Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-308-984-03 18 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: მორიგების განჩინების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1990წ. 13 ნოემბერს გ. ბ-ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა მ. ბ-ესთან.

1996წ. 11 დეკემბერს მ. ბ-ემ შეიძინა ქ.თბილისში ... ¹77 მდებარე სამოთახიანი ბინა.

ქ.თბილისში ... ¹2 მდებარე ბინა შეძენილ იქნა 1998წ. 12 მარტს, რომელიც ასევე აღირიცხა მ. ბ-ის სახელზე.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთლოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გ. და მ. ბ-ებს შორის ქორწინება შეწყდა.

2001წ. 14 ივნისს გ. ბ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მ. ბ-ის მიმართ. ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.

2001წ. 18 სექტემბერს სასამართლომ გამოიტანა განჩინება მხარეთა მორიგებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მორიგება მოხდა შემდეგი პირობებით: ქ.თბილისში ... ¹77 მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში მიეცა გ. ბ-ეს. მასვე გადაეცა ... ¹2 მდებარე საცხოვრებელი ბინაც.

გ. ბ-ემ იკისრა ვალდებულება, რომ შვილის – ს. ბ-ის სრულწლოვანებამდე არ გაასხვისებს ... ¹77 მდებარე საცხოვრერბელ ბინას, ხოლო სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ გადასცემს მას საკუთრებაში. გ. ბ-ე ყოველთვიურად გადაუხდის მ. ბ-ეს სარჩოს სახით 100 აშშ დოლარს; მონაწილეობას მიიღებს შვილის აღზრდაში შესაძლებლობის ფარგლებში და უზრუნველყოფს მას საჭირო ფინანსური სახსრებით;

2001წ. დეკემბერში ორივე ბინა მორიგების განჩინების საფუძველზე აღირიცხა გ. ბ-ის სახელზე.

2001წ. 9 ივნისს და 19 ივლისს მ. ბ-ეს დადებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები: ... ¹77 მდებარე ბინაზე მ. დ-თან, ხოლო ... ¹2 არსებულ ფართზე – მ. ჩ-თან, რომელიც საჯარო რეესტში არ ყოფილა რეგისტრირებული.

2002წ. ივლისში ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შეტანილი განცხადებებით მ. დ-მა და მ. ჩ-მა მოითხოვეს 2001წ. 18 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ მორიგება შეეხო მ. ბ-ისაგან შეძენილ საცხოვრებელ ბინებს, რითაც დაირღვა მათი, როგორც კეთილსინდისიერ შემძენთა ინტერესები.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ნოემბრის განჩინებით მ. ჩ-ს და მ. დ-ს უარი ეთქვათ განცხადებების დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიუთითა, რომ მ.დ-ი და მ.ჩ-ი ვერ იქნებოდნენ მხარეებად ჩაბმულნი მორიგებით დამთავრებულ საქმეში, რადგან დავის საგანი და საფუძველი იყო საქორწინო ურთიერთობის პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა.

მ.დადიანმა და მ.ჩოფლიანმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინებით რაიონული სასამართლოს განჩინება დატოვებულ იქნა უცვლელად.

მ. ჩ-ი და მ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მორიგების შედეგად მათ მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი; საქმეში მხარედ ჩართვის შემთხვევაში უყრუნველყოფილი იქნებოდა შეძენილ ბინებში გადახდილი თანხების მ. ბ-ისაგან დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი, თუ მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

ყოფილი მეუღლეების გ. და მ. ბ-ების ქონებრივი დავის განხილვისას საქმეში მხარედ არ უნდა ყოფილიყვნენ ჩაბმული მ. დ-ი და მ. ჩ-ი. მათ მიერ მ. ბ-ესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და სკ-ს 183-ე მუხლის შესაბამისად კასატორებს სადავო ბინებზე არ წარმოეშვათ საკუთრების უფლება. საქმის განხილვაში სასამართლო არ იყო მოვალე დაედგინა და მონაწილეობის მისაღებად მოეწვია ის პირები, რომლებსაც შეიძლება ჰქონოდათ პრეტენზია სადავო ქონებაზე.

თუ კასატორები თვლიან, რომ სადავო ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების შედეგად მ. ბ-ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მათ რჩებათ უფლება აღძრან სარჩელი გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ.

სასამართლომ სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს და მიიღო კანონის შესაბამისი განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჩ-ის და მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.