Facebook Twitter

საქმე N 330100121005257928

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1101აპ-22 26 იანვარი, 2023 წელი

მ–ი ჯ., №1101აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჯ. მ–იი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის), ხოლო გ. ა–იი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ჯ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 3 წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განაჩენით ჯ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით ჯ. მ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2021 წლის 19 ოქტომბერს, 22:45 საათზე, თ–ში, ..........., მე-.. მიკრორაიონში, ...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიდან, გ. ა–ი და ჯ. მ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შეეცადნენ წინასწარ შეთანხმებულად, ჯგუფურად დაუფლებოდნენ შპს „ე–ს“ კუთვნილ, ათ ცალ 12-მეტრიან არმატურას, რა დროსაც ისინი თ–ში, ......, მე-.. მიკრორაიონში, ...-ე კორპუსის მე-.. სადარბაზოს პირველ სართულზე დააკავეს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .........ის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს თანამშრომლებმა და ვერ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა. აღნიშნული ქმედებით შპს ,,ე–ს“ შესაძლოა, მისდგომოდა 208 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით ჯ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

გ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ჯ. მ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო გ. ა–ის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 18 ოქტომბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა თეონა არველაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, ჯ. მ–იის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო გ. ა–იის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2022 წლის 24 ოქტომბერს გამართლებულ ჯ. მ–ის ინტერესების დამცველმა დ. ფ–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

3.4. 2022 წლის 25 ოქტომბერს გამართლებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა ნ. თ–მ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ჯ. მ–სა და გ. ა–ის ბრალეულობას, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმა განმარტეს, რომ მათ უშუალოდ დაინახეს ჯ. მ–ისა და გ. ა–ის მიერ არმატურების გადაზიდვის მომენტი. ამასთან, ყველა პოლიციელის ჩვენება თანხვდენილია ერთმანეთთან. სასამართლოს პოზიცია, რომ მხოლოდ პოლიციელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის საკმარისი ჯ. მ–იისა და გ. ა–ის დამნაშავედ ცნობისათვის, არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან პ. დ–სე და დ. ჯ–მი უშუალოდ შეესწრნენ ჯ. მ–ისა და გ. ა–ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რასთან დაკავშირებითაც, მოახდინეს შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული ასევე დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე მისულმა დამხმარე ჯგუფის წევრებმა - ბექა დ–მ და გ. ი–მ. შპს „ე–ს“ კუთვნილი ქონების ქურდობის მცდელობის ფაქტი ასევე დაადასტურა კომპანიის წარმომადგენელმა შ. კ–მ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. მ–სა და გ. ა–ს წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით (გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები, ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით“. ამავე გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან“.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ პოლიციელთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ჯ. მ–სა და გ. ა–ს ბრალეულობა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2021 წლის 19 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თ–ში, .........., მე-.. მიკრორაიონში, ...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სარემონტო სკვერიდან შპს „ე–ს“ კუთვნილი, 12-მეტრიანი არმატურები მესაკუთრის ნებართვის გარეშე იყო გადაადგილებული. თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგენილა, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს ჯ. მ–მა და გ. ა–მა. მართალია, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თითქოსდა ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებათა საკმარის ერთობლიობას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვეთა ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები, მხოლოდ პ. დ–სა და დ. ჯ–ს ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2021 წლის პირველი ივლისის შემდეგ. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა 2021 წლის 19-20 ოქტომბერს. მოწმე პ. დ–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მან და დ. ჯ–მმა დაინახეს ჯ. მ–ი და გ. ა–ი, რომლებმაც ...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სკვერიდან აიღეს არმატურები და გადააადგილეს კორპუსის სადარბაზოს მიმართულებით. შეჩერებისას ჯ. მ–ის არმატურები ეჭირა ხელში, რის გამოც ოქმში მიუთითეს, რომ ისინი ამოიღეს ჯ. მ–ის ხელიდან, თუმცა დამხმარე ჯგუფისა და თარჯიმნის ადგილზე მისვლისას მას არმატურა ხელში აღარ ეკავა, რადგან ხელი გაუშვა და ძირს ეწყო. ამასთან, მოწმე დ. ჯ–მა ჯერ განმარტა, რომ სკვერიდან დაახლოებით 30-40 მეტრის მოშორებით დაინახა ორი პირი, რომლებიც არმატურებით ხელში შედიოდნენ სადარბაზოში, დამაზუსტებელ შეკითხვაზე კი განაცხადა, რომ ის და მისი მეწყვილე შეესწრნენ ჯ. მ–იისა და გ. ა–ის მიერ არმატურების აღების პროცესსაც. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ბ. დ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ის და გ. ი-ა შემთხვევის ადგილზე მივიდნენ 2-7 წუთში, რა დროსაც ხუთი ცალი, დაახლოებით 12-მეტრიანი არმატურა ჯ. მ–ის ისევ ხელში ეჭირა და მხოლოდ მათი მისვლის შემდეგ დააწყო ადგილზე, რაც ეწინააღმდეგება მოწმე პ. დ–ის ჩვენებას. პოლიციის ოთხივე თანამშრომელი ადასტურებს, რომ ჯ. მ–იი, რომლისგანაც ამოიღეს არმატურები, პ. დ–ს შეჩერებული ჰყავდა სადარბაზოს შიგნით, თუმცა მოწმე გ. ი–ს განმარტებით, მან არმატურები დაინახა სადარბაზოს გარეთ, რაც ეწინააღმდეგება მათსავე ჩვენებებს. სხვა ნეიტრალური მტკიცებულება კი, რაც სრულყოფილად აღწერდა შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეების - პ. დ–სა და დ. ჯ–ს განმარტება, რომ ჯ. მ–სა და გ. ა–ს დაკავებისას არსებული ექსტრემალური ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სხვა, დამატებითი მტკიცებულების მოპოვება, მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ დაინახეს, როგორ დაეუფლნენ ჯ. მ–ი და გ. ა–ი 12-მეტრიან ხუთ ცალ არმატურას, რის შემდეგაც არმატურებით ხელში გადაადგილდებოდნენ სადარბაზოსკენ. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული პირები 12-მეტრიანი არმატურებით ხელში სწრაფად გადაადგილებას ვერ შეძლებდნენ, პოლიციის თანამშრომლებს ექნებოდათ საშუალება, ხელთ არსებული ტექნიკის გამოყენებით აღნიშნული პროცესი თუნდაც ნაწილობრივ დაეფიქსირებინათ. მითუფრო, რომ პ. დ–მ და დ. ჯ–მა ჯ. მ–ი და გ. ა–ი მხოლოდ შეაჩერეს, ხოლო მათი დაკავება და არმატურების ამოღება მოხდა დამხმარე ჯგუფის ადგილზე მისვლის შემდეგ, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მათ ჰქონდათ მეტი რესურსი, მოეპოვებინათ ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულება. ამასთან, სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 313-ე კორპუსთან არსებული მშენებარე სტადიონის გვერდით განთავსებულ, ხუთ ცალ არმატურასთან ჯ. მ–იისა და გ. ა–იის რაიმე კავშირს, წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ დაზარალებულის წარმომადგენლის - შ. კ–ს ჩვენება, რომ არმატურები იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყო, არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ჯ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ა–იის მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე