გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-316-995-03 9 ოქტომბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 16 მარტს მოსარჩელე მ. მ-ესა და მოპასუხე სს ქუთაისის ¹... სამშობიარო სახლს შორის გაფორმდა ერთწლიანი შრომითი კონტრაქტი, რითაც მ. მ-ე დაინიშნა მოპასუხე ორგანიზაციაში ექიმი ... თანამდებობაზე. 2001წ. 16 მარტის ბრძანებით მ. მ-ე, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
2002წ. 25 ნოემბერს მ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: შრომითი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგაც ის აგრძელებდა მუშაობას, მიღებული აქვს 2001წ. აპრილისა და მაისის ხელფასები. ამდენად, შკკ-ს 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით და მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი, – კონტრაქტის ვადის გასვლა, უკანონოა.
მოპასუხე სს “ქ. ¹.... ს. ს.” დირექტორმა ლ.ფ-ემ სარჩელი არ ცნო, იმ მოტივით, რომ მ.მ-ე სამუშაოზე მიიღეს ერთწლიანი კონტრაქტით – 2000წ. 16 მარტიდან 2001წ. 16 მარტამდე. მას ¹2 ბრძანებით შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო და მიეცა ორი თვის ხელფასი, როგორც გასასვლელი დახმარება. 2001წ. 16 მარტის შემდეგ მ.მ-ეს არ უმუშავია. იგი რეგისტრირებული არ არის გამოცხადების ტაბელში. მათ შორის არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად არ გადაზრდილა. მ.მ-ე იმავე დღეს გაეცნო ბრძანებას, თუმცა ასეთი რამ დაფიქსირებული არ ყოფილა შესაბამისი აქტით. რაც შეეხება შრომის წიგნაკს, მოსარჩელეს მათთვის არ მიუმართავს შრომის წიგნაკის ჩაბარების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მ. მ-ე აღადგინეს სს “ქ. ¹.... ს. ს.” ექიმ-.... თანამდებობაზე, სს “ქ. ¹.... ს. ს.” დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით. სარჩელის მოთხოვნას, ადვოკატის ჰონორარის 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში, უარი ეთქვა. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.მ-ე თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ეძლეოდა შესაბამისი ანაზღაურება ხელშლეკრულების ვადის გასვლის – 2001წ. 16 მარტის შემდგომაც. არც მუშაკისა და არც ადმინისტრაციის მიერ არ გამოთქმულა ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი, რის გამოც შკკ-ს 31-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება უვადოდ გაგრძელებულად ითვლება. ამასთან, მოსარჩელეს არ ჩაბარებია შრომის წიგნაკი, რაც შკკ-ს 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა მომხდარიყო დათხოვნის დღესვე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ქ. ¹.... ს. ს.” დირექტორმა ლ.ფ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ქ. ¹.... ს. ს.” დირექტორის, ლ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართოს 2003წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება. მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-ე სამსახურში არ დადიოდა და თავის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა 2001წ. 16 მარტიდან. ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2001წ. მაისისა და ივნისის ხელფასები სს “ქ. ¹.... ს. ს.” ადმინისტრაციამ მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას შეცდომით გასცა. აღნიშნული ხელფასის უწყისები არ მიიჩნია იმ მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც შეიძლება დამტკიცდეს, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე აგრძელებდა მუშაობას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. მ-ის სარჩელი ხანდაზმულია, რადგან თვითონ მოსარჩელეც არ უარყოფს, რომ 2001წ. ივნისიდან სამსახურში არ გამოცხადებულა და არც ხელფასი მიუღია. მან იცოდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისივე განმარტებით, არ მოუთხოვია დავის სასამართლოში გადატანა, რადგან ცდილობდა სამსახურიდან დათხოვნის საკითხი მშვიდობიანი გზებით გადაეწყვიტა. მან სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2002წ. 25 ნოემბერს, ე.ი. სამუშაოდან დათხოვნიდან 1წ.ა და 7 თვის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად განმარტა შკკ-ს 31-ე და 204-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, იგი შრომის კონტრაქტის გასვლის შემდეგაც აგრძელებდა სამსახურში გამოცხადებას, ეძლეოდა ხელფასი, მოპასუხემ მისცა სერთიფიკატის მისაღებად რეკომენდაცია; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ არსებობდა ჩანაწერი არც შრომით წიგნაკში, არც კადრების აღრიცხვის ფურცელში, მას არ ჩაბარებია შრომის წიგნაკი და ბრძანება დათხოვნაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი მ. მ-ე სამუშაოდან გათავისუფლდა 2001წ. 16 მარტის ბრძანებით საკონტრაქტო ვადის გასვლის გამო. დადგენილია ასევე, რომ მან სარჩელი სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით შეიტანა 2002წ. ნოემბერში, ე.ი. წლისა და 8 თვის შემდეგ. შკკ-ს 204-ე მუხლის თანახმად, სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოში სარჩელი წარდგენილი უნდა იყოს ერთი თვის განმავლობაში, გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რადგან მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდა 2002წ. ოქტომბერში, გასაჩივრების ვადა არ გაუშვია.
პალატა მიიჩნევს, რომ გათავისუფლების ბრძანების ჩაბარებას კანონმდებელი აუცილებლად თვლის იმისათვის, რათა მუშაკმა გაიგოს გათავისუფლების ფაქტისა და გათავისუფლების საფუძვლის შესახებ, თუ მუშაკისათვის ცნობილია გათავისუფლების ფაქტისა და საფუძვლის შესახებ ბრძანების ჩაბარებას არ შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა მიეცეს. მოცემულ შემთხვევაში თვითონ კასატორი ადასტურებს, რომ 2001წ. ივნისიდან მას სამსახურში არ უვლია, ხელფასი არ მიუღია და მისთვის ცნობილი იყო, საკონტრაქტო ვადის გასვლის გამო სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ასეთ ვითარებაში, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს არა ბრძანების ჩაბარების დროიდან, არამედ იმ დროიდან როცა აღნიშნული ცნობილი გახდა მუშაკისათვის. მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მ.მ-ის სარჩელი ხანდაზმულად, ხოლო როცა სარჩელი ხანდაზმულია სასამართლო არ ამოწმებს სარჩელის საფუძვლებს. ამდენად, კასატორის მოსაზრებაზე, რომ ადმინისტრაციასთან დადებული ვადიანი კონტრაქტი გადაიზარდა უვადო შრომით ხელშეკრულებაში, პალატა ვერ იმსჯელებს.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებულ გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.