ას-311-970-03 7 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სადაზღვევო თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 8 მაისს ქარელის რაიონის სოფ.... მხრიდან ქარელის მიმართულებით მიმავალ BMჭ-320 მარკის ავტომანქანით, რომელსაც მართავდა ზ. დ-ლი, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ზ. ა-ი და გ. ზ-ი.
ზ. და გ. ა-ების წარმომადგენელმა ზ. კ-მა და ა. ზ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს სადაზღვევო კომპანია “მ.” წინააღმდეგ და მოითხოვეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის წევრებზე კანონით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება, თითოეულ გარდაცვლილზე 3750 ლარის ოდენობით, სადაზღვევო თანხის დაუსაბუთებლად გაუცემლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1% 2002წ. 28 ივნისიდან გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს ადვოკატის მიერ მოსარჩელეებისათვის გაწეული დახმარების საზღაური დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანას მართავდა ზ. დ-ი. მათ მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად ქ. გორის ნოტარიუსის მიერ ერთ დღეს ერთი ნორმით რეესტრში გატარებულია ორი მინდობილობა, რომლითაც ავტომანქანის მესაკუთრე ავტომანქანას სამართავად გადასცემს ი. გ-ეს და ზ. დ-ს. მათი მოსაზრებით ზ. დ-მა ი. გ-ისაგან შეიძინა ავტომანქანა. მოსარჩელეებმა სადაზღვევო თანხის ასანაზღაურებლად უნდა მიმართოს სადაზღვევო ფონდს, რადგან ავტომანქანა გასხვისებული იყო, რა დროსაც კანონის თანახმად დაზღვევა ითვლება ძალადაკარგულად.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელს ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2002წ. 8 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ზ. ა-ი და გ. ზ-ი. ავტომანქანას, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მართავდა ზ. დ-ი. ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. მ-ე, რომელმაც 2001წ. 28 აგვისტოს ავტომანქანა მართვის უფლებით გადასცა ი. გ-ეს და ზ. დ-ს 3 წლის ვადით.
სააპელაციო პალატამ, მოპასუხეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ ავტომანქანა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მ. მ-ის მიერ გასხვისებული იყო, არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ ავტომანქანის მართვის უფლებით გადაცემა არ ნიშნავს მის გასხვისებას.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული იყო ავტომანქანის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად გარდაიცვალა ზ. ა-ი და გ. ზ-ი.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 843-ე, 999-ე მუხლები, “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4 მუხლები და მიიჩნია, რომ დაზღვეულის პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი ავტომანქანის ექსპლუატაციას. სადაზღვევო პოლისით კი იფარება ავტომანქანის ექსპლუატაციით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა. უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზიანისათვის კომპენსაცია დამზღვევისაგან, კონკრეტული ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობისაგან დამოუკიდებლად.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დროს ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილია დაზარალებული და სადაზღვევო კომპანია მოვალეა დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-11 მუხლი, რომლის თანახმად დაზარალებულს სიკვდილის შემთხვევაში სადაზღვევო თანხის სიდიდე შეადგენს 3750 ლარს, ამავე კანონის მე-20 მუხლი, რომლის თანახმად მიყენებული ზიანისათვის საზღაურის გაცემის დაუსაბუთებლად შეჩერების შემთხვევაში მზღვეველი დაზარალებულს უხდის ყოველ გადაცილებულ დღისათვის გადასახდელი თანხის 0,1%-ს, და 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილებით გააუქმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანია “მ.” ზ. კ-ის სასარგებლოდ დააკისრა 3750 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა ა. ზ-ის სასარგებლოდ 3750 ლარის ხოლო ყოველგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 01% 2002წ. 28 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოპასუხეს ა. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 165 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სადაზღვევო კომპანია “მ.” წარმომადგენლებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონის მე-4 მუხლი, არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 999-ე მუხლის I ნაწილი და უნდა გამოეყენებინა 999-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არ გამოიყენა.
კასატორს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას მფლობელის ნებართვის გარეშე.
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს ასევე არ შეუფასებია წერილობითი მტკიცებულებები სადაზღვევო კომპანია “მ.” და საქართველოს შს საგამოძიებო დეპარტამენტის ქარელის ქ/განყოფილების გამომძიებლის მიერ გაცემული ცნობები, რომელთა მიხედვით მტკიცდება, რომ ზ. დ-ის მიერ სატრანსპორტო საშუალების არამართლზომიერად ფლობის ფაქტი. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ ზ. დ-ს, 2000წ. 5 სექტემბერს ა/მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისათვის ქ. გორის შს სამმართველოს ს/პოლიციის მიერ აეკრძალა მართვის უფლება 24 თვით ე.ი 2002წ. 5 სექტემბრამდე.
კასატორს მიაჩნია, რომ ზ. დ-ზე გაცემული მინდობილობა არ არის ნამდვილი, ამასთან მინდობილობა ნამდვილიც რომ ყოფილიყო ავტომანქანის მესაკუთრეს, 2002წ. 8 მაისს იგი უკანონოდ მართავდა ავტომანქანას, შესაბამისად იგი არამართლზომიერად განაგებდა მას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ 2002წ. 8 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ ზ. ა-ი და გ. ზ-ი. ავტომანქანას, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მართავდა ზ. დ-ი, ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. მ-ე, რომელმაც 2001წ. 28 აგვისტოს ავტომანქანა მართვის უფლებით გადასცა ი. გ-ეს და ზ. დ-ს 3 წლის ვადით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული იყო ავტომანქანის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად გარდაიცვალა ზ. ა-ი და გ. ზ-ი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სავალდებულოა სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 999-ე მუხლის 1 ნაწილი.
“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ბ’’ პუნქტის თანახმად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელი არის ნებისმიერი პირი, რომლის საკუთრებაშია ავტომოტოტრანსპორტი ან მართლზომიერად განაგებს მას.
სკ-ს 999-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანეები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
სკ-ს 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამასთან მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
მითითებული ნორმის თანახმად მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოიშობა, თუ იგი სატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია ავტომანქანის სამართავად, ანდა მფლობელის ბრალის გამო შესაძლებელი გახდა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება. აქედან გამომდინარე მფლობელის ზიანის ანაზრაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრა ეფუძნება იურიდიულ და არა ფიზიკურ მფლობელობას.
ამდენად, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზ. დ-ზე გაცემული მინდობილობა არ არის ნამდვილი და იგი ავტომანქანას მართავდა მფლობელის ნებართვის გარეშე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან არ არის დადგენილი, რომ ავტომანქანა მ. მ-ის მფლობელობიდან გამოვიდა სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ან მისი ბრალის გარეშე გახდა შესაძლებელი მისი ავტომანქანის გამოყენება.
სკ-ს 843-ე მუხლი ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობას სავალდებულო დაზღვევისას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მზღვეველი მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია დამზღვევის წინაშე მოვალეობისაგან, მისი პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ძალაშია სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ავტოტრანსპორტის მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ყოველ ავტომოტოტრანსპორტზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ავტომოტოტრანსპორტის მფლობელს ეძლევა სადაზღვევო პოლისი წარმდგენზე, რომელშიც ფიქსირდება ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები.
სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი კისრულობს ვალდებულებას ამ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში გაათავისუფლოს დაზღვეული იმ მატერიალური პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო (მუხლი 4).
ამდენად, ავტომანქანის მფლობელები მოვალენი არიან დააზღვიონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. დაზღვეულის პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი ავტომანქანის ექსპლუატაციას, ე.ი. არა აქვს მნიშვნელობა ვინ მართავს ავტომანქანას, ზიანი უნდა მოჰყვეს დაზღვეულის ავტომანქანის ექსპლუატაციას. სადაზღვევო პოლისით იფარება ავტომობილის ექსპლუატაციით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა. აღნიშნულის დადასტურებაა ის გარემოება, რომ დაზღვევის ვალდებულების შესრულება კონტროლდება ხელისუფლების მხრიდან. საგზაო პოლიციის ორგანოებს ევალებათ არ გაატარონ ტექნიკურ დათვალიერებაზე ის ავტომოტოტრანსპორტი, რომლის მფლობელსაც გაფორმებული არა აქვს შესაბამისი დაზღვევა (მუხლი 6).
სარჩელზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზ. დ-ს ჩამორთმეული ქონდა ავტომანქანის მართვის უფლება.
უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს მიყენებული ზიანისათვის კომპენსაცია დამზღვევისაგან კონკრეტული ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობისაგან დამოუკიდებლად. თავის მხრივ დამზღვევს შეუძლია რეგრესული სარჩელი წარადგინოს ზიანის მიმყენებლის წინააღმდეგ.
“ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონის მე-17 მუხლის თანახმად მზღვეველს, რომელმაც დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი, უფლება აქვს მფლობელს რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა შემდეგ შემთხვევებში:
ა)ზიანის განზრახ მიყენებისას;
ბ)ავტომოტოტრანსპორტის ალკოჰოლური, ტოქსიკური ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას;
გ)მართვის უფლების გარეშე ავტომოტოტრანსპორტის მართვისას.
მოთხოვნა რეგრესის წესით წარედგინებათ აგრეთვე პირებს, რომლებიც არაკანონიერად ფლობდნენ ავტომოტოტრანსპორტს, აგრეთვე ტექნიკურ დათვალიერებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, თუ დადასტურდა ავტომოტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების წესების დარღვევით გატარების ფაქტი.
ამდენად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დროს ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილია დაზარალებული მესამე პირის დარღვეული უფლებების დაცვა. სადაზღვევო კომპანიის პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე ამ კანონის თანახმად ძალაშია. სადაზღვევო კომპანია მოვალეა დაზარალებულს აუნაზღაუროს ზიანი და შემდგომ კი რეგრესული სარჩელით მოითხოვოს ბრალეული პირისაგან გადახდილი თანხების დაბრუნება.
ამ კანონის 22-ე მუხლის თანახმად დაზარალებულის ინტერესები დაცულია ასევე იმ შემთხვევაში, როცა ზიანი გამოწვეულია დაუზღვეველი ავტომოტოტრანსპორტით, დაუდგენელი და გატაცებული ავტომოტოტრანსპორტით. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან.
მოცემულ საქმეზე ავტომანქანა, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დადგენილია. ავტომანქანა გატაცებული არ ყოფილა და ამ ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობა დაზღვეული იყო მოპასუხე სადაზღვევო კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის ფონდიდან ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება. დაზარალებულს ზიანი უნდა აუნაზღაუროს მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ, რადგან ამ კომპანიის მიერ დაზღვეული იყო ავტომანქანის მფლობელის _ მ. მ-ის პასუხისმგებლობა და მისი ავტომანქანის ექსპლუატაციის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სადაზღვევო კომპანია ,,მ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.