (11.02.2022 წ.) მარჯვენა მხრის სახსრის მიდამოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, მარცხენა ლავიწის მიდამოში - ნაჭდევები, კისრის წინა მარცხენა ზედაპირზე - ნაკაწრი. აღნიშნული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, თუმცა გასათვალისწინებელია თავად დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ არ იცის, ვინ მიაყენა მკლავის არეში დაზიანება: გ. ა–სმა, თუ შვილმა - გაშველებისას. სხვა მტკიცებულება კი, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები გ. დ–სემ მიიღო გ. ა–სის ძალადობრივი ქმედების შედეგად, წარმოდგენილი არ არის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტმა თ. გ–მა შეკითხვაზე ,,შესაძლებელია თუ არა აღნიშნული დაზიანებების მიყენება ერთჯერადი მოქმედების შედეგად?“ განმარტა, რომ ეს დამოკიდებულია საგანზე, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო მრავალჯერადი მოქმედების შედეგი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში კი მითითებულია, რომ გ. ა–სმა გ. დ–სეს ხელი მოუჭირა ყელისა და მარჯვენა მკლავის არეში, რაც გამორიცხავს მრავალჯერად მოქმედებას. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.7. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მითითებულმა მოწმემ, რ. დ–მ განმარტა, რომ იგი 2022 წლის 10 თებერვალს გ. ა–სსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტს არ შესწრებია, რადგან შვილიშვილები გაარიდა სიტუაციას და შეიყვანა სხვა ოთახში, მხოლოდ ექსპერტიზაზე წაყვანისას შეამჩნია მეუღლეს დაზიანების კვალი, თუმცა ვინ მიაყენა, არ იცის. აღნიშნული მოწმე არ არის ფაქტის თვითმხილველი, არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიაყენა დაზარალებულს დაზიანება და განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, მისი ჩვენება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

5.9. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ-19 გადაწყვეტილებაზე, თუმცა მითითებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტებიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე