საქმე N140100121005122884
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №660აპ.-22 16 დეკემბერი, 2022 წელი
გ-ი თ. , №660აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2022 წლის 8 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ შორენა მგალობლიშვილის სააპელაციო საჩივარი და 2022 წლის 4 მაისს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ: თ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 9 სექტემბრიდან 2022 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.
1.2. მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადოკატმა მ. ს-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის განაჩენის გაუქმება დანიშნული სასჯელის ნაწილში.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის განაჩენის მოტივაცია თ. გ-ისათვის დანიშნული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის - 6 წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლის შესახებ და განმარტა, რომ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კანონისმიერი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, გამორიცხავდა პირობითი მსჯავრის გამოყენების მიზანშეწონილობას. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა არა მხოლოდ თ. გ-ის მიერ დანაშაულის აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, არამედ დამამძიმებელი გარემოებებიც - მართვის უფლების არქონის გამო ორჯერ სამართალდამრღვევად ცნობისა და შემთხვევის დღეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის პირობებში მართვის ფაქტები. რაც შეეხება დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ პოზიციას, სასამართლოს შეფასებით, იგი უპირობოდ არ უნდა გამხდარიყო დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძველი, რაც, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნების მიღწევას.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნის მიღწევას. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოხატულ პოზიციაზე თ. გ-ის მიმართ პრეტენზიის არქონისა და პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე თანხმობის შესახებ.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. გ-ისათვის დანიშნული სასჯელის სახის, ზომისა და მისი მოხდის ფორმის შესახებ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების სიმძიმე (ჩადენილია მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული), ქმედების ხასიათი (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (დაზარალებულის გარდაცვალება), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულის პიროვნება და მისი წარსული ცხოვრება - დანაშაულის ჩადენამდე მცირე დროით ადრე მართვის უფლების გარეშე სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ორჯერ სამართალდამრღვევად ცნობა, ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, თ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
4.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. გ-ს სწორედ შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური და არა - უფრო მეტი ვადით, რაც სრულად შეესაბამება სასჯელის პროპორციულობის პრინციპსა და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
4.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის შესახებ და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებების (დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული მძიმე შედეგი; ავტომობილის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის პირობებში, მართვის უფლების გარეშე, ადმინისტრაციული სახდელების დადების მიუხედავად) გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება და პირობითი მსჯავრის დადგენა.
4.6. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ არგუმენტს დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობა არ წარმოადგენს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თვითკმარ საფუძველს, მითუფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მკვეთრად შეცვალა პოზიცია და უარი განაცხადა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე, ხოლო უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია ამ უკანასკნელისაგან განსხვავებული პოზიცია.
4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მალხაზ სალაყაიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე