ას-31-734-03 20 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სახლის თანამესაკუთრედ ცნობა, სამკვიდროს მოწმობისა და ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე გ. ბ-ი და მოპასუხე გ. კ-ის და _ თ. კ-ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 1973 წლიდან. თ. კ-ის მამამ ა. კ-მა თავისი სამოსახლო მიწიდან 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი გაუფორმა შვილს – თ. კ-ს და მიწა აღირიცხა თ. კ-ის სახელზე, რომელიც მდებარეობს ქ.წნორში, .... ქუჩის I შესახვევის ¹3-ში. 1974 წელს თ. კ-ს საქალაქო სასამართლოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ნება დაერთო აეშენებინა სახლი და დამტკიცდა წარმოდგენილი პროექტი. აშენების შემდეგ სახლი აღირიცხა თ. კ-ის სახელზე. თ. კ-ი გარდაიცვალა 1988წ. 13 ნოემბერს. გარდაცვალებამდე 1997წ. 28 ნოემბერს თ. კ-მა მთელი ქონება მათ შორის სახლიც უანდერძა ძმას გ. კ-ს. 1999წ. 17 ნოემბრის ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე სახლი აღირიცხა გ. კ-ის სახელზე.
2002წ. აპრილში გ. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო სახლის თანაამშენებლად და თანამესაკუთრედ ცნობა, თ. კ-ის მიერ გაცემულ ანდერძის და გ. კ-ის მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა ტექინვენტარიზაციის ბიუროში.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ბ-ი ცნობილი იქნა სადავო სახლის 1/2-ის მესაკუთრედ, ნაწილობრივ გაუქმდა თ. კ-ის მიერ გაცემული ანდერძი და გ. კ-ს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია, აწ გარდაცვლილი თ. კ-ი და გ. ბ-ი არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ მათ ერთად იცხოვრეს 25 წელი, ერთად ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და იმ პერიოდში მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 447-ე მუხლის თანახმად (1964წ.) ერთად იმოქმედეს საერთო მიზნის მისაღწევად და ერთობლივად თავიანთი შრომითა და სახსრებით ააშენეს სადავო საცხოვრებელი სახლი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავა უნდა გადაწყდეს ახალი სკ-ს ნორმებით, რადგან ეს კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი გ. ბ-ი და თ. კ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან. სადავო სახლი ირიცხებოდა თ. კ-ის სახელზე, რომელიც მან უანდერძა ძმას გ. კ-ს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მათ შორის მეუღლეთა საერთო საკუთრება არ წარმოიშვებოდა, რადგან თ. კ-ი და გ. ბ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, ხოლო როგორც ძველი საქორწინო-საოჯახო კოდექსის მე-19 მუხლის, ისე ახალი სკ-ს 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეების უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. აქედან გამომდინარე, გ. კ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ბ-მა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: თ. კ-თან ფაქტობრივ საქორწინო ურთიეროთბაში იყო 1973 წლიდან, სადავო სახლი ააშენეს ერთად ცხოვრების პერიოდში თავისი სახსრებით; სახლი მხოლოდ იმიტომ აღირიცხა თ. კ-ის სახელზე, რომ მათ შორის იყო სრული ნდობა და ურთიერთპატივისცემა. სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ ასაბუთებს თუ რატომ არ ეკუთვნის წილი თავის აშენებულ სახლში, თუ რატომ არ იზიარებს რაიონული სასამართლოს მოტივაციას, რომ თ. კ-თან ერთად ეწეოდა ერთობლივ საქმიანობას სამოქალაქო სამართლის კოდექსის 447-ე მუხლის (1964 წ.) და ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისად უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ბ-ი და თ. კ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან. დადგენილია, რომ სადავო სახლი აშენდა თ. კ-სათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე და მასვე მიეცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო აშენების შემდეგ სახლი აღირიცხა მის სახელზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა გ. ბ-ის სარჩელი, რადგან სკ-ს 1151-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა შორის უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ სარო-ს ორგანოებში რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად კი მეუღლეთა შორის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება ითვლება მათ საერთო საკუთრებად. რადგან ქორწინება რეგისტრირებულ არ ყოფილა, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ ჩათვალა სადავო სახლი მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებად და მათ საერთო საკუთრებად.
სკ-ს 173-ე მუხლის თანახმად, საერთო საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კანონის ძალით საერთო ქონება ვერ წარმოიშობოდა ზემოაღნიშნულ მიზეზთა გამო. რაც შეეხება გარიგებას, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულება, რომ მასსა და თ. კ-ს შორის საერთო ქონების შექმნაზე არსებობდა გარიგება.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტის დროს უნდა გამოეყენებინა 1964წ. სკ-ს 447-ე მუხლი. პალატა თვლის, რომ სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.