საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
განიხილა კასატორ ლ. ნ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, საქმეზე ¹ბს-14-9-კ-05წ. ლ. ნ-ის წარმომადგენელ გ. კ-ას საკასაციო საჩივრის გამო, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004წ. 17 მაისს მ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა აბაშის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: აბაშის რ-ნის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და ლ. ნ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა აბაშის რ-ნის სოფლის მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილების, 10 ჰა მიწის ნაკვეთის საიჯარო წესით მოქ.ე ლ. ნ-ზე გადაცემის შესახებ, ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
ქ. აბაშაში მცხოვრებ ა. გ-ას იჯარის წესით სარგებლობაში ჰქონდა 10 ჰა მიწა, რომელზეც თავისი სახსრებით გააშენა სხვადასხვა ნარგავი და ააშენა კარვები, საძროხე-სადგომები. იმ გარემოების გამო, რომ ა. გ-ა სადავო მიწის ფართობს უბრუნებდა “მეიჯარეს”, მოსარჩელემ თხოვნით მიმართა ქ. აბაშის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროს გ. კ-ას, რათა აღნიშნული მიწის ნაკვეთი იჯარის წესით სარგებლობაში მისთვის გადაეცათ.
ქ. აბაშის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროს გ. კ-ასთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ ა. გ-ას გადაუხადა 700 ლარი მიწის ნაკვეთზე გაშენებული სადგომ-ხეხილისათვის და 2003წ. 1 მაისიდან დაიწყო სადავო 10 ჰა მიწის ნაკვეთის დამუშავება.
2003წ. 16 მაისს მოსარჩელე მ. კ-ამ განცხადებით მიმართა ქ. აბაშის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს და მოითხოვა სადავო 10 ჰა მიწის ფართობის იჯარის წესით გადაცემა, მაგრამ მისთვის იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ მიწის გამცემმა მუდმივმოქმედმა კომისიამ თბილისში მცხოვრებ ვ. ნ-ს, 2003წ. 3 მაისით დათარიღებული განცხადების საფუძველზე მიწა გადასცა იჯარით სარგებლობაში, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, კანონსაწინააღმდეგოა იმდენად, რამდენადაც, როგორც ქ. აბაშის მკვიდრი, სარგებლობს უპირატესობით და შესაბამისად, სადავო მიწის ფართობზე აუქციონის გამოცხადების გარეშე, მიწა იჯარით მას უნდა გადასცემოდა, მით უფრო მაშინ, როდესაც რეალურად ა. გ-ასა და ქ. აბაშის სოფლის მეურნეობის სამმართველოს შორის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა არა 2003წ. 3 მაისს, არამედ 2003წ. 5 მაისს.
მოპასუხე აბაშის რ-ნის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსმა გ. კ-ამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
2001წ. 23 მარტის დადგენილებით, რომელიც დამტკიცებულ იქნა აბაშის რ-ნის გამგეობის 2001წ. 30 ივლისის ¹46 დადგენილებით, ქ. აბაშაში მცხოვრებ დ. კ-ას და ა. გ-ას იჯარით გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახნავი მიწის ფართობი “ანჯელის” მასივში 14,3 ჰა-ის ოდენობით.
2002წ. 13 მაისს ა. გ-ამ მიწის მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართა მასზე გაფორმებული საიჯარო მიწის ფართის 4,3 ჰ-ით შემცირებაზე, რის შედეგადაც ა. გ-ას იჯარის წესით სარგებლობაში დარჩა 10 ჰა მიწა, ხოლო 2003წ. 5 მაისს ა. გ-ასა და აბაშის სოფლის მეურნეობის სამმართველოს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელე მ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.
გარდა ამისა, მოპასუხის მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ მ. კ-ამ ა. გ-ას სადავო მიწის ფართზე გაშენებული სადგომ-ხეხილის საფასურად 700 ლარი გადაუხადა, არ ნიშნავს იმას, რომ სადავო მიწის ფართი მის მფლობელობაში გადავიდა. მით უფრო, რომ აღნიშნული მიწა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართია. უფრო მეტიც, “მეიჯარემ” მიწა გადასცა “მოიჯარეს” სახნავ-სათესად, ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად და არა რაიმე შენობა-ნაგებობებისა და მრავალწლიანი ნარგავების გასაშენებლად.
ასევე, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მან 2003წ. 16 მაისს განცხადებით მიმართა აბაშის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსს, რამდენადაც აღნიშნულს რეალურად ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხე ვ. ნ-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2004წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით აბაშის რაიონულმა სასამართლომ მ. კ-ას სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2003წ. 3 მაისს ლ. ნ-მა განცხადებით მიმართა აბაშის რ-ნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემ კომისიას მისთვის იჯარით 15 ჰა მიწის ფართის გადაცემის შესახებ. დადგენილია, რომ 2003წ. 5 მაისს ზემომითითებულ კომისიას განცხადებით მიმართა “მოიჯარე” ა. გ-ამ 10 ჰა მიწის ნაკვეთის ჩაბარების შესახებ, რის საფუძველზეც 2003წ. 13 მაისს შედგა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა და ¹12 ოქმის მიხედვით, დაკმაყოფილდა ლ. ნ-ის განცხადება, შედეგად მას იჯარით გადაეცა “ს.” ტერიტორიიდან “კ.” მასივში 15 ჰა, სამარღანოს მასივში 7 ჰა და ქალაქის ტერიტორიიდან “ბ.” მასივში 32 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულ სასამართლოს მიაჩნია, რომ მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის გასაჩივრებული 2003წ. 13 მაისის ¹12 გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლისა და “სახელმწფიო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების” შესახებ სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998წ. 20 აგვისტოს ¹2-372 ბრძანების საფუძველზე.
აბაშის რაიონული სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:
აპელანტი თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹444 ბრძანების და “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-8 თავის 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად, ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის კერძო პირზე საიჯარო წესით გადაცემის თაობაზე 20 დღით ადრე უნდა გამოცხადდეს კონკურსი და იჯარით გასაცემ მიწის ფართობზე საზოგადოებას მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია, რასაც, აპელანტის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია; აგრეთვე, “ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-13 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, მიწის ფართობის იჯარით კერძო პირზე გადაცემის თაობაზე წინასწარ უნდა სცოდნოდა მიწის ფართობის მფლობელს, ქ. აბაშის მერიის საკრებულოს, რომელმაც აღნიშნულის შესახებ არაფერი იცოდა; ამასთან, აპელანტი თვლის, რომ სადავო მიწის ფართის იჯარით გაცემის შესახებ განცხადება არ არის ვ. ნ-ის მიერ დაწერილი და ხელმოწერილი, რის გამოც აპელანტს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი ყალბია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები, შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება.
მოწინააღმდეგე მხარე ლ. ნ-მა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა აბაშის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა მ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა 10 ჰა მიწის ფართობის საიჯარო წესით ლ. ნ-ზე გადაცემის შესახებ აბაშის რ-ნის სოფლის მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
სადავო 10 ჰა მიწის ფართი იჯარით ჰქონდა აღებული აბაშის მკვიდრს _ ა. გ-ას.
2003წ. 3 მაისს თბილისში მცხოვრებმა ლ. ნ-მა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართა და მოითხოვა ქალაქის ტერიტორიიდან “ბაკურის” მასივში 15 ჰა მიწის იჯარით აღება.
2003წ. 5 მაისს ა. გ-ამ იჯარით გაფორმებული 10 ჰა მიწის, მდებარე “ა.” მასივში, ჩაბარების შესახებ განცხადებით მიმართა მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას, რომელმაც 2003წ. 13 მაისის ¹12 ოქმით გააუქმა იჯარის ხელშეკრულება ა. გაბელაიასთან იმ მოტივით, რომ მან ვადაზე ადრე მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. შესაბამისად, ამავე ოქმით დაკმაყოფილდა ლ. ნ-ის განცხადება და მას იჯარით გადაეცა “ს.” ტერიტორიიდან კოდორის მასივში 15 ჰა, სამარღანოს მასივში 7 ჰა და ქალაქის ტერიტორიიდან “ბ.” მასივში 32 ჰა მიწის ნაკვეთები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-3 თავის მე-3 პუნქტის, მე-5 თავის 1-ლი პუნქტის, მე-7 თავის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-8 თავის მეორე პუნქტის და მეორე თავის მე-2, მე-3 პუნქტების საფუძველზე, ქუთაისის საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც, სადავო მიწის ფართზე იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა და რეგისტრაციაში არ გატარებულა პრეტენდენტთა განცხადებები, შესაბამისად, არც განმცხადებლებისათვის უცნობებიათ კონკურსში მონაწილეობის უფლების მინიჭების შესახებ დებულებით დადგენილი წესის მიხედვით ერთთვიან ვადაში; სასამართლოს შეფასებით, სადავო ადმინისტრაციული აქტის მიღებისას დაირღვა კონკურსის საჯაროობა, რომლის შესახებ მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას პრესაში არ განუცხადებია და შესაბამისად, კონკურსის შესახებ პრესის მეშვეობით გამოცხადების გარეშე დაინტერესებული პირები ვერ მიიღებდნენ მასში მონაწილეობას; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ნ-ის განაცხადი მიწის იჯარით აღების შესახებ არ აკმაყოფილებს დებულების მე-7 თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი არ შეიცავს მონაცემებს ფიზიკური პირის გვარის, სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საპასპორტო ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტების შესახებ, აგრეთვე, განაცხადს არ ახლავს საკონკურსო წინადადება და ბიზნეს-გეგმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-ის წარმომადგენელმა გ. კ-ამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, აგრეთვე, არასწორად შეაფასა მოცემულ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
კასატორის მოსაზრებით, არამართებულია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-5 თავის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებული იყო, მიწის იჯარით გაცემის თაობაზე გამოეცხადებინა კონკურსი, რამდენადაც კასატორი თვლის, რომ იმავე დებულების მე-3 თავის მესამე პუნქტის თანახმად, მიწის იჯარით გაცემა წარმოებს უკონკურსოდ იმ შემთხვევაში, როცა მიწის იჯარით აღებას ითხოვს მხოლოდ ერთი პირი. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, ლ. ნ-ი იყო სწორედ ის ერთადერთი ფიზიკური პირი, რომელმაც განაცხადით მიმართა შესაბამის კომისიას და მას, როგორც მოქ.ეს, სრული კანონიერი უფლება ჰქონდა, მიეღო სადავო მიწის ფართი იჯარით.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ლ. ნ-ის განცხადებაში დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო მონაცემებისა და რეკვიზიტების არარსებობის გამო, სადავო ადმინისტრაციული აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც, ლ. ნ-ის წარმომადგენლის მოსაზრებით, აღნიშნული არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას, რის გამოც, იგი არ შეიძლება გახდეს აქტის ბათილად ცნობის საფუძველი; ასევე, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება ლ. ნ-ზე მიწის ფართის იჯარით გაცემის შესახებ მიღებულ იქნა აბაშის გამგეობის ნებართვის გარეშე, რაც, კასატორის მოსაზრებით, რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან სადავო ადმინისტრაციული აქტი აბაშის გამგეობამ მოიწონა და 2003წ. 23 ივნისის დადგენილებით დაამტკიცა, ხოლო, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე 2003წ. 7 ივლისს ლ. ნ-თან გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
მოწინააღმდეგე მხარემ _ მ. კ-ამ საკასაციო საჩივარი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა ლ. ნ-მა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე (განცხადება წარმოდგენილ იქნა წერილობით), იმ მოტივით, რომ კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, ის მიიღებს მონაწილეობას და დაკმაყოფილდება შესაბამისი ფართობის მიწის იჯარით აღებისას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ნ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მასზე წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით; სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები; კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორმა ლ. ნ-მა განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის _ ფიზიკური პირის ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან სსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე, 272-ე მუხლების საფუძველზე თვლის, რომ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 და 10.1 მუხლებიდან გამომდინარე, სსკ-ის 49-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა იწვევს სასამართლო ხარჯების ოდენობის განახევრებას, რის გამოც, კასატორ ლ. ნ-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის 50% _ 50 /ორმოცდაათი/ ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 10.1. მუხლებით, სსკ-ის 49-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს კასატორ ლ. ნ-ის განცხადება;
2. შეწყდეს ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. ლ. ნ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების განახევრებული ოდენობით 50 ლარის გადახდა და თანხის 100% ჩაირიცხოს ეროვნულ ბანკში, ანგარიში ¹200122900, კოდი 220101107, სახაზინო კოდი 300033114;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.