¹ ას-312-969-03 19 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ-მა სარჩელი აღძრა დ. ო-ის წინააღმდეგ და მოითხოვა სადარბაზო შესასვლელის გახსნა. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი საფუძველით: მან 1992 წელს მოპასუხეს თანხმობა მისცა დროებით დაეკავებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო შესასვლელი რათა ეწარმოებინა კომერციული საქმიანობა, რადგან ოჯახს მატერიალურად უჭირდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას, ამჟამად, აღარ შესწევს ძალა და უჭირს შემოვლით სიარული, რის გამოც შესასვლელი გაეთავიფუფლებინა, რაზედაც უარი მიიღო.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადარბაზო შესასვლელი კანონიერად აქვს დაკავებული. იმ პერიოდისათვის, როცა მან სადავო ფართი დაიკავა, ჰქონდა როგორც მეზობლების თანხმობა, ასევე ფართის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილება. ამჟამად არის მძიმე ავადმყოფი, ეწევა კანონიერ სამეწარმეო საქმიანობს, მის მიერ სადავო ფართის მოწყობაზე დახარჯულია საკმაოდ დიდი სახსრები და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი დაზარალდება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
1994წ. 27 იანვარს რუსთავის მერიასთან არსებული საუწყებათაშორისო კომისიის ¹1 ოქმით ერთი პირის საწარმო “გოგას” დამფუძნებელს დ.ო-ეს ნება დაერთო რუსთავში, ... სახლის მე-3 სადარბაზოში მოეწყო კომერციული მაღაზია. უდავოა, რომ დ.ო-ეს მეზობლებმა, მათ შორის მოსარჩელემ ნება დართეს სადარბაზო შესასვლელში მოეწყო მაღაზია. ამჟამად მაღაზია არ ფუნქციონირებს, მოსარჩელე ინვალიდია და უჭირს შემოვლით სადარბაზოში სიარული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუველზე სადავო ფართი ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. 218-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 220-ე მუხლეით, ყოველი ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს საერთო საკუთრებით. მეზობლებმა მოპასუხეს სკ-ს 615-ე მუხლის საფუძველზე დროებით ათხოვეს საერთო საკუთრების ობიექტი, რომელიც მან უნდა დააბრუნოს.
აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა დ. ო-ემ. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 152-ე, 161-ე მუხლები, რადგან იგი სადაფო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელია. ამასთან, მიუთითებს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთაგან მხოლოდ მ. ბ-ი მოითხოვს სადარბაზო შესასვლელის გახსნას და არა მობინადრეთა ნახევარზე მეტი, როგორც ამას სკ-ს 224-ე მუხლის პირველი ნაწილი და 228-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო შესასვლელის გათავისუფლება, რომელიც მოპასუხემ ადრე მოპასუხეების თანხმობით ჩაკეტა. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სწორად მიუთითა სკ-ს 208-ე მუხლის მესამე ნაწილით კანონზე, რომლითაც იხელმძღვანელა. კერძოდ, დადგენილია, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. აქედან გამომდინარე, სადარბაზო შესასვლელი – მობინადრეთა საერთო საკუთრებაა, რომლითაც თითოეულმა მობინეადრემ ისე უნდა ისარგებლოს, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები. სკ-ს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ე.ი. იგი იურიდიული და ფაქტობრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, აქედან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორად მიუთითა კანონზე, რომლითაც იხელმძღვანელა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 159-ე, 161-ე მუხლები, რადგან იგი სადავო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელია. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმები ადგენენ კეთილსინდსიერ მფლობელობას და კეთილსინდსიერ მფლობელის უფლებას მოსთხოვოს სხვა პირს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. განსახილველ შემთხვევაში კი მესაკუთრე ითხოვს ხელშეშლის აღკვეთას 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც მესაკუთრის დასაბუთებული პრეტენზიაა.
პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას 224-ე, 225-ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ ნებისმიერ მობინადრეს აქვს უფლება მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, თუ მისი კანონით დაცული უფლებები ილახება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოქრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.