გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-309-973-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: დაბადების მოწმობიდან მამის გვარისა და სახელის ამოღება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 1966 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ზ-ესთან. 1967 წელს, ერთად ცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილი გ. ხ-ი, რომელიც წლების მანძილზე ეგონა საკუთარი შვილი. ქორწინებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ შეიტყო, რომ ვინმე ფ. (ფ.) ფ-ი, მისი სახლში არ ყოფნის დროს დადიოდა მის მეუღლესთან ნ.ზ-ესთან. გ. ხ-ისგან შემთხვევით მოისმინა ნათქვამი, რომ აქვს სისხლის II ჯგ (-) რეზუსით. თვითონ მას III ჯგუფის (+) რეზუსფაქტორის სისხლი აქვს, ხოლო ნ. ზ-ეს I ჯგუფი (+) რეზუსით, რაც იმის დამადასტურებელია, რომ გ. ხ-ი მისი შვილი არ არის. რ. ხ-მა მოითხოვა გ. ხ-ის დაბადების მოწმობიდან ამოიღონ მისი გვარი და სახელი, ატაროს ნამდვილი მამის გვარი _ “ფ.”.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართოს 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ რ. ხ-ს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცება იმისა, რასაც სარჩელით ითხოვდა; ამასთან, დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისადმი მიწერილ წერილებში რ.ხ-ი გ. ხ-ს მოიხსენიებს, როგორც მის შვილს; გ. ხ-ს ჯერ კიდევ მისი დაბადების მომენტიდანვე მიენიჭა მამის გვარი _ ხ-ი.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინებით რ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეები 1966 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას, ერთად არჩენდნენ ბავშვს – გ. ხ-ს და მონაწილეობას ღებულობდნენ მის აღზრდაში.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ხ-მა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ზ-ემ მოსარჩელესთან ფიქტიურად იქორწინა; ნ. ზ-ეს ჰყავდა ოფიციალური საქმრო – ფ-ი, რომელთანაც შეეძინა შვილი გ. ხ-ი, რომელსაც აქვს II ჯგუფის (-) რეზუსის სისხლი. მოსარჩელეს III (+) რეზუსის, ხოლო ნ. ზ-ეს I ჯგუფის (+) რეზუსფაქტორის სისხლი აქვს. ამდენად, გ. ხ-ი არ შეიძლება იყოს თავისი შვილი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე რ. ხ-ი მოპასუხე ნ. ზ-ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 1966 წლიდან. ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში 1967 წელს შეეძინათ შვილი – გ. ხ-ი. იმ დროს მოქმედი საქორწინო საოჯახო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, შვილის წარმოშობა დაქორწინებულ მშობლებისაგან დასტურდება ჩანაწერით მშობელთა ქორწინების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, შვილის, გ. ხ-ის მამად მოსარჩელის ჩაწერა მოხდა მოსარჩელის რ. ხ-ისა და ნ. ზღაპრაძის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის საფუძველზე. რ. ხ-ს 35 წლის მანძილზე აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია. იგი ზრუნავდა შვილზე და მონაწილეობას იღებდა მის აღზრდაში ბავშვის სრულწლოვანებამდე. საქორწინო-საოჯახო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ბავშვის დედად და მამად ჩაწერილ პირს უფლება აქვს სადავოდ გახადოს ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როცა ცნობილი გახდა ჩანაწერის შესახებ, ხ-ი კი აღნიშნულ ჩანაწერს სადავოს ხდის 35 წლის შემდეგ. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან შვილს გ. ხ-ს მე-2 ჯგუფის სისხლი აქვს, იგი არ შეიძლება იყოს მისი შვილი, რადგან მას აქვს III ჯგუფის (+) რეზუსფაქტორის, ხოლო მის მეუღლეს I (+) ჯგუფის სისხლი. საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომ გ. ხ-ს აქვს არა მე-2 (+), არამედ I ჯგუფის სისხლი, როგორც დედა ნ. ზ-ეს. მტკიცება იმისა, რომ მოპასუხე გ. ხ-ის მამა არის არა მოსარჩელე, არამედ სხვა პიროვნება, ვინმე ფ-ი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.