Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-321-990-03 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება, შვილის მიკუთვნება და ქონებიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ჟ-ა და ე. ნ-ა რეგისტრირებული ქორწინების გარეშეE ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად 1984 წლიდან. მათ ერთად ცხოვრენის პერიოდში შეეძინათ სამი შვილი ლ., ნ. და ლა. ნ-ები. გათხოვების დღიდან ლ. ჟ-ა თავის ქმარშვილთან ერთად ცხოვრობდა მამამთილის საცხოვრებელ სახლში ზუგდიდის რაიონის სოფ. ..... 1994 წელს მეუღლეები დაშორდნენ. ე. ნ-ამ შექმნა მეორე ოჯახი. ლ. ჟ-ამ 2002წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. ნ-ას მიმართ და მოითხოვა შვილების სარჩენად ალიმენტის დაკისრება, კუთვნილი ქონებიდნ თავისი წილი – 5000 ლარის, ასევე ოქროს სამკაულების დაბრუნება, შვილის – ლ. ნ-ას აღსაზრდელად მიკუთვნება და სასამართლო ხარჯების დაკისრება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით ლალი ჟვანიას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ე. ნ-ას დაეკისრა შვილების – 1988წ. 3 მარტს დაბადებული ნ-ს და 19....წ. 16 ივნისს დაბადებული ლ. სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, მაგრამ არა ნაკლებ შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობისა და თითოეულ ბავშვზე ალიმენტის გადახდა დაიწყო 2002წ. 21 მარტიდან. ალიმენტის მიღების უფლება დაურჩა ლ. ჟ-ას. ე. ნ-ას დაეკისრა 5 გრამიანი და 3 გრამიანი ოქროს ბეჭდის, 1,5 გრამიანი ოქროს ჯვრის ნატურით დაბრუნება ლ. ჟ-ასათვის. ე. ნ-ას სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი, 4000 კვ.მ მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფ. ... გაიყო ოთხ თანაბარ წილად. აქედან ორი წილი 2000 კვ.მ მიწის ფართობი მიეკუთვნა ნ. და ლა. ნ-ებს. სასარჩელო მოთხოვნა საერთო ქონებიდან წილის 5000 ლარის მიკუთვნების შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასარჩელო მოთხოვნა შვილის ლ. ნ-ას დედისათვის მიკუთვნების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჟ-ამ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჟ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებაში და ე. ნ-ას შვილების ნ. და ლა. ნ-ების სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულზე 15-15 ლარის გადახდა, გადაწყვეტილება ამ ნაწილში აღსრულდა დაუყოვნებლივ, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ლ. ნ-ას არ აქვს დაცული სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რადგან მას 1994 წლიდან 1997 წლამდე სასამართლოსთვის არ მიუმართავს. სასამართლომ ვერ გაიზიარა ლ. ნ-ას მიერ კომლის ქონებაში მონაწილეობის შესახებ 1994წ. შემდგომ ასეთის დაუდასტურებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას მამამთილი ა. ნ-ა პირდებოდა კომლში დაბრუნებას, რადგან მან ასეთი ვერ დაადასტურა. საქმეში წარმოდგენილი შს ზუგდიდის სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის მიმართვით ლ. ნ-ასადმი დადგენილია, რომ ლ. ნ-ასა და მის მამამთილს შორის არსებობდა კონფლიქტური დამოკიდებულება.

პალატამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სკ-ს 1214-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა რეალური ქონებრივი მდგომარეობისა და სამართლიანი, გონივრული შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ ე. ნ-ას არასრულწლოვანი შვილების ლ. და ნ. ნ-ების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15-15 ლარის გადახდა თითოეული ბავშვისათვის, რადგან ე. ნ-ას ხელფასი შეადგენს 51 ლარს. სააპელაციო პალატამ სსკ-ს 268-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, საფუძვლიანად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა ალიმენტის მიკუთვნების ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ და იგი დაკმაყოფილდა. სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტის მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის ლ. ნ-ას მისთვის აღსაზრდელად მიკუთვნების თაობაზე, რადგან, ლ. ნ-ა თავად არის წინააღმდეგი აღსაზრდელად მიაკუთვნონ დედას. ამასთან, აპელანტმა ვერ დაადასტურა, რომ ლ. ნ-ას მოწინააღმდეგე მხარესთან არ აქვს სწავლა-აღზრდისათვის საჭირო პირობები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჟვანიას წარმომადგენელმა რ. შ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოცემულ გადაწყვეტილებაში აპელანტის სახელი ლ. შეცდომითაა და მითითებულია დ., რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სასამართლომ უკანონოდ დააკისრა მოპასუხეს თითოეული შვილის სარჩენად ალიმენტი 15 ლარის ოდენობით, მას არ გაუშვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ჟ-ამ მეუღლესთან დაშორების შემდეგ 1994 წლიდან დატოვა მამამთილის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი. მან 2002 წელს მოითხოვა ყოფილი მეუღლის მშობლების ქონებიდან წილის სახით 5000 ლარის მიკუთვნება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ 1994წ. შემდეგ 2002 წლამდე სასამართლოს იმიტომ არ მიმართა აღნიშნული მოთხოვნით, რომ მისმა ადვოკატმა ურჩია, ჯერ შვილების აღსაზრდელად გადაცემის საკითხი მოეწესრიგებინათ და შემდეგ ედავათ ქონებაზე, მაგრამ შემდგომ ადვოკატი ავად გახდა და გარდაიცვალა. ამასთან მამამთილი _ ა. ნ-ა პირდებოდა ოჯახში დაბრუნებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ლ. ჟ-ას ეს მოთხოვნა ხანდაზმულად სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის პირველი წინადადების თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. იმავე კოდექსის 80-ე მუხლის პირველ წინადადებაში კი აღნიშნულია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სწორად ჩათვალა, რომ ლ. ჟ-ამ დაარღვია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ. ჟ-ას საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ დააკისრა მოპასუხეს თითოეული შვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა 15 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სწორად გამოიყენა სკ-ს 1214-ე მუხლი. ამ მუხლში აღნიშნულია, რომ თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სასამართლომ ე. ნ-ას ალიმენტის გადახდა დააკისრა მისი ხელფასის – 51 ლარის გათვალისწინებით. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ჟ-ას ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

პალატა გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მასში არასწორადაა კასატორის სახელი მითითებული და ლ-ს ნაცვლად აღნიშნულია დ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის განჩინებით სასამართლომ თავისი ინიციატივით შეასწორა 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ მიმართებით, რომ გადაწყვეტილებაში დ. ჟ-ას ნაცვლად მიეთითა ლ. ჟ-ა.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი და ლ. ჟ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ჟ-ას წარმომადგენელი რ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.