Facebook Twitter

საქმე N 330100121004779921

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№1016აპ-22 25 იანვარი 2023 წელი

ა–ი ა. №1016აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ა–ი (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 12 მაისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ......ის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ა. ა–სმა ხელის კვრითა და ზურგში მუშტის დარტყმით იძალადა დის - მ. ა–სას მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2021 წლის 12 მაისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, .......ის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ა. ა–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას - მ. ა–სას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის რეალიზების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენით ა. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვითა და 8 (რვა) დღით.

2.2. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 12 მაისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, .......ის N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ა–მა ხელის კვრითა და ზურგში მუშტის დარტყმით იძალადა დის - მ. ა–ს მიმართ, რა დროსაც დაზარალებული შეეცადა გაქცეულიყო და მიწაზე დაეცა ზურგით. ძალადობის შედეგად მ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ა. ა–ის გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 21 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, ა. ა–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში სრულად, მათ შორის საქარველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული განაჩენები მუქარის ეპიზოდში ა. ა–ის გამართლების ნაწილში არის უკანონო და არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ბრალდებულის დამ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, არ უნდა აღმოჩნდეს ბრალდებულის ნაწილობრივ გამართლების საფუძველი, რადგანაც საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია სრულად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო პალატის დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაზარალებულების მსგავსი ქცევა უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ნამდვილად არიან ძალადობის მსხვერპლი. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებელი და საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც ისაუბრეს დაზარალებულის მდგომარეობის შესახებ. ინციდენტიდან მცირე ხნის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა განმარტეს, რომ დაზარალებული მათთან საუბარში იყო აღელვებული და შეშინებული, რაც აუცილებელი და სავალდებულო კომპონენტია ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის. ამასთან, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებული ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, მიუთითებდა ძმის მხრიდან ჩადენილ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც. მართალია, სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ნიშნავს მუქარას, თუმცა ცხადია, დაზარალებული არ არის იურისტი და არ მოეთხოვება ტერმინებს ასხვავებდეს ერთმანეთისაგან, თუმცა, როდესაც იგი გამოიკითხა იურისტის - ამ შემთხვევაში გამომძიებლის მიერ, დაზარალებულმა სავსებით გასაგებად აუხსნა მას, რომ ხსენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოხატული იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ იგი ძმის მხრიდან იყო მუქარის მსხვერპლიც. აღნიშნული გარემოებები სხდომაზე ცალსახად დაადასტურა გამომძიებელმა ლ. თ–მ და ისაუბრა დაზარალებულის განმარტებების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას დაზარალებულის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის შესახებ, უზენაესი სასამართლო განიხილავს პირდაპირ მტკიცებულებებად და თავის გადაწყვეტილებაში (No97აპ-20) აღნიშნავს, რომ „სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ მოწმეების: ა. ქ-ს, ვ. თ-სა და პ. წ-ს ჩვენებები, რომლებმაც შემთხვევიდან მალევე პირადად ნახეს, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული და რას განმარტავდა იგი მომხდართან დაკავშირებით.“ ასევე საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც ასახულია დაზარალებულის პასუხები ოქმში მითითებულ კითხვებთან დაკავშირებით, რა დროსაც მან ცალსახად განმარტა, რომ ძმის მხრიდან ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც. საქმეში არსებული ინფორმაციით დასტურდება ისიც, რომ მსჯავრდებული პოლიციის თანამშრომლებს ადგილზე არ დახვედრია, თუმცა სანამ ეს უკანასკნელი სახლში იყო, დაზარალებული დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოს და ითხოვა დახმარება, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებული ძმის მუქარის გამო გრძნობდა რეალურ საფრთხეს და არ უნდოდა მასთან ერთად სახლში ყოფნა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა მუქარის ბრალდების ეპიზოდში ა. ა–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმწირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას მხედველობაში იღებს ცალკეული საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ა. ა–სის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების აღნიშნულ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: დაზარალებულმა მ. ა–მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ძმის, ა. ა–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მოწმე - ფ. ა–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის, ა. ა–სის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ხ.ი ა–ა, პირი, რომლის მიმართაც 2021 წლის 12 მაისს გამოიცა შემაკავებელი ორდერი მ. ა–ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. მოწმემ არ დაადასტურა 2021 წლის 12 მაისს ა. ა–სის მიერ მ. ა–საზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები და განაცხადა, რომ დასახელებულ დღეს, ა. ა–სი დილით, ძალიან ადრე გავიდა სახლიდან სამსახურში და არანაირი კონტაქტი დასთან არ ჰქონია. ხ. ა–ა შვილს - მ. ა–სას ახასიათებდა უარყოფითად, როგორც უკიდურესად აგრესიული. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ა. ა–სს არა მხოლოდ 2021 წლის 12 მაისს, წარსულშიც არასდროს მიუყენებია დისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ოჯახში არასდროს ჰქონიათ კონფლიქტი. მოწმემ განაცხადა, რომ დაზარალებული მ. ა–სა გააგდო სახლიდან, რადგან მისი საჩივრის გამო დააკავეს ა. ა–სი. 12 მაისის შემდეგ მ. ა–სა რამდენიმე თვე ცხოვრობდა თავშესაფარში.

5.7. ბრალდების მხარე მუქარის ეპიზოდში მსჯავრდების საფუძვლად მიუთითებს შემთხვევის ფაქტზე გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებზე, თუმცა სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის შედეგად არ დასტურდება მუქარის შემადგენლობის სავალდებულო ელემენტები: თავად მუქარის სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმა, ასევე მუქარის რეალიზების შიშის დასადგენად საჭირო სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები. ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული პოლიციელების ჩვენებებით, მ. ა–სა აცხადებდა მხოლოდ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე მას პოლიციელებთან არ განუცხადებია. პატრულ-ინსპექტორ ი. მ–ს შეტყობინებაშიც არ არის აღნიშნული მუქარის ფაქტი. სასამართლომ შეაფასა მუქარის შემადგენლობის სავალდებულო ობიექტური ელემენტების არარსებობა მოცემულ საქმეში და აღნიშნა, რომ: „განსახილველ შემთხვევაში გარდა გამომძიებელ ლ. თ–მას ზოგადი მითითებისა მუქარაზე და ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმში მუქარის ზოგადი აღწერილობისა, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, ან თუნდაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა შიშის თანმდევ ფსიქიკურ მდგომარეობას: შფოთვას, ტანჯვას, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა“. ამდენად, ბრალდების მხარეს მუქარის დანაშაულის სავალდებულო ელემენტების დასადგენად არ წარმოუდგენია პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა და გამორიცხავდა აშკარად გამოკვეთილ გონივრულ ეჭვს მითითებულ ბრალდებაში პირის უდანაშაულობის თაობაზე.

5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე