Facebook Twitter

ას-323-997-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: მემკვიდრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 16 ივლისს ე. ც-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც მოითხოვა თავისი პაპის, რ. ც-ას, მემკვიდრეობის მიღების იურიდიული ფაქტის დადგენა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მამკვიდრებელი, რ. ც-ა, გარდაიცვალა 19...წ. 24 ოქტომბერს. 1990წ. 8 ოქტომბერს შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძის საფუძველზე, მან ქ.აბაშაში, ყოფილი ... მდებარე სამკვიდრო ქონება უანდერძა შვილიშვილს – ე. ც-ას, რომელმაც სკ-ს 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიიღო იგი. განმცხადებელმა განმარტა, რომ 2002წ. 1 ივლისს ქ.აბაშის გამგეობის მიერ გაცემულ ცნობაში შეცდომითაა მითითებული ბებიის, ნინა გაბელაიას, სამკვიდროს შესახებ, რადგან მას არანაირი ქონება არ გააჩნდა და არ იმყოფებოდა რ. ც-ასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

2002წ. 22 ივლისს იმავე სასამართლოს განცხადებით მიმართა ე. ც-ას მამიდამ, ნ. ც-ამ, რომელმაც განმარტა, რომ სამკვიდრო ქონება, რომლის მიღების იურიდიული ფაქტის დადგენასაც ე.ც-ა ითხოვდა, სადავო იყო, ამიტომ მოითხოვა მისი ჩაბმა აღნიშნულ საქმეში მოპასუხედ.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის განჩინებით ნ.ც-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი საქმეში ჩაება მოპასუხედ. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ც-ას ადვოკატმა რ.შ-ამ, თუმცა, საბოლოოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ოქტომბრის განჩინებით იგი მიიჩნიეს დაუშვებლად, ვინაიდან არ შეესაბამებოდა სსკ-ს 414-ე მუხლის მოთხოვნას.

2002წ. 19 ნოემბერს ნ. ც-ამ სარჩელით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ მისი მშობლები, რ. და ნ. ც-ები, 1937 წელს საეკლესიო წესით დაქორწინდნენ, 60 წლის განმავლობაში ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და ზრდიდნენ შვილებს, რომლებიც მოგვიანებით გამოეყვნენ მშობლებს და შექმნეს ცალკე ოჯახები. ნ.ც-ას განმარტებით, ძველი სამოქალაქო კანონმდებლობა იმპერატიულად არ ითვალისწინებდა ქორწინების რეგისტრაციას. 1990 წელს რ. ც-ამ კუთვნილი ქონება უანდერძა შვილიშვილს – ე. ც-ას. 1997 წელს იგი გარდაიცვალა. მოსარჩელის განმარტებით, მან გაყიდა თავისი ბინა და საცხოვრებლად დედასთან გადავიდა. ხოლო 1998წ. 28 დეკემბერის ანდერძით ნ. ც-ამ მის საკუთრებაში არსებული ქონება გადასცა ნ. ც-ას. მოსარჩელის აზრით, უსაფუძვლო იყო მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, თითქოს ნ. ც-ა არ წარმოადგენდა რ. ც-ვას კანონიერ მეუღლეს, მას არ შეუქმნია არანაირი ქონება და ამიტომ რ.ც-ას დანატოვარი ქონების თანამესაკუთრეს არ წარმოადგენდა.

ე. ც-ამ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, მისი განცხადება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ განხილულიყო როგორც სარჩელი. ე.ც-ას აზრით, ნ. ც-ას მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, რადგან ნ.გ-ა-ც-ას სამკვიდრო არ დარჩენია, ამასთან, შეგებებული სარჩელის ავტორს გაშვებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა. სკ-ს 1433-ე მუხლის საფუძველზე, ე. ც-ამ მოითხოვა: რ. ც-ას მემკვიდრედ და სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა, ხოლო ნ.ც-ასათვის უარის თქმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ე. ც-ა ცნობილ იქნა სადავო ქონების მესაკუთრედ.

რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ც-ამ სადავო სახლი ააშენა ნინა გაბელაიასთან არარეგისტრირებულ ქორწინებამდე. მათი თანაცხოვრების პერიოდში ნ.გ-ას არანაირი ქონება არ შეუქმნია. ამრიგად, მართალია, მან თავისი ქონება უანდერძა ნ.ც-ას, მაგრამ, როგორც ირკვევა, მას ასეთი რამ არ გააჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ც-ამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ნ.ცანავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მას მიეკუთვნა დედის – ნ. გ-ა-ც-ას მიერ 1998წ. 12 დეკემბრის ანდერძით გათვალისწინებული ამჟამად არსებული ქონება.

პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწმეთა ჩვენება სადავო სახლის 1937 წლამდე აშენების შესახებ, ვინაიდან 1937 წელს ზემოხსენებული მოწმეებიდან არც ერთი დაბადებული არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ აბაშის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 2002წ. 13 დეკემბრით დათარიღებულ ¹79 ცნობაზე, რომლის თანახმად, სადავო სახლი რ.ც-ამ ააშენა 1939 წელს. პალატამ არ გაიზიარა ამ საკითხთან დაკავშირებით ე.ც-ას არგუმენტი, თითქოს სადავო სახლი ბიუროში აღირიცხა 1990 წელს, რაც დაფიქსირებულია ტექპასპორტში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ ტექპასპორტში არ არის მითითებული სადავო სახლის აშენების თარიღი.

საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. და რ. ც-ები 1937 წლიდან ცხოვრობდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და არასოდეს ჰქონიათ ერთმანეთისადმი ქონებრივი პრეტენზია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის არსებობდა გარიგება ქონების ერთად ფლობის, თანამესაკუთრის უფლებით სარგებლობისა და განკარგვის შესახებ. პალატამ იხელმძღვანელა სკ-ს 53-ე მუხლითა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ რ.ც-ასა და ნ.გ-ა-ც-ას შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მათ შორის გარიგების არსებობა, რომლის საფუძველზეც წარმოეშვათ საერთო საკუთრება. საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებში ნ. გ-ა ატარებს მეუღლის – ც-ას გვარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენლად მიიჩნია, რომ ნ. და რ. ც-ები წარმოადგენდნენ მეუღლეებს და მათ ურთიერთობაზე გაავრცელა სკ-ს 1152-ე და 1159-ე მუხლების მოთხოვნები. საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავის სიცოცხლეში ისინი თანაბრად განკარგავდნენ თანასაკუთრებაში არსებულ ქონებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა სკ-ს 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ნ. ც-ა უფლებამოსილი იყო მისი კუთვნილი ქონება ანდერძით ნებისმიერი პირისათვის დაეტოვებინა.

საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა ე.ც-ას არგუმენტი ნ. ც-ას მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და დადასტურებულად მიიჩნია ნ.ც-ას მიერ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის დაცვით ნოტარიუსისათვის მიმართვის ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თავად ე. ც-ას ზემოხსენებულ ვადაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს და სამკვიდროს დაუფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვინაიდან გაურკვეველია, მის მიერ წარმოდგენილ საგადასახადო ქვითრებიდან კონკრეტულად რომელი სახლის გადასახადებია გადახდილი.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, ე. ც-ას მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის ხის სამზარეულოს გადაცემაზე უარის თქმით იგი ფაქტობრივად აღიარებს ნ.ც-ას უფლებას ნაანდერძებ ქონებაზე. რაც შეეხება სადავო სახლს, ორივე მხარის განმარტებით, ამჟამად იგი აღარ არსებობს, ხოლო ნათელა ცანავას გასხვისებული ქონებიდან მისი წილის ანაზღაურება არ მოუთხოვია. ამრიგად, სსკ-ს 248-ე მუხლის თანამხად, სასამართლო უფლებამოსილი არ არის გასცდეს მოთხოვნას.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ც-ამ და მისმა წარმომადგენელმა რ.შ-ამ.

კასატორის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის მსჯელობა ნ. გ-ასა და რ. ც-ას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ წინააღმდეგობრივია, როდესაც ერთი მხრივ სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს რეგისტრირებული ქორწინება, მეორე მხრივ კი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებზე ავრცელებს რეგისტრირებულ მეუღლეთა კანონიერ უფლება-მოვალეობებს. კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 53-ე მუხლი და არ გაითვალისწინა 54-ე მუხლის მოთხოვნები. მხარის აზრით, დაუშვებელია უძრავ ქონებაზე ზეპირი გარიგების საფუძველზე რაიმე უფლების წარმოშობა.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სადავო სახლის აგების დროის შესახებ და აღნიშნა, რომ ცნობა ¹79-ში ტექპასპორტის საფუძველზე სახლის აგების თარიღად 1939 წელია მითითებული. საოლქო სასამართლოს განმარტებით კი აღნიშნული თარიღი მითითებული არ არის. სახლი აღრიცხულ იქნა 1990 წელს. ამრიგად, შეუძლებელია აბაშის ტექბიუროში არსებობდეს მისი 1939 წელს აშენების დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უყურადღებოდ დატოვა, მათ შორის ნ.ც-ას შუამდგომლობით, დაკითხული მოწმეთა ჩვენებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო სახლი ამჟამად ფიზიკურად აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მოწმეთა ჩვენებების გვერდის ავლით მისი აგების თარიღის დადგენა. კასატორის მოსაზრებით, ნ. ც-ას გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ხანდაზმულობის ვადა, რომლის აღდგენა მას არ მოუთხოვია, ხოლო ე. ც-ა დროულად შეუდგა სამკვიდროს ფლობას. საკასაციო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება აგებულია მხოლოდ და მხოლოდ პალატის მოსაზრებებსა და ეჭვებზე და არა ფაქტობრივ გარემოებათა სწორ შეფასებაზე. ამრიგად, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ც-ას მოთხოვნებს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 412-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს, თუკი საოლქო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები სრულად არ არის დადგენილი და მტკიცებულებები დამატებით გამოკვლევას საჭიროებენ.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საერთოდ დაუსაბუთებელია, კერძოდ, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილით და საქმის მასალებითაც ნ. ც-ას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დედის _ ნ. გ-ას კუთვნილი ქონების, მდებარე ქ.აბაშა, ... (სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის) მიკუთვნება. სამოტივაციო ნაწილით სადავო სახლი ამჟამად აღარ არსებობს, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით ნ. ც-ას მიეკუთვნა ნ. გ-ას ანდერძით გათვალისწინებული ამჟამად არსებული ქონება. სასამართლომ სკ-ს 1328-ე მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით იმსჯელა რა ანდერძით გათვალისწინებულ ქონებაზე, არ განსაზღვრა, თუ რა შედიოდა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში. სსკ-ს 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 253-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა განესაზღვრა კონკრეტულად რა წარმოადგენდა სარჩელის საგანს, ანუ რა ქონებას ითხოვდა ნ. ც-ა, დავის გადაწყვეტის დროისათვის არსებობდა თუ არა ეს ქონება და მისი ნატურით დაუდგენლობის შემთხვევაში რა ღირებულების ქონება უნდა მიკუთვნებოდა მოდავე მხარეს.

ამავე გადაწყვეტილებით სასამართლოს უნდა ემსჯელა ე. ც-ას მოთხოვნის კანონიერებაზე და შესაბამისად, მიეღო დასკვნა მისი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს. სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად ცნო რა 1937 წლიდან რ. ც-ასა და ნ. გ-ას ერთ ოჯახად ცხოვრება, ყოველგვარი იურიდიული დასაბუთების გარეშე მიუთითა სკ-ს 53-ე, 173-ე, 176-ე, 1152-ე და 1159-ე მუხლებზე.

საქმის ხელახალმა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ნ. გ-ა რ. ც-ას მემკვიდრე, რა შედის აწ გარდაცვლილ ნ.გ-ას სამკვიდრო ქონებაში და შემდეგ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ც-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

¹