Facebook Twitter

საქმე N 010100122005629940

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1065აპ-22 26 იანვარი, 2023 წელი

ჩ–ი ი., №1065აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ჩ–იი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 14 ივლისს, დღის საათებში, ქ.ბ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი. ჩ–მა ხელის ყურის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - დედას, გ. ჩ–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

1.3. 2022 წლის 22 თებერვალს, ქ.ბ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი. ჩ–იმა ხელების მხრებისა და მკლავების არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა ოჯახის წევრზე - დედაზე, გ. ჩ–ზე, რის შედეგადაც გ. ჩ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განაჩენით ი. ჩ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 14 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 22 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. ბათუმის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ი. ჩ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 17 აგვისტოს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განაჩენის გაუქმება და ი. ჩ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ი. ჩ–ის ბრალეულობას, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეზე გამოძების დაწყებას საფუძვლად დაედო დაზარალებულის შეტყობინება შვილთან უთანხმოების შესახებ, რის გამოც ითხოვა პოლიციის დახმარება. ამასთან, გ. ჩ–მ გამოკითხვისას დეტალურად მიუთითა ი. ჩ–ის ძალადობრივი ქმედებების შესახებ. პოლიციის თანამშრომელთა გამოკითხვისა და შემაკავებელი ორდერის ოქმებში გადმოცემულია მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულის განმარტებები. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

4.2. კასატორის პოზიციით, წარდგენილ ბრალდებაში ი. ჩ–ს გამართლება ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკას და უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ-19 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია: „განსახილველ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულმა მ.მ-მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება მეუღლის - შ.მ-ს წინააღმდეგ, თუმცა პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შემთხვევიდან (ძალადობიდან და თავისუფლების უკანონო აღკვეთიდან) მცირე დროის გასვლის შემდეგ დაზარალებული ეკონტაქტებოდა შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს, შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებში დაფიქსირებული განმარტებები განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას და პალატას გონივრულად აფიქრებინებს, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში მსხვერპლს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა ფაქტები დაემახინჯებინა. გარდა ამისა, ი.ფ-სა და კ.ბ-ს დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შეხება, კერძოდ, 112-ის გამოძახებაზე მოახდინეს სწრაფი რეაგირება და იმდენად მცირე დროში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, რომ იქ დახვდათ ფრინველების სადგომში გარედან, ცულის მიბჯენით ჩაკეტილი მ.მ.. გარდა ამისა, ისინი ჩვენებაში დეტალურად გადმოსცემდნენ განვითარებულ მოვლენებსა და მ.მ-ს ფსიქოემოციურ მდგომარეობას, შესაბამისად, მათი ჩვენებები განსახილველ საქმეში წარმოადგენს უტყუარ და სანდო მტკიცებულებას ბრალის დასადასტურებლად. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ: „საკასაციო პალატამ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისათვის - თავად შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ, ნებაყოფლობით გამოიკითხა, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში, მათ შორის „112-ში“ მისი ზარის აუდიოჩანაწერის დათვალიერებაში, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი ქცევისგან, როდესაც უარი განაცხადა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას და ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისაგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა მისი პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის - რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.“

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ი. ჩ–იის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. დაზარალებულმა გ. ჩ–მ (დედამ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ი. ჩ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ: 2021 წლის 14 ივლისის შეტყობინებით დგინდება, რომ 112-ში დარეკა დაზარალებულმა და განაცხადა, რომ მას შვილმა - ი. ჩ–მა რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ეშინია სახლში ასვლა. N...... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში კი მითითებულია, რომ გ. ჩ–ს განმარტებით, 2021 წლის 14 ივლისს შვილმა ი. ჩ–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა მხრების არეში. ამასთან, 2022 წლის 22 თებერვლის შეტყობინებით ირკვევა, რომ 112-ში დარეკა გ. ჩ–მ და განაცხადა, რომ მისი შვილი არის ნასვამი და აქვს კონფლიქტი. N........ შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით კი დგინდება, რომ გ. ჩ–ას განმარტებით, 2022 წლის 22 თებერვალს მას შვილმა - ი. ჩ–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის არეში დაარტყა მუშტი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებში მითითებული არ არის ი. ჩ–ის ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ სხვა უდავო მტკიცებულებებზე, მოწმეების - მ. ჯ–სა და ლ. ა–ს გამოკითხვის ოქმებზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 14 ივლისს ისინი გამოცხადნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ შეშინებული და აღელვებული გ. ჩ–სა, რომელმაც განუმარტთ, რომ შვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. 2022 წლის 22 თებერვალს ისინი კვლავ გამოცხადნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ გ. ჩ–სა, რომელმაც განუმარტა, რომ შვილმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც წავიდა სახლიდან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობენ უშუალოდ დაზარალებულისგან, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ი. ჩ–ს მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას და ამ ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შეტყობინებებსა და შემაკავებელ ორდერებში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.9. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ-19 და 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებებზე, თუმცა მითითებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტებიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი. ჩ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე