გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-305-987-03 24 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
კასატორის თხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 21 ნოემბერს შპს “ჯ.” გენერალურმა დირექტორმა ი. პ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ჯ. შ-ისა და ა. ლ-ას მიმართ და მოითხოვა მათი პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ შპს-ის კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და სამეწარმეო რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანა.
2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს “ჯ.” სარჩელი დაკმაყოფილდა და ჯ. შ-ე და ა. ლ-ა გარიცხულ იქნენ შპს-ის პარტნიორობიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მაისის გადაწყვეტილებით ა. ლ-ასა და ჯ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ჯ.” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ჯ.” და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
უზენაეს სასამართლოში შპს “ჯ.” საკასაციო საჩივრის განხილვისას კასატორმა წარმოადგინა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც,
1. მხარეები აცხადებენ, რომ მათ შორის არსებულმა სასამართლო დავებმა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შპს “ჯ.” და მის ყველა პარტნიორს, რაც მიუღებელია. მოცემული დავების გადაწყვეტისა და საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მხარეები თანხმდებიან, რომ:
ა) შპს “ჯ.” აცხადებს, რომ მისი მხრიდან მორიგების მიზანია საზოგადოების პარტნიორებს შორის ნორმალური და კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება, რაც გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოების პარტნიორტა კრებამ ნორმალურად უნდა იმუშაოს, რაც ასახვას ჰპოვებს საზოგადოების საქმიანობაზე;
ბ) შპს “ჯ.” აცხადებს და თანახმაა, რომ ჯ. შ-ე და ა. ლ-ა უნდა დარჩნენ საზოგადოების პარტნიორებად და მათ უნდა ჰქონდეთ სამეწარმეო რეესტრში დღეის მდგომარეობით დაფიქსირებული წილები;
გ) ჯ. შ-ე და ა. ლ-ა აცხადებენ, რომ მათი მხრიდან მორიგების მიზანია საზოგადოების პარტნიორებთან, თვით საზოგადოებასთან პარტნიორული და კეთილგანწყობილი ურთიერთობის ასრებობა და სხვა პარტნიორებთან ერთად საზოგადოების წინაშე არსებული ფინანსური და სხვა პრობლემების გადაწყვეტა;
დ) მხარეები თანხმდებიან, რომ საზოგადოების პარტნიორები ჯ. შ-ე და ა. ლ-ა სხვა პარტნიორებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას საზოგადოების მართვაში და მათთან ერთად, საკუთარი წილის პროპორციულად იზრუნებენ საზოგადოების წინაშე არსებული ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტაზე და მიღებული მოგების გადანაწილებაზე თითოეული პარტნიორის წილის შესაბამისად;
ე) მხარეებისათვის ცნობილია, რომ მორიგებით საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მომართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ძალაში შესვლის შემდეგ, ანუ უზენაესი სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისა და შესაბამისი განჩინების გამოტანის მომენტიდან მზად არიან იხელმძღვანელონ მორიგების აქტში მიღწეული შეთანხმებით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, მხარეები სასამართლოში წარმოდგენილ აქტს მიიჩნევენ მორიგების აქტად, მაგრამ თავისი შინაარსით იგი წარმოადგენს არა მორიგებას, არამედ სარჩელზე უარის თქმას. კერძოდ, მხარეთა შეთანხმება ანუ მხარეთა მორიგება არის სასამართლოში საქმის წარმოების დროს მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე და მოპასუხე ურთიერთდათმობის გზით ახლებურად განსაზღვრავენ თავიანთ სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს, რის საფუძველზეც წყვეტენ თავიანთ დავას სასამართლოში. მხარეთა მორიგება სასამართლოში გველინება როგორც ორმხრივი გარიგება, რითაც იგი განსხვავდება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობისაგან (აღიარებისაგან), როგორც ცალმხრივი გარიგებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რაც მათ, როგორც პარტნიორებს საზოგადოების წინაშე და საზოგადოებას – პარტნიორების მიმართ, კანონით ისედაც ეკისრებათ, ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა საზოგადოებიდან პარტნიორების გარიცხვას წარმოადგენდა და იგი დაკმაყოფილდა ამ შემთხვევაში სახეზეა არა მორიგება, არამედ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 49-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ჯ.” მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო საქმის წარმოება.
კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 15 ლარი ეროვნული ბანკის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი – 59) ანგარიშიდან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.