Facebook Twitter

ას-315-996-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: აუქციონზე რეალიზებული ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. გ-ა 1960 წლიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა გ. გ-ა. 1965 წელს ისინი გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. 1961 წელს მეუღლეებს შეეძინათ შვილი გ.გ-ა.

ქ.ფოთში ... მდებარე საცხოვრებელი სახლი 1964 წელს აღირიცხა გ. გ-ას სახელზე.

ქ.ფოთის სასამართლოს 1992წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. გ-ას სარჩელი გ. გ-ას მიმართ ქორწინების შეწყვეტის შესახებ. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივში არ აღმოჩნდა გ. და რ. გ-ებს შორის განქორწინების ჩანაწერი.

გ. გ-ას ვ. უ-ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 1800 აშშ დოლარი. ვალის დასაფარავად საჯარო ვაჭრობით გაიყიდა გ. გ-ას სახელზე რიცხული სახლი, რის შემდეგ გამოტანილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილება აღნიშნული ბინიდან გ. გ-ას გამოსახლების შესახებ.

2002წ. 15 თებერვალს სასამართლო აღმასრულებლის მიერ შედგენილი აქტის თანახმად მოვალის შვილმა გ.გ-ამ ივალდებულა იმავე წლის 15 აპრილამდე 1000 აშშ დოლარის, ხოლო დარჩენილი თანხის _ 800 აშშ დოლარის და გარდამავალი ხარჯების 15 ივლისამდე გადახდა.

2002წ. ივლისში რ. გ-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ვ. უ-ის და გ. გ-ას მიმართ აუქციონზე რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ იმ საფუძვლით, რომ საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მისი და გ. გ-ას თანასაკუთრებას.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რ. გ-ამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

რ. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გ. გ-ას ვალი არ აუღია ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.ფოთში ... მდებარე სახლი გ. გ-ას მიერ შეძენილია 1964 წელს მოსარჩელე რ. გ-ასთან ქორწინების რეგისტრაციაში გატარებამდე.

გ. და რ. გ-ების ერთად ცხოვრების პერიოდში სახლს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება.

ზემოაღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატამ სკ-ს 1163-ე მუხლის შესაბამისად სადავო სახლი ჩათვალა მეუღლეთა თანასაკუთრებად.

მართალია 1992წ. 10 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება რ. და გ. გ-ების განქორწინების შესახებ. არქივიდან წარმოდგენილი ცნობების მიხედვით არ არსებობს ჩანაწერი მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ქორწინების შეწყვეტის შესახებ სკ-ს 1132-ე მუხლის თანახმად ქორწინება შეწყვეტილად ითვლება მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

გ. გ-ას შვილმა გი.გ-ამ ივალდებულა ვალის დაფარვა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სესხი გამოყენებული იყო ოჯახის საჭიროებისათვის.

სკ-ს 1170-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ერთ-ერთი მეუღლის ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. რ. გ-ას მიერ განმარტებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.

ვ. უ-ემ სადავო სახლი აუქციონზე შეიძინა კანონით დადგენილი წესის დაცვით, რის გამო იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.

სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.