გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-336-1007-03 24 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტ.ბ-ის სარჩელი და გ.ფ-ს დაეკისრა მხარეთა საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული გამყოფი კედლის გასწვრივ ახალი, დამოუკიდებელი კედლის აშენება.
2002წ. 20 ივნისისს ტ. ბ-მა კვლავ აღძრა სარჩელი გ. და ჟ. ფ-ების წინააღმდეგ. მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისროს 2584 ლარი იმ საფუძვლით, რომ გ. ფ-მა არ აღასრულა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და არ ააშენა კედელი. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ კედლის ასაშენებელი თანხა 2584 ლარი, სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს, ასევე მოითხოვა ეზოში არსებული სველი წერტილის (ონკანის) ეზოს სხვა ნაწილში გადატანა ან გაუქმება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო:
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ. და ჟ. ფ-ებს დაეკისრათ 2644 ლარი. სველი წერტილის (ონკანის) ეზოს სხვა ნაწილში გადატანაზე ან გაუქმებაზე სარჩელს უარი ეთქვა.
ჟ. და გ. ფ-ებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა თანხის დაკისრების ნაწილში. ტ. ბ-ის მოთხოვნა სასამართლომ მიიჩნია გადაწყვეტილების აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლის თაობაზე განცხადებად და დაადგინა, რომ იგი განხილულ უნდა იქნეს ცალკე წარმოებად, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998წ. 18 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ფ-ის დაეკისრა მხარეთა საცხოვრებელი სახლის გამყოფი კედლის გასწვრივ ახალი დამოუკიდებელი კედლის ამოშენება, რომელიც არ შესრულდა.
სსკ-ს 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულის გადაცემასთან, სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში შეუძლია მიუთითოს, რომ, თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეარულებს დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზემოაღნიშნული პირობა, ანუ არ იყო მითითებული, რომ, თუ გ. ფ-ი არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, ტ. ბ-ს თვითონ შეესრულებინა ეს მოქმედება და მოპასუხისაგან მიეღო აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ტ. ბ-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მას არ შეუსრულებია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (კედელი არ არის აშენებული) და წინასწარ ითხოვს ხარჯების ანაზღაურებას.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998წ. 18 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და კედლის აშენების ნაცვლად მოპასუხეებს დაეკისრა კედლის ასაშენებელი ხარჯების – 2644 ლარის გადახდა, ე.ი ერთი და იმავე დავის საგანზე არსებობს ორი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ტ. ბ-ის სარჩელი სსკ-ს 182-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ცალკე წარმოებად უნდა გამოეყო და ამავე კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად იგი უნდა მიეჩნია გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შესახებ განცხადებად, განეხილა იგი არა სასარჩელო წამოების წესით, არამედ განცხადების განხილვის წესის შესაბამისად, როგორც კანონიერ ძალაში შესული განჩინება აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ბ-მა კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი საფუძვლიანობის შემოწმება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული ნორმა გულისმობს სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 249-ე და 390-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება 389-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტს. კერძოდ, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა სასამართლოს დასკვნებზე და სარეზოლუციო ნაწილში – სასამართლოს დასკვნებზე სასამართლოს დაკმაყოფილების ან სარჩელზე უარის თქმის შესახებ. მართალია, სასამართლომ ტ. ბ-ის სარჩელი მიიჩნია განცხადებად (სსკ-ს 263-ე მუხლის საფუძველზე), მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არაფერია მითითებული იმის თაობაზე, თუ როგორ გადაწყდა მოცემული დავა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რათა არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს დავა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სმეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.