Facebook Twitter

საქმე N 020100120004233405

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1196აპ.-22 26 იანვარი, 2023 წელი

ბ–ა კ., №1196აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ბ–ა (პირადი ნომერი: .) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 29 მაისს ქ.ზ–ში, ...........ის ქუჩა №...-ში მდებარე სს ,,...... ბანკის“ ზ–ს ფილიალში, კ. ბ–მ, ამავე ბანკის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააფორმა საბანკო კრედიტის (ავტოსესხი) და გირავნობის №......... ხელშეკრულებები, რა დროსაც მან მოატყუა სს ,,....... ბანკის“ უფლებამოსილი თანამშრომელი, რომ თითქოსდა, ბანკის წინაშე ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებას შეასრულებდა პირნათლად და გარანტად წარადგინა კუთვნილი „VOLKSWVAGEN-JETA TDI-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სანომრე ნიშნით .........

კომპანიისაგან საბანკო კრედიტის (ავტოსესხი) სახით მიღებული 7500 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდგომ მან არცერთხელ არ შეასრულა ნაკისრი ფინანსური ვალდებულება, ამასთან, არ წარადგინა მოთხოვნილი უზრუნველყოფის საშუალება - ავტომანქანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა სს ,,....... ბანკის“ კუთვნილი 7500 ლარი, რის შედეგადაც ბანკს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით კ. ბ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, კ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 10 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, კ. ბ–აას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან მოწმეების - ლ. კ–ს, თ. დ–ს, ი. თ–ს, ე. ჭ–ს ჩვენებები, მოწმეების - გ. გ–ს, ც. ბ–ს და ნ. კ–ს გამოკითხვის ოქმები, სს „........ ბანკიდან“ და კერძო აღმასრულებლისგან ამოღებული მასალები, ჩხრეკის ოქმი, 2020 წლის 22 ოქტომბრის წერილი შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, თანდართული მასალით ავტომანქანის საზღვრის კვეთის თაობაზე, 2020 წლის 21 ოქტომბრის წერილი შსს-ს მომსახურების სააგენტოდან და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა სრულად ადასტურებს კ. ბ–ს ბრალეულობას. სასამართლოს მსჯელობა, რომ ვერ დადგინდა კ. ბ–აას მიერ სესხის თანხის მოტყუებით დაუფლება და ვერ გამოიკვეთა „მოტყუების“ კომპონენტი, არის არასწორი, რადგან ის, რომ კ. ბ–აა სს „....... ბანკისთვის“ სესხის სახით აღებული 7500 ლარის გადახდას არ აპირებდა, იკვეთება თავდაპირველად კ. ბ–ას საკუთრებაში არსებული, ხელშეკრულების საგნის - ,,VOLKSWAGEN-JETA TDI-ის“ მარკის ავტომანქანის გადაფორმებით, კერძოდ: შსს-ს მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 21 ოქტომბრის წერილით ირკვევა, რომ აღნიშნული ავტომანქანა კ. ბ–ს საკუთრებაში გაფორმდა 2020 წლის 29 მაისს და იმავე დღეს კ. ბ–სა და სს „.......... ბანკს“ შორის დაიდო ავტოსესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები. ამასთან, კ. ბ–აას მეზობლის - ე. ჭ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული ავტომანქანა კ. ბ–ს საკუთრებაში არ ჰყოლია და სახლში არ მიუყვანია, რაც ასევე დასტურდება კ. ბ–ს დედის - გ. გ–ს გამოკითხვის ოქმით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 29 მაისამდე ეს ავტომანქანა რეგისტრირებული იყო მოქალაქე ც. ბ–ს სახელზე, რომლის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მის საკუთრებაში არსებული ეს ავტომანქანა გაფორმდა ფორმალურად. მას კ. ბ–აა გააცნო ნ. კ–მ, რომელიც იმხილება ,,Volkswagen Passat-ის“ მარკის ავტომობილის თაღლითურად დაუფლებაში. გარდა ამისა, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ნ. კ–ს მიმართ ,,Volkswagen Jetta-ს“ მარკის ავტომანქანის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რაზეც დაკავების განჩინებაა გაცემული. ნ. კ–აა ასევე ნასამართლევია ავტომანქანის თაღლითობით დაუფლებისთვის. იგი ასევე დამატებით პირად ფიქსირდება კ. ბ–აას სს „......... ბანკთან“ გაფორმებულ ავტოსესხის ხელშეკრულებაში და საზღვარზე ,,VOLKSWAGEN-JETA TDI-ის“ მარკის ავტომანქანა სწორედ მან გადაიყვანა. ყველა შემთხვევაში დანაშაულის საგნად გამოყენებულია ,,Volkswagen-ის“ მარკის ავტომანქანა. აღნიშნულ პირთა ურთიერთკავშირი ამყარებს კ. ბ–ს თაღლითობის განზრახვას. კ. ბ–ს მიერ სს „....... ბანკის“ მოტყუების კომპონენტზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ავტოსესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საგნად გამოყენებული ავტომანქანა, რომლითაც თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უნდა დააკმაყოფილებულიყო კრედიტორი ხელშეკრულების გაფორმებიდან (29.05.2020 წ.) 5 დღეში - 2020 წლის 3 ივნისს კ. ბ–მ, ნ. კ–ს მეშვეობით, ბათუმის პორტის გავლით გაიყვანა საზღვარზე. თუ იგი კეთილსინდისიერი კონტრაჰენტია, ავტომანქანის საზღვარზე გაყვანის შედეგად მისი რეალიზებით მიღებული თანხიდან რატომ არ გადაიხადა სს „......... ბანკისთვის“ თუნდაც ივნისში გადასახდელი სესხის თანხა. ამასთან, მან საერთოდ არ გადაიხადა სესხის გარკვეული ნაწილი. კასატორი ასევე უთითებს, რომ კ. ბ–ს შემთხვევა არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ დავას, რადგან ავტომანქანის კ. ბ–აას სახელზე გადაფორმებისა და სესხის გაფორმების თარიღები, ავტომანქანის კ. ბ–ს სახელზე ფორმალური რეგისტრაციის საკითხი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში ავტომანქანის საზღვარზე გაყვანა მიუთითებს კ. ბ–ს მიერ ავტომანქანის თაღლითობის საგნად გამოყენებაზე, ასევე, მის განზრახვაზე, რომ არ სურდა სესხად აღებული თანხის ბანკისთვის დაბრუნება. მან ბანკს მოუსპო შესაძლებლობა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სასესხო ვალდებულება უზრუნველეყო ავტომანქანის რეალიზაციის გზით. აღნიშნული ადასტურებს, რომ კ. ბ–აა სესხის გაფორმების მომენტშიც არ იყო კეთილსინდისიერი. კ. ბ–აას შემთხვევა არ იყო სესხის აღების შემდეგ მატერიალური შეუძლებლობის გამო სესხის ვერგადახდა, იგი სესხის აღების მომენტშიც არ იყო იმ შესაძლებლობის მქონე, რომ 36 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 365,69 ლარი გადაეხადა. კ. ბ–აას ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, არ მუშაობენ, აქვთ მიზერული შემოსავალი, მისი დედა არის პენსიონერი, კ. ბ–აა დაავადებულია ,,ცე ჰეპატიტით“, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. მას ეს გარემოებები ჰქონდა სესხის გაფორმების მომენტშიც, თუმცა მან სს „......... ბანკიდან“ აიღო სესხი - 7500 ლარი, იმ მიზნით, რომ არ გადაიხდიდა. მან მხოლოდ მას შემდეგ შეასრულა სასესხო ვალდებულება, რაც გამოძიება დაიწყო და ბრალი წარედგინა. შესაბამისად, სასამართლოს განმარტება, რომ კ. ბ–აა ცდილობდა სასესხო ვალდებულების შესრულებას და მას მუდმივად ჰქონდა კონტაქტი ბანკის წარმომადგენელთან, რომელსაც ჰპირდებოდა სესხის გადახდას არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან თაღლითობის ამსრულებელი ხშირად არ ავლენს თავის განზრახვას და ატყუებს დაზარალებულს, რომ ვალდებულებას შეასრულებს, რაც დროში იწელება. ის ფაქტი, რომ კ. ბ–აამ ეტაპობრივად სრულად დაფარა მის მიერ ნაკისრი სასესხო ვალდებულება, თაღლითობის განზრახვას არ გამორიცხავს, პირიქით, ამყარებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. ბ–აას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს კ. ბ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დამნაშავე ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას, რაც გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან/და გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის ან მფლობელის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კ. ბ–მ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს „......... ბანკისგან“ ნამდვილად მიიღო სესხი - 7500 ლარი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად კი გირავნობით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ,,VOLKSWVAGEN-JETA TDI-ს“ მარკის ავტომანქანა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე იროდიონ თოდუას ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ იგი მუშაობს კერძო აღმასრულებლად. 2020 წლის 23 ივლისს მიმართა სს „...... ბანკის“ წარმომადგენელმა, დ. ვ–მა და წარადგინა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა, რომელიც ითვალისწინებდა დამგირავებელ კ. ბ–სთვის ,,VOLKSWAGEN-JETA TDI-ის“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ......., ჩამორთმევას და კრედიტორ სს „...... ბანკისთვის“ გადაცემას, რის საფუძველზეც დაიწყო აღსრულება. ამის შემდეგ კ. ბ–ს გაეგზავნა შეტყობინება, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველეყო ჩამორთმევას დაქვემდებარებული ნივთის აღმასრულებელთან ან სს „...... ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში წარდგენა. გარდა ამისა, ავტომანქანა გადაეცა დაკავებაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით კი გაირკვა, რომ 2020 წლის 3 ივნისს აღნიშნულმა ავტომანქანამ ბ–ს პორტის გავლით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. 2020 წლის 18 ნოემბერს მან მიიღო სს „.......... ბანკის“ განცხადება-წერილი, რომ კ. ბ–აას ავტომანქანა მოხსნილიყო ძებნა-დაკავებიდან და გირავნობის მოწმობა ჩათვლილიყო აღსრულებულად, რადგან კ. ბ–მ დაფარა სს „........ ბანკის“ მიმართ არსებული დავალიანება. შესაბამისად, 2020 წლის 18 ნოემბერს დასრულდა სააღსრულებო საქმე. აღნიშნული თანხვდენილია მოწმე თ. დ–ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ 2020 წლის 29 მაისს სს „...... ბანკის“ მიერ კ. ბ–ააზე, მის საკუთრებაში რიცხული ,,VOLKSWAGEN-JETA TDI-ის“ მარკის ავტომანქანის უზრუნველყოფით, გაიცა სესხი - 7500 ლარი და მას 36 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად ბანკისთვის უნდა გადაეხადა 365,69 ლარი. მას პირველი გადახდა უწევდა 2020 წლის 29 ივნისს, რაც არ გადაუხდია, ავტომანქანა კი გაიყვანა საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას არაერთხელ ჰქონდა კ. ბ–სთან სატელეფონო კონტაქტი და გაეგზავნა გაფრთხილების წერილიც, რომ დავალიანება დაეფარა 14 დღეში. მოგვიანებით ბანკმა მიმართა აღმასრულებელს. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა კ. ბ–ას მეუღლე და თანხის შესატანად ითხოვა დრო. კ. ბ–მ პირველად 2020 წლის 18 აგვისტოს შეიტანა თანხა - 750 ლარი, ხოლო გამომძიებელთან დაბარების შემდეგ - 2020 წლის 13 ნოემბერს შეიტანეს 6800 ლარი და 17 ნოემბერს - 1170 ლარი, რითაც სრულად დაფარეს სს „.......... ბანკის“ წინაშე არსებული დავალიანება. აღნიშნული გამყარებულია სს ,,......... ბანკის“ სასამართლო დავების განყოფილების უფროსის, ს. მ–ს 2020 წლის 8 დეკემბრის წერილით, რომლითაც დგინდება, რომ სს ,,......... ბანკის“ მიმართ კ. ბ–ს დავალიანება დაფარულია სრულად და ბანკს მის მიმართ ფინანსურ ნაწილში პრეტენზია არ აქვს. მართალია, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ კ. ბ–აა დროულად არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და თანხას გრაფიკით განსაზღვრულ დროს არ იხდიდა, რის გამოც დაუფიქსირდა რამდენიმე ვადაგადაცილება, თუმცა აღსანიშნავია, რომ კ. ბ–მ სს „......... ბანკში“ თანხა - 750 ლარი პირველად შეიტანა გამოძიების დაწყებამდე - 2020 წლის 18 აგვისტოს, 2020 წლის 13 ნოემბერს შეიტანა 6800 ლარი, ხოლო 2020 წლის 17 ნოემბერს - 1170 ლარი, რითაც სრულად დაიფარა სს „......... ბანკის“ მიმართ მისი დავალიანება. აღსანიშნავია, რომ თაღლითობას, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ურთიერთობისგან განასხვავებს მოტყუების ხერხის გამოყენება. თანხის დათქმულ ვადაში დაუბრუნებლობა კი ავტომატურად არ მიუთითებს მოტყუებაზე. მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს თანხის დაუბრუნებლობის მიზეზები, რომლებიც შესაძლოა იყო თანხის მიღების შემდეგ განვითარებული მოვლენები და არა მოტყუება. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში კ. ბ–ა გრაფიკით განსაზღვრულ დროს არ იხდიდა სესხის თანხას, რის გამოც დაუფიქსირდა რამდენიმე ვადაგადაცილება, მან სესხი სრულად დაფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე - 36 თვეზე ადრე - 5 თვეში და ბრალის წარდგენის მომენტისთვის - 2020 წლის 25 დეკემბრისთვის მას სს ,,......... ბანკში“ დავალიანება აღარ ერიცხებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულით კი უტყუარად არ დასტურდება, რომ სესხის აღების მომენტში კ. ბ–აას ამოძრავებდა სს „......... ბანკის“ მოტყუების განზრახვა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება კ. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე