ბს-1498-1213-კ-04 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. შ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ფულადი კომპენსაციის, 5635 ლარის, დაუზღვევლობით მიყენებული მატერიალური ზარალის _ 5000 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე საურავის _ გადასახდელი თანხის 2%-ის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2000 წელს მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, რა დროსაც ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჩამორთმევას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 2000 წელს, ქ. თბილისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე გადასასვლელ ხიდზე მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის კოდექსის 207-ე მუხლით. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 10.04.2003წ. განაჩენით ნ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და შეეფარდა სასჯელის სახე _ ჯარიმა. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობისთანავე მიმართა საგადასახადო დეპარტამენტს, რათა მიეღო “პოლიციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საგადასახადო დეპარტამენტმა მიმართა ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც 23.06.2003წ. 09-05/9533 წერილით დაადასტურა მისი უფლება კომპენსაციის მიღებაზე, თუმცა უარი უთხრა მის გაცემაზე იმ მოტივით, რომ კომპენსაციის გაცემის წყაროს წარმოადგენდა ტრანსფერი, რომელიც სამინისტროს არ გააჩნდა.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ საგადასახადო დეპარტამენტმა დაარღვია “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა და არ განახორციელა მისი სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა, რითაც მიაყენა მატერიალური ზიანი 5000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მისი წლიური ხელფასი შეადგენს 8 193 ლარს, რომელიც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არასათანადო მოპასუხე იყო. სარჩელზე პასუხისმგებელი იყო საგადასახადო დეპარტამენტი, რადგან ასეთ შემთხვევაში კომპენსაციას გასცემს ის ორგანო-დაწესებულება, სადაც მუშაობდა მოსარჩელე. ასევე განმარტა, რომ საქმეზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი და რადგან მოსარჩელე არ დაინვალიდებულა, არ დაჭრილა, არ დასახიჩრებულა, არამედ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც ვერ გახდებოდა შრომის უნარის დროებით ან მუდმივად მოშლის მიზეზი, ამიტომ სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სარჩელი არ ცნო საგადასახადო დეპარტამენტმაც.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. შ-ის სარჩელი. ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაეკისრათ კომპენსაციის თანხის _ 4080 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ყველა მხარემ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 სექტემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ხოლო 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. შ-ისა და საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიმართ გამოიყენება “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი, ხოლო თანხის ოდენობა იანგარიშება დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, რის გამოც სწორად იქნა დაკისრებული თანხის ოდენობა _ 4080 ლარი და მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" შესახებ II თავის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ხელფასში, საიდანაც იანგარიშება ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, შედის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება და მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ნორმატიული აქტით დადგენილი წესის მიხედვით დაბეგრილი თანხის დაანგარიშება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ა. შ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას მატერიალური ზიანი მიადგა მოპასუხის მიერ დაუზღვევლობით, რადგან მხარე ვერ ასაბუთებდა მატერიალური ზიანის მიდგომის ფაქტს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ყველა მხარემ. ა. შ-ე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარდგენილი საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
“საგადასახადო კოდექსის" 269-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებზე ვრცელდება პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრულია “პოლიციის შესახებ" კანონით. “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პოლიციის თანამშრომელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე ხელფასის ოდენობით. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პოლიციის (საგადასახადო ორგანოს) თანაშრომელს მიეცეს კომპენსაცია, აუცილებელია ორი პირობის არსებობა. ამ კანონის სუბიექტი უნდა დაიჭრეს ან დასახიჩრდეს და დასახიჩრება უნდა მიადგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 12.10.2001წ. ¹4/31409 ცნობით დასტურდებოდა, რომ ა. შ-ე იღებდა პენსიას შსს ხაზით, არის III ჯგუფის ინვალიდი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმით და მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები ადასტურებდა სხეულის დაზიანებას და დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, უნდა მიეღო შესაბამისი კომპენსაცია. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა, ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებებით, არანაირად არ დასტურდება, რომ ა. შ-ვის მე-III ჯგუფის ინვალიდობა დაკავშირებულია უშუალოდ იმ ფაქტთან, რომელზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ინვალიდობის ჯგუფის დადგენასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორ ა. შარაძენიძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა აენაზღაურებინა ერთიწ. დაუბეგრავი ხელფასი. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს მის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის ბოლო წინადადების შინაარსზე _ “ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5 წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით". “მიღებულ" ხელფასში იგულისხმება ის ოდენობა, რაც მოსამსახურემ მიიღო ხელზე და არა ის ოდენობა, რაც მას დაერიცხა ხელფასის უწყისით. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დასადგენია ა. შ-ის ხელფასის ოდენობა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ ცნობებში სხვადასხვა ოდენობის თანხებია მითითებული.
სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით მოპასუხეებს, ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს დაეკისრათ ა. შ-ის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაცია 4080 ლარის ოდენობით, თუმცა მასში მითითებული არ არის მოპასუხეთა არც სოლიდარული და არც წილობრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც, საკასაციო პალატის აზრით, არასწორია, ვინაიდან “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და არა იმ ორგანოს, სადაც მუშაობს მოპასუხე. მოცემულ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სწორად იქნა დასახელებული მოპასუხედ, მაგრამ არა ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე, არამედ ა. შარაძენიძის მეორე მოთხოვნის მიმართ, კერძოდ, დაუზღვევლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი. ა. შ-ე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ნ. ც-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობისთანავე განცხადებით მიმართა საგადასახადო დეპარტამენტს “პოლიციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მისაღებად, მაგრამ საბოლოოდ უარი ეთქვა კომპენსაციის გაცემაზე ტრანსფერტის არქონის გამო. საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძველს, რადგან ა. შ-ე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს არა დამნაშავედ ცნობილი ნ. ც-ისაგან, არამედ სახელმწიფოსაგან, ვინაიდან “პოლიციის შესახებ" კანონის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილით მოთხოვნის საფუძველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაჭრა ან დასახიჩრება წარმოადგენს და არა დაზარალებულად ცნობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განჩინებაში მითითებული გარემოებები საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც საქმე ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. შ-ის, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.