¹ ას-322-998-03 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ალიმენტისა და მატერიალური დახმარების სახით თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. გ.-ის შვილია ლ. გ.-ე. ბ. გ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ. გ.-ის მიმართ და მოითხოვა მისთვის შრომისუუნარო მშობლის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, ასევე ბოლო სამი წლის ალიმენტის 1000 აშშ დოლარის, მატერიალური დახმარების 1000 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ იგი არის 75წ., შრომისუუნარო და საჭიროებს მოვლას, მკურნალობას და ამის საშუალება მას არ გააჩნია. მოპასუხეს მან ჯერ კიდევ 1981 წელს აჩუქა საცხოვრებელი სახლი, რადგან იმედოვნებდა, რომ ლ. გ.-ე მოუვლიდა მოხუც მშობელს, მაგრამ ლ. გ.-ე მამის მიმართ არავითარ მზრუნველობას არ იჩენს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. გ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ბ. გ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 აპრილის განჩინებით ბ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ბ. გ.-ე ამჟამად პენსიონერია, იგი ეწევა საოჯახო მეურნეობას, ყავს მსხვილფეხა პირუტყვი, ზესტაფონის რაიონის სოფ. ცხრაწყაროს თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2002წ. 11 დეკემბრის ¹234-ე ცნობით დადასტურებულია, რომ ბ. გ.-ის სახელზე ირიცხება 5000 კვ.მ მიწის ფართობი, რომლის დამუშავება და მოსავლის მოყვანა ხდება მოსარჩელის მიერ დაქირავებული მუშების მიერ. ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ ბ. გ.-ე არ აძლევს ლ. გ.-ეს საშუალებას იცხოვროს მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებული, ამჟამად მის საკუთრებაში მყოფი სახლის ნაწილში, რის გამოც მოპასუხე დროებით ცხოვრობს ქ. თბილისში თავის ნაცნობ ქალთან. იგი ამჟამად უმუშევარია და მის საარსებო წყაროს წარმოადგენს თბილისში მდებარე სახლის პატრონის შეწირულობა.
სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ბ. გ.-ე ვერ მიიჩნია მატერიალურ გაჭირვებაში მყოფ პირად. იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტის დაკისრების საფუძვლად კანონმდებელი შრომისუუნარობასთან ერთად მატერიალურ გაჭირვებასაც ასახელებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ შრომისუუნარობა ალიმენტის დაკისრების საფუძვლად არ გამოდგება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ.-ემ. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის განმარტებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ჰყავს მსხვილფეხა პირუტყვი და 5000 კვ.მ მიწის ფართობი. არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი მოხუცი და ავადმყოფია. მას დამოუკიდებლად არ შეუძლია ამხელა ფართობისა და პირუტყვის მოვლა. სააპელაციო პალატამ ისე მიიჩნია დადგენილად ლ. გ.-ის უმუშევრობის ფაქტი, რომ არ მოუთხოვია ზესტაფონის რაიონული დასაქმების განყოფილებიდან ცნობა უმუშევრობის შესახებ. ასევე არ გაითვალისწინა ისიც, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მშობლების კეთილდღეობისა და შრომისუნარიანი შვილების უსახსრობის მიუხედავად არ ათავისუფლებს შვილებს მოვალეობისაგან აღმოუჩინონ მატერიალური დახმარება მშობლებს და იზრუნონ მათზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ბ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბ. გ.-ე ღებულობს მოხუცებულობის პენსიას თვეში 14 ლარს; მის სახელზე ირიცხება ზესტაფონის რაიონის სოფ. ცხრაწყაროში საცხოვრებელი სახლი და 0,05 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, სააპელაციო პალატის სხდომაზე ბ. გ.-მ განმარტა, რომ ჰყავს საქონელი, აქვს 5000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ვერ ამუშავებს ასაკის გამო, იგი მიწებს აქირავებს სანახევროდ. მართალია საქმის მასალებით ისიცაა დადგენილი, რომ ბ. გ.-ე ავადმყოფობის გამო საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ სკ-ს 1218-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მშობლის რჩენის მოვალეობა არ შეიძლება დაეკისროს ლ. გ.-ს, რადგან ამ ნორმის თანახმად სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ.-ეს არ სჭირდება დახმარება იმის გამო, რომ მას საოჯახო მეურნეობიდან აქვს შემოსავალი.
ლ. გ.-ს მშობლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა დაეკისრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბ. გ.-ს ცხოვრების მატერიალური საშუალება არ ექნებოდა. მოცემულ შემთხვევაში ბ. გ.-ის მატერიალური დახმარების საჭიროების ფაქტორი განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. გ.-ს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია.
სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას საერთოდ არ მიუთითა სკ-ს კონკრეტულ მუხლზე, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და საკასაციო პალატის მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე, რადგან საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატამ დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 აპრილის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ბ. გ.-ის სარჩელი მოპასუხე ლ. გ.-ის მიმართ ალიმენტის დანიშვნისა და ერთდროული დახმარების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.