საქმე N 330100120004077068
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1093აპ-22 24 იანვარი, 2023 წელი
ხ–ი რ., №1093აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ხ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2018 წლის 12 სექტემბერს, ქ.თ–ში, გ–ს ხ–ს მე-... კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, რ. ხ–მა ოჯახში ძალადობა ჩაიდინა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ე. მ–სის მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას მუშტები არაერთგზის დაარტყა თავის არეში, ასევე, ანთებული სიგარეტი მიადო მკლავზე, რა დროსაც ე. მ–მ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ქ. ხ–ი. რ. ხ–ის ქმედებით ე. მ–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
1.3. 2019 წლის დაახლოებით მარტში, ქ.თ–ში, გ–ს ხ–ს მე-.. კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, რ. ხ–მა ოჯახში ძალადობა ჩაიდინა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ე. მ–ს მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას მინის ჭიქა ჩაარტყა თავის არეში, რა დროსაც ე. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ქ. ხ–ი. რ. ხ–ს ქმედებით ე. მ–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.
1.4. 2019 წლის დაახლოებით მარტიდან - 2020 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, ქ.თ–ში, გ–ს ხ–ს მე-.. კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, რ. ხ–იმა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ე. მ–სის მიმართ არაერთხელ ჩაიდინა ფსიქიკური იძულება, კერძოდ, რ. ხ–ი ე. მ–ს დაემუქრა შვილის, ძმისა და ძმისშვილების მოკვლით, თუ ეს უკანასკნელი მასთან არ იცხოვრებდა და დაშორდებოდა, რაც ე. მ–მ აღიქვა რეალურ მუქარად. რ. ხ–ის ქმედებით ე. მ–ს მიადგა მორალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა რ. ხ–ს მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, ქ.თში, გს ხ–ს მე-.. კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, რ. ხ–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ანთებული სიგარეტი მიადო მკლავზე, რა დროსაც ე. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ქ. ხ–ი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენით რ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
რ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე რ. ხ–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 27 სექტემბრიდან 2020 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, რ. ხ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. თ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. ხ–იის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 30 სექტემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, რ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი რ. ხ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან დაზარალებულ ე. მ–სისა და მოწმე ქ. ხ–ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს რ. ხ–ის ბრალეულობას, კერძოდ: მართალია, მოწმე ნ. ა–ი უშუალოდ არ შესწრებია ცოლ-ქმარს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, თუმცა მან უტყუარად დაადასტურა, რომ 2018 წლის სექტემბერში მასთან ბავშვთან ერთად მივიდა განერვიულებული ე. მ–ე, რომელმაც უთხრა, რომ იჩხუბა მეუღლესთან და სთხოვა მის მშობლებთან დარეკვა. მან შენიშნა, რომ ეკას ჰქონდა რაღაც დაზიანება, თუმცა მიზეზი არ უკითხავს. მოწმე ე. მ–მ კი განმარტა, რომ მისთვის ცნობილია, რომ ე. მ–სა და რ. ხ–ის ჰქონდათ ცუდი ურთიერთობა. 2018 წელს მასთან მივიდნენ ე. მ–ე და ქ. ხ–ი, მაგრამ მას ე–ს სხეულზე დალურჯებები არ უნახავს, ამის შესახებ იცოდა ე–გან. მან მხოლოდ ნაკაწრი შენიშნა ე–ს სახეზე, რაც დაუკავშირა ჭიქის სროლას. მოწმე ს. ო–ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ მან გაზაფხულზე ნახა დედა - ე. მ–სე, რომელსაც თავზე ჰქონდა ჭრილობა, რაც ეკასა და ქ. ხ–იის განმარტებით, იყო რ. ხ–იის ,,დამსახურება“, რადგან რ–მა ე–ს თავში არყიანი ჭიქა ჩაარტყა. დედამ ასევე უთხრა, რომ მას რ. ხ–იმა არაერთხელ მიაყენა ფიზიკური დაზიანება და სიგარეტიც მიაწვა სხეულზე. კითხვაზე, თუ რატომ იტანდა ამდენს, ე. მ–მ უთხრა, რომ რ. ხ–იი ემუქრებოდა ს. ო–სა და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით. მოწმე ბ. ს–მა დაადასტურა, რომ რ. ხ–ის ს. ო–თან არ ჰქონდა არანაირი ურთიერთობა, რადგან მიაჩნდა, რომ ს–ს სურდა მათი ოჯახის დანგრევა. ამის გამო ისინი ყოველთვის ერიდებოდნენ რ. ხ–თან მისვლას. კასატორი ასევე უთითებს, რომ ოჯახური დანაშაულის საქმეებზე რთულია დანაშაულის უშუალოდ შემსწრე მოწმის მოძებნა. ამიტომ ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სხვა დამატებით მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რ. ხ–იი ბოლო მომენტამდე არ აღიარებდა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ რ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს რ. ხ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ე. მ–მ (მეუღლემ) და არასრულწლოვანმა მოწმე ქ. ხ–მა (შვილმა) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა და მოწმემ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, რ. ხ–იის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.5. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მოწმე ე. მ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2018 წლის 12 სექტემბრის ძალადობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რ. ხ–იმა ე. მ–ეს არასრულწლოვანი შვილის - ქ. ხ–ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თავში ჩაარტყა მინის ჭიქა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუტყდა თავი. ე. მ–სთან მისულმა უფროსმა შვილმა - ს. ო–სმა ნახა სისხლიანი დედა. ამასთან, ე. მ-ც მივიდა დაზარალებულთან სახლში და ნახა, რომ ე–ს თავი ჰქონდა გატეხილი. მართალია, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ე. მ–მ დაადასტურა, რომ ე. მ–ს თავზე ჰქონდა დაზიანება, თუმცა ვერ გაიხსენა, როდის მოხდა შემთხვევა. ამასთან, მას არც გამოკითხვის ოქმში აქვს დაკონკრეტებული დაზიანების მიყენების პერიოდი და თარიღი. შესაბამისად, უტყუარად იმის მტკიცება, თუ რომელ ეპიზოდსა და ფაქტზე საუბრობს მოწმე, არის შეუძლებელი. ამასთან, მოწმე ს. ო–სის ჩვენებისა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მან დედა - ე. მ–სე თავზე დაზიანებით ნახა 2018 წელს და არა - 2019 წლის მარტში, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან ნახა ე. მ–სე, რომელსაც თავზე ჰქონდა დაზიანება, რაზეც დედამ უთხრა, რომ დაზიანება მიაყენა მეუღლემ - რ. ხ–მა, მაგრამ ეს მოხდა არა 2019 წელს, არამედ - 2018 წელს, რადგან, სავარაუდოდ, 2018 წლის სექტემბერში იგი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად წავიდა საზღვარგარეთ და საქართველოში დაბრუნდა 2020 წელს. შესაბამისად, იგი 2019 წელს ე. მ–სეს ფიზიკურად ვერ ნახავდა. ანალოგიური დაადასტურა ს. ო–ის მეუღლემ - ბ. ს–მაც და განმარტა, რომ 2018 წლის ბოლოს იგი ოჯახთან ერთად წავიდა საქართველოდან და დაბრუნდა 2020 წლის 15 მარტს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ინფორმაცია ამ პირთა მიერ საზღვრის კვეთის შესახებ, რითაც გაირკვეოდა, ს. ო–სი 2019 წლის მარტში ნახავდა თუ არა ე. მ–ეს და მის დაზიანებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა 2019 წლის მარტში რ. ხ–ის ფიზიკური ძალადობა ე. მ–ზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დადასტურდა რ. ხ–ის მიერ ე. მ–ის იძულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. ხ–იის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (2019 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას რ. ხ–ისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა რ. ხ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. ხ–ის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში რ. ხ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლელს.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე