Facebook Twitter

¹ ას-335-1008-03 30 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: რეგისტრაციის გაუქმება და საწესედებო კაპიტალში შეტანილი ქონების ამორიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 20 ნოემბერს რეგისტრირებულმა კოოპერატივმა “წ.-მ” სამომხმარებლო კოოპერატივის ...-ის რაიკოოპერატივისა და ...-ის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1974-78 წლებში ც.-ის მიერ ცენტრალიზებული წესით წ.-ში აშენდა სავაჭრო სახლი, რომელიც შედიოდა წ.-ის კოოპერატივის დაქვემდებარებაში. წ.-ის კოოპერატივის გამგებლის 1978წ. 10 ნოემბრის ბრძანებით მასში განთავსდა ¹... სამრეწველო, სამეურნეო, ჭურჭლის მაღაზიები, კულტმაღაზია და გასტრონომი. წ.-ის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის მიერ სავაჭრო ობიექტი დაიყო 11 სექციად და 1978წ. ნოემბერში დაიწყო ფუნქციონირება. 1979წ. 7 მარტს შეიქმნა სავაჭრო ცენტრი, რომელიც კვლავ წ.-ის კოოპერატივის დაქვემდებარებაში დარჩა.

1996 წელს რაიონის ტერიტორიაზე მოხდა სავაჭრო სისტემის რეორგანიზაცია, გაუქმდა მ.-ის და აღდგენილ იქნა “წ.-ა” საზოგადოება, რომელშიც შევიდა სავაჭრო ცენტრი. ...-ის რაიონში არსებული რაიკოოპერატივების გაერთიანებით შექმნილი იყო ...-ის რ.-ი, რომელიც კურირებდა ყველა კოოპერატივს, მათ შორის წ.-ის კოოპერატივსაც სავაჭრო ცენტრთან ერთად.

1997 წელს ...-ის რ.-ი დაიშალა. მისი შემადგენლობიდან გამოვიდნენ მაღაროსა და ...-ის კოოპერატივები, რომლებიც ფიზიკურად აღარ არსებობდნენ (კანონის თანახმად, რაიკავშირი აღარ არსებობდა, ვინაიდან მასში გაერთიანებული არ იყო 5 წევრი კოოპერატივი). წ.-ის კოოპერატივი კი ფორმალურად იყო რ.-ის შემადგენლობაში. აღნიშნულის გამო მთელი ქონება უნდა განაწილებულიყო მ.-ისა და წ.-ის კოოპერატივებზე, მაგრამ განაწილება არ განხორციელდა.

მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ ...-ის რ.-ს 1997წ. 29 დეკემბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გაუვლია რეგისტრაცია და საწესდებო კაპიტალად დაუდგენია 54213 ლარი. მართალია, მასში შეტანილი არ იყო წ.-ის სავაჭრო სახლი, მაგრამ ...-ის რაიკოოპერატივი ძველი პრინციპით განაგრძობდა სავაჭრო სახლის კურირებას, თუმცა მასში მომუშავე პირები “წ.-ს” საზოგადოების მეპაიეები იყვნენ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ...-ის რაიკავშირის 1997წ. 29 დეკემბრის რეგისტრაცია და შემდგომში 2001წ. 12 ივნისს და 20 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებები მომხდარია “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5, 54-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე, 66-ე მუხლების დარღვევით. კერძოდ, ...-ის რ.-ის განცხადებაში რეგისტრაციის შესახებ და წესდებაში დამფუძნებულად მითითებულია 5 პირი: წ.-ის, მ.-ის კოოპერატივები, საზკვების ფილიალი, დამზადების ფილიალი, შპს “პ.-ი”, მაგრამ ხელს აწერს მხოლოდ ერთი დამფუძნებელი. გაურკვეველია თუ რა ქონება არის შეტანილი საწესდებო კაპიტალში.

2001წ. 12 ივნისის და 20 სექტემბრის ცვლილებების მიხედვით კი საწესდებო კაპიტალი საერთოდ არ არის მითითებული. არ არის დადგენილი მეპაიეთა წილი და პაის ოდენობა. საწესდებო კაპიტალი 54213 ლარი არ წარმოადგენს 50-ზე გაყოფად რიცხვს. არ არის განსაზღვრული გამგეობის შუამდგომლობა. ახალ წესდებაში საერთოდ არ ფიგურირებენ ძველი დამფუძნებლები, გაურკვეველია უფლებემონაცვლეობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ობიექტი ...-ის რაიკოოპერატივის საწესდებო კაპიტალში არ ფიგურირებს, ის თვითნებურად სარგებლობს სავაჭრო ცენტრის შენობით, რომელიც გაქირავებული აქვს. ტექნიკური აღრიცხვის რაიონულ სამსახურში წ.-ის სავაჭრო ცენტრის შენობა რ.-ის წერილის საფუძველზე ყოველგვარი საფუძველის გარეშეა აღრიცხული ...-ის რ.-ის საკუთრებად.

მოსარჩელემ მოითხოვა ...-ის რ.-ის 1997წ. 29 დეკემბრის რეგისტრაციის, სიღნაღის რაიონულ სასამართლოს 2001წ. 12 ივნისისა და 20 სექტემბრის, ...-ის “რ.-ში” ცვლილებების შეტანის შესახებ, დადგენილებებისა და ...-ის ტექაღრიცხვის სამსახურში წ.-ის სავაჭრო ცენტრის ...-ის “რ.-ის” სახელზე არსებული აღრიცხვის გაუქმება, სადავო ობიექტის გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან და საკუთრების უფლებით მისი დაბრუნება “წ.-ს” საზოგადოებისათვის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წ.-ის სავაჭრო ცენტრი აშენებულია ...-ის “რ.-ის” ფულადი სახსრებითა და საბანკო კრედიტით, რაც დასტურდება ექსპერტის დასკვნით. სავაჭრო ცენტრი არასდროს არ ყოფილა “წ.-ს” საზოგადოების ბალანსზე.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1997წ. 19 სექტემბრის დადგენილება საწარმოს რეგისტრაციის შესახებ.

გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივნისისა და 20 სექტემბრის, კოოპერატივ ...-ის “რ.-ის” ცვლილების შეტანის შესახებ, დადგენილებები;

გაუქმდა ...-ის ტექაღრიცხვის სამსახურის ჩანაწერი წ.-ის “სავაჭრო ცენტრის” ...-ის “რ.-ის” სახელზე არღიცხვის შესახებ.

გაიხსნა სალიკვიდაციო პროცესი და დაევალა სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

...-ის სამომხმარებლო კოოპერატივ “რ.-ის” უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა “წ.-ის სავაჭრო ცენტრის” შენობა.

შენობა ოპერატიული მართვისათვის ტერიტორიული პრინციპის მიხედვით გადაეცა “წ.-ს საზოგადოებას”;

“წ.-ის სავაჭრო ცენტრის” საკუთრების საკითხი დარჩა ღიად და მისი საკუთრების საკითხის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო სიღნაღის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სამომხმარებლო კოოპერაციული საზოგადოების მეპაიების მიერ, თითოეული მეპაიეს პაის ოდენობის გათვალისწინებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით ...-ის რაიკოოპერატივის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა წ.-ის სავაჭრო ცენტრის შენობის ოპერატიული მართვის უფლებით “წ.-ს” საზოგადოებისათვის გადაცემის ნაწილში.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ...-ის რ.-ში გაერთიანებული იყო 5 იურიდიული პირი. 1997 წელს ...-ის რ.-ი დაიშალა, მაგრამ მისი ქონება კავშირის წევრებს შორის კანონით დადგენილი წესით არ განაწილებულა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ადგენს სამომხმარებლო კოოპერაციის ძირეულ რგოლს (მე-3 მუხლი 1 ნაწილი), სამომხმარებლო კოოპერატივისა და ცენტრალური კავშირის რეორგანიზაციის ლიკვიდაციისას ქონების განაწილების წესს.

კერძოდ, სამომხმარებლო კოოპერატივის დროს ქონება, რომელიც დარჩება შრომის ანაზღაურების, ბიუჯეტთან, ბანკებთან და სხვა კრედიტორებთან ანგარიშწორების შემდეგ, წესდებისა და კანონმებლობის შესაბამისად ნაწილდება სამომხმარებლო კოოპერატივის წევრ მეპაიეებს შორის; სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის შემთხვევაში კი ქონება ნაწილდება კავშირის წევრებს შორის.

“სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” კანონის მიღებამდე მოქმედი რ.-ის სანიმუშო წესდების 65-ე პუნქტიც კი ითვალისწინებდა რ.-ის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარჩენილი ქონების ზემდგომ კოოპერაციული ორგანიზაციისათვის გადაცემის წესს, ანუ ქონება ყველა შემთხვევაში გადაეცემოდა უფლებამონაცვლეობის წესით. მიუხედავად იმისა, რომ ...-ის რ.-მ 1997 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა, მისი ქონება დადგენილი წესით წევრებს შორის განაწილების ნაცვლად, აღირიცხა არაუფლებამოსილი, არაუფლებამონაცვლე ახლადშექმნილი იურიდიული პირის “...-ის რ.-ის” სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “წ.-ის სავაჭრო ცენტრი ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ “...-ის რ.-ის” სახელზე აღრიცხულია იურიდიული მნიშვნელობის მქონე საბუთის გარეშე (გარიგება ქონებაზე საკუთრების მიღების შესახებ, მიღება ჩაბარების აქტი და სხვ.).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ქონების გამოთხოვის უფლება “წ.-ს საზოგადოებას”, როგორც სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის ყოფილ წევრს, გააჩნია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ...-ის რაიკოოპერატივის წესდებაში საწესდებო კაპიტალი მითითებული საერთოდ არ არის. მისი დამფუძნებლია მ.-ისა და წ.-ის სამომხმარებლო კოოპერატივები, საზკვების გაერთიანება, პურკომბინატი და დამზადების გაერთიანება. დამფუძნებელთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერები, მათი მონაცემები, პარტნიორთა შენატანის ოდენობა და წილი სასამართლოში რეგისტრაციისათვის წარდგენილი არ ყოფილა.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.2, 5.4.1 “ვ”, 5.4.3 მუხლების მიხედვით პარტნიორები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ განცხადებას რეგისტრაციის შესახებ; განმცხადებელმა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე სასამართლოში უნდა დატოვონ ზუსტი ხელმოწერის ნიმუშები, აგრეთვე, თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით, განცხადება უნდა შეიცავდეს კოოპერატივების შემთხვევაში არანაკლებ ორი პარტნიორის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, პროფესიასა და საცხოვრებელ ადგილის, დამფუძნებელი იურიდიული პირის რეგისტრაციის მონაცემებს; საწესდებო კაპიტალის ოდენობას და საბუთს შესრულებული შენატანის შესახებ; ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა განისაზღვრება წილის მიხედვით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ცვლილებების რეგისტრაციისას ასევე დარღვეული იყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის 61.1-2, 64.3, 66.1 მუხლები. პაი უნაშთოთ არ იყოფა 50-ზე. კოოპერატივში წევრად მისაღებ პირთა სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები საქმეში არ მოიპოვება. წარმომადგენელთა კრება არ შედგება 50 პირისაგან, კოოპერატივის გამგეობა არ არის წარმოდგენილი არანაკლებ ორი დირექტორით, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემდგომში განხორციელებული ცვლილებებიც ვერ აკმაყოფილებდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ...-ის რაიკოოპერატივის მოსაზრებას წ.-ის სავაჭრო ცენტრის შენობის ...-ის რ.-ის სახსრებით აშენებისა და მასზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო ობიექტი ...-ის რ.-ის სახსრებით რომ აშენებულიყო, მისი ფუნქციონირების შეწყვეტის შემდეგ, “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” კანონის მიხედვით ეს ქონება უნდა განაწილებულიყო წევრებს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს არა მისი ყოფილი წევრი, არამედ ახლადშექმნილი სამეურნეო სუბიექტი, რომელიც ...-ის რ.-ის ყოფილი წევრი, ან მის უფლებამონაცვლე არ არის, ამიტომ ამგვარი მოთხოვნა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა საკუთრების უფლების დადგენის თვალსაზრისით, მტკიცებულებით ძალის არმქონეა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელეს არ მოუთხოვია “წ.-ის სავაჭრო ცენტრის” შენობის ოპერატიული მართვის უფლებით გადაცემა სსკ-ს 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა გასცდენოდა მოთხოვნის ფარგლებს.

2003წ. 8 ივლისს ...-ის რაიკოოპერატივმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოსაზრებით:

კასატორს მიაჩნია, რომ “წ.-ს საზოგადოება” არ არის ადრე არსებული “წ.-ს საზოგადოების” სამართალმემკვიდრე, რომლის მეპაიეებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული “წ.-ის სავაჭრო ცენტრთან”. იგი დაფუძნებული და რეგისტრირებულია 1999წ. 20 იანვარს, არ არის სადავო ქონების მესაკუთრე, ამიტომ უფლება არა აქვს სარჩელი აღძრას მოპასუხის საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმებისა და მისგან ქონების გამოთხოვის შესახებ;

კასატორს იურიდიულად დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილი “წ.-ის სავაჭრო ცენტრის” საკუთრების საკითხის ღიად დატოვების შესახებ; სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ “წ.-ის სავაჭრო ცენტრის” საკუთრების საკითხი გადაწყდეს რაიონის ტერიტორიაზე არსებული სამომხმარებლო კოოპერაციული საზოგადოების მეპაიეების მიერ თითოეულის პაის ოდენობის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევად;

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2001წ. 12 ივნისის დადგენილების გაუქმების შესახებ, მაშინ, როცა სარჩელით ამ დადგენილების გაუქმება მოთხოვნილი არ ყოფილა. (კასატორი ყურადღებას ამახვილებს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილზე, რომელშიც არ არის დაფიქსირებული ამ დადგენილების გაუქმების მოთხოვნა);

კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს რეგისტრაციის გაუქმებისა და სალიკვიდაციო პროცესის გახსნის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაში ამგვარი გადაწყვეტილების მიღება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის დარღვევად მიაჩნია;

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა “უფლება სამართლიან სასამართლოზე”, რაც იმაში გამოიხატება, რომ მან ვერ მიიღო მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ 1997 წელს ...-ის რ.-ი დაიშალა, მაგრამ მისი ქონება კავშირის წევრებს შორის განაწილებული არ ყოფილა.

ასევე უდავოდ დადგენილია, რომ სამომხმარებლო კოოპერატივი (“რ.-ი”) დაფუძნდა და რეგისტრაციაში გატარდა 1997წ. 29 დეკემბერს. მისმა საწესდებო კაპიტალის მოცულობამ შეადგინა 54213 ლარი. თავმჯდომარედ დარეგისტრირდა ი. ხუნაშვილი.

2001წ. 12 ივნისს რეგისტრაციაში შევიდა ცვლილება. შეიცვალა თავმჯდომარე, დანარჩენ ნაწილში 1979წ. 29 დეკემბრის დადგენილება დარჩა უცვლელად.

...-ის “რ.-ის” წარმომადგენელთა 2001წ. 13 სექტემბრის ოქმით სამეწარმეო რეესტრში შევიდა ცვლილება. “...-ის რ.-ს” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა “...-ის რაიკოოპერატივი, შეიცვალა გამგეობის შემადგენლობა, საწესდებო კაპიტალი, მეპაიეთა რიცხოვნობა და წესდება.

საწესდებო კაპიტალი დამტკიცდა თანხით 118252 ლარი, აუდიტის დასკვნაში კაპიტალის ოდენობა განისაზღვრა 118252 ლარით (მითითებული არ არის ობიექტთა დასახელება, ან ფულადი შენატანის ოდენობა), შემუშავდა ახალი წესდება, რომელშიც საწესდებო კაპიტალის ოდენობა მითითებული არ იქნა (დარჩა ღიად) და 2001წ. 20 სექტემბერს მოხდა სასამართლო რეგისტრაცია.

ახალი რეგისტრაციით სამომხმარებლო კოოპერაციის რაიონული სამომხამრებლო კოოპერატივის (რ.-ის) სახელწოდება შეიცვალა და იგი იწოდა სამომხმარებლო კოოპერატივის ...-ის რაიკოოპერატივად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, უდავოდ დადგენილია, რომ ფაქტიურად აღარ არსებობს 1997წ. 29 დეკემბრის და 2001წ. 12 ივნისის რეგისტრაციები, ვინაიდან ისინი შეიცვალა 2001წ. 20 სექტემბრის ახალი რეგისტრაციით, საზოგადოებას ეწოდა ახალი სახელი, შეიცვალა წესდება და ა.შ ანუ დღევანდელი მონაცემებით აღარ მოქმედებს 1997წ. 29 დეკემბრისა და 2001წ. 12 ივნისის დადგენილებები. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რომელიც ისედაც აღარ მოქმედებს, უსაფუძვლოა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა რაიონული სასამართლოს 1997წ. 29 დეკემბრისა და 2001წ. 12 ივნისის დადგენილებების ...-ის “რ.-ის” რეგისტრაციის და წესდებაში ცვლილებების შესახებ გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მომდევნო 2001წ. 20 სექტემბრის დადგენილებით ზემოთმითითებული დადგენილებები თავისთავად არ მოქმედებს, რის თაობაზეც 2001წ. 20 სექტემბრის წესდებაში პირდაპირაა მითითებული. ამ წესდებით სინაღის რაიონის სასამართლოს მიერ 1997წ. 29 დეკემბერს რეგისტრირებული წესდება ჩაითვალა ძალადაკარგულად. საკასაციო სასამართლოს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი 2001წ. 20 სექტემბრის რეგისტრაციაზე მიღებული დადგენილების გაუქმების თაობაზე.

მართალია, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.2 მუხლის შესაბამისად, პარტნიორები, ასევე, როგორც წარმომადგენლობითი და სამეთვალყურეო ორგანოების შესაძლო წევრები, ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ საზოგადოების განცხადებას რეგისტრაციის შესახებ; პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებულნი არიან სასამართლოში დატოვონ ხელმოწერების ნიმუშები, რომელსაც საქმიან ურთიერთობაში გამოიყენებენ; განცხადება რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, სასამართლოში დატოვებული ხელმოწერის ნიმუშები, აგრეთვე, თანდართული დოკუმენტი ან მათი ასლები წარმოდგენილ უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით და მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პირობები სრულყოფილად დაცული არ არის. ამავე კანონის 54.1 მუხლის შესაბამისად, განცხადება უნდა შეიცადეს კოოპერატივების შემთხვევაში არანაკლებ ორი პარტნიორის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, პროფესიასა და საცხოვრებელ ადგილის, დამფუძნებელი იურიდიული პირის რეგისტრაციის მონაცემებს, საწესდებო კაპიტალის ოდენობას და საბუთს შესრულებული შენატანის შესახებ და ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობას წილის მიხედვით, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულყოფილად არ არის დაცული. ამავე კანონის 61.1 მუხლის შესაბამისად კოოპერატივის წევრების მინიმალური პაის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებლების მიერ და ყოველი პაი უნდა იყოფოდეს ორმოცდაათზე; 64.3 მუხლის შესაბამისად კი წარმომადგენელთა კრება შედგება სულ ცოტა ორმოცდაათი წარმომადგენლისაგან, რომელსაც ირჩევენ კოოპერატივის წევრები, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის, მაგრამ აღნიშნული გარემოებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საწარმოს რეგისტრაცია გაუქმდეს.

მართალია, მეწარმეთა შესახებ კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად, თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული, მაგრამ რეგისტრაციის მასალებში ხარვეზის აღმოჩენისას სასამართლო ვალდებულია, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს მისცეს ხარვეზის გამოსწორების საშუალება და ამისთვის დაენიშნოს ვადა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამომხმარებლო კოოპერატივის ...-ის რაიკოოპერატივის (“...-ის რაიკოოპერატივი”) რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელია ვინაიდან, შესაძლებელია მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5, 61-ე, 64-ე და 66-ე მუხლებათან შესაბამისობაში მოყვანა გარკვეული დროის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა 1997წ. 29 დეკემბრის 2001წ. 12 ივნისისა და 20 სექტემბრის რეგისტრაციის თობაზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ცხადია უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სალიკვიდაციო პროცესის გახსნისა და სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, ვინაიდან სალიკვიდაციო პროცესის გახსნა და სალიკვიდაციო კომისიის შექმნის დავალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, თუკი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “წ.-ს საზოგადოებას”, ვინაიდან იგი არ არის ადრე არსებული “წ.-ს საზოგადოების” უფლებამონაცვლე, უფლება არა აქვს დააყენოს საკითხი ქონების გამოთხოვისა და რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

“მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის პირველი აბზაცის ბოლო წინადადების შესაბამისად რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს, აგრეთვე, საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის სარჩელის საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კიდევაც, რომ არ იყოს “წ.-ს საზოგადოების” სამართალმემკვიდრე და მოპასუხის საწესდებო კაპიტალში ჩადებული ქონების მესაკუთრე მას, როგორც მესამე პირს უფლება აქვს მოითხოვოს, როგორც მოპასუხის საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება, ისე საწესდებო კაპიტალიდან ქონების გამოთხოვა, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, მესამე პირებად ითვლებიან ის პირები, რომლებიც არ არიან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორები, წარმოადგენენ მომავალი გარიგების მხარეს, არ წარმოადგენენ გარიგების მხარეს, მაგრამ გარიგება შეიძლება დაიდოს მათ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ (ე.ი გარიგება შეეხოთ მათ ინტერესებს). მესამე პირად ითვლება ასევე, ყველა ის პირი, რომელსაც შეიძლება წარმოეშვას მოთხოვნა საზოგადოების ან მისი პარტნიორის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ მოსარჩელეს უკვე აქვს მოთხოვნა მოპასუხე საზოგადოების მიმართ “წ.-ის სავაჭრო ცენტრთან” დაკავშირებით, ამიტომ იგი მოცემულ დავაში შეიძლება გამოდიოდეს მოსარჩელედ. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის, რომ იგი წარმოადგენდეს იმ სადავო ქონების მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც მოითხოვს.

არასწორია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ “წ.-ის სავაჭრო ცენტრის” საკუთრების საკითხის ღიად დატოვებით, როცა სასამართლომ მიუთითა, რომ მისი მესაკუთრეობის საკითხი გადაწყვეტილიყო მეპაიების მიერ თითოეულის პაის ოდენობის გათვალისწინებით და ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ, დაირღვა სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა.

სსკ-ს 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა “წ.-ის სავაჭრო ცენტრის” მის საკუთრებაში აღრიცხვას, ანუ ამ ფართზე მესაკუთრედ ცნობას.

სასამართლომ “წ.-ის სავაჭრო ცენტრის” საკუთრების საკითხი დატოვა ღიად. ანუ არ გადაწყვიტა სარჩელი ამ ფართზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ გასცდენია სარჩელის ფარგლებს. თავისი გადაწყვეტილებით მხარისათვის არ მიუკუთვნებია იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლომ გადაწყვეტილებაშივე ახსნა, თუ რა გზით შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო ამ ფართის მესაკუთრეობის საკითხი. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებაში იმის მითითება, რომ ამ ფართის მესაკუთრეობის საკითხი შეიძლება გადაწყდეს ...-ის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სამომხმარებლო კოოპერატიული საზოგადოების მეპაიეების მიერ თითოეულის პაის ოდენობის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას და გადაწყვეტილებაში ამგვარ მითითებას არ შეუძლია გადაწყვეტილების გაუქმება გამოიწვიოს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს სარჩელით არ იყო მოთხოვნილი 2001წ. 12 ივნისის დადგენილების გაუქმება.

საქმეში არსებული დამატებითი სარჩელით მოთხოვნილია ამ დადგენილების გაუქმებაც. (ეს სარჩელი წარმოებაში ცალკე განჩინებით არ არის მიღებული, მაგრამ სსკ-ს 183-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი წარმოებაში მიღებულად ითვლება სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის გასვლის შემდეგ).

მართალია, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში, სადაც ჩამოთვლილია მოსარჩელის მოთხოვნები, მითითებული არ არის 2001წ. 12 ივნისის დადგენილების გაუქმების შესახებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ არსებობდა. ამავე გადაწყვეტილების სხვა ნაწილებში, ასევე სხდომის ოქმში, მოსარჩელის მოთხოვნა ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული.

სააპელაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა _ “უფლება სამართლიან სასამართლოზე”, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან ვერ მიიღო მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილება.

საქმეში არსებული რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება მხარეს გადაეგზავნა 2003წ. 2 ივნისს, 8 ივნისს კი მან შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “წ.-ის სავაჭრო ცენტრი” კანონის დარღვევითაა შეტანილი მოპასუხის საწესდებო კაპიტალში და ტექაღრიცხვის სამსახურში ასევე უკანონოდაა აღრიცხული მოპასუხის სახელზე. ტექაღრიცხვის ბიუროსათვის საზოგადოების საკუთრებად ქონების აღრიცხვის საფუძველი არ შეიძლება გახდეს მარტოოდენ საზოგადოების მიმართვა. ქონების მესაკუთრედ ცნობის საფუძველი ასევე არ შეიძლება გახდეს ექსპერტიზის დასკვნა.

სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისათვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში სადავო “წ.-ის სავაჭრო ცენტრის” ფართთან დაკავშირებით საკუთრების შეძენის თაობაზე მოპასუხეს ამგვარი დოკუმენტები მართლაც არ გააჩნდა, რის გამოც იგი უფლებამოსილი არ იყო აღნიშნული ფართი შეეტანა თავის საწესდებო კაპიტალში, ხოლო ტექაღრიცხვის სამსახური უფლებამოსილი არ იყო იგი აღერიცხა მოპასუხის საკუთრებად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ “წ.-ის სავაჭრო ცენტრი” სწორად ამორიცხა მოპასუხის საწესდებო კაპიტალიდან, სწორად მოახდინა ამ ქონების გამოთხოვა და სწორად მიუთითა სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ საწესდებო კაპიტალიდან უნდა ამოიღოს წ.-ის სავაჭრო ცენტრი, ტექაღრიცხვის სამსახურმა კი შეიტანოს ცვლილება სადავო ობიექტის კუთვნილებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 1997წ. 29 დეკემბრის ნაცვლად სასამართლოების გადაწყვეტილებებში ზოგიერთ ადგილზე შეცდომით მოხსენიებულია 19 სექტემბერი, რასაც საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

კასატორის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1) გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილება საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით, საწარმოს რეგისტრაციის შესახებ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1997წ. 19 სექტემბრის (29 დეკემბერი), 2001წ. 12 ივნისის და 20 სექტემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე უცვლელად დატოვების შესახებ და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

“წ.-საზოგადოების” სარჩელი, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1997წ. 19 სექტემბრის (29 დეკემბერი) 2001წ. 12 ივნისისა და 20 სექტემბრის დადგენილებების (საწარმოს რეგისტრაცია და რეგისტრაციაში ცვლილებები) გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

2) გაუქმდეს ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც გაიხსნა სალიკვიდაციო პროცესი და შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია.

3) სამომხმარებლო კოოპერაციის ...-ის რაიკოოპერატივს რეგისტრაციის დროს დაშვებული ხარვეზების შესავსებად მიეცეს სამთვიანი ვადა.

4) დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.