Facebook Twitter

ას-337-1006-03 20 ნოემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: საცხოვრებელი სახლის იდეალური წილის შესაბამისად რეალური წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ტ-მა სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე აგარაკის იდეალური წილის 1/2-ის შესაბამისად, რეალური წილის გამოყოფა შემდეგი საფუძვლით: ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სადავო აგარაკის 1/2 საკუთრების უფლებით მიეკუთვნა 13 წლის წინ ოფიციალურად განქორწინებულ მის პირველ მეუღლეს _ ც. კ-ეს, რომელიც, მოსარჩელის განცხადებით, ცდილობს, დაეუფლოს აგარაკის არა მხოლოდ 1/2-ს, არამედ მთლინად და ამ მიზნით არ ახდენს აგარაკის გამიჯვნას. მოსარჩელემ სასამართლოსგან მოითხოვა, ც. კ-ისათვის წყნეთის აგარაკზე ცხოვრების ნება დაერთოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოახდენდა ეზოსა და ნაგებობათა სრულ ტექნიკურ გამიჯვნას.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ც. კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სახლისა და ეზოს გამოყოფის შესახებ.

2003წ. 24 თებერვალს მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. აპელანტის შუამდგომლობით სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ტ-მა გაასაჩივრა იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად, იგი არ ყოფილა გაფრთხილებული და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საოლქო სასამართლოს 2003წ. 9 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საჩივრის ავტორს უწყება ჩაბარდა პირადად, რომელიც დასტურდება ხელმოწერით.

თ. ტ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის განჩინებისა და 2003წ. 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და დაბრუნება საოლქო სასამართლოში არსებითად განსახილველად.

კასატორის განმარტებით, მას ჩაბარდა სააპელაციო საჩივრის ასლი და არა სასამართლო უწყება სხდომაზე მიწვევის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე პუნქტის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსკ-ს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მის მიერ სასამართლო უწყების ჩაბარება კანონის დადგენილი წესით დადასტურებული არ არის. ხელმოწერით დადასტურებულია სააპელაციო საჩივრის ჩაბარების და არა 2003წ. 24 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოწვევის ფაქტი.

საქმის მასალების მიხედვით თ. ტ-ს გაეგზავნა გზავნილი _ ც. კაკაბაძის სააპელაციო საჩივრის ასლი და უწყება 24 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მიწვევის თაობაზე. სასამართლო გზავნილზე, რომელიც თ. ტ-ის ხელმოწერითაა დადასტურებული, არ არის მითითებული 2003წ. 24 ივნისს რა ჩაიბარა მხარემ, სააპელაციო საჩივარი თუ უწყება სხდომაზე მიწვევის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა ფაქტობრივი და, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი მიეჩნია, რომ თ. ტ-მა იცოდა სასამართლო სხდომის თაობაზე, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და არც სასამართლოს აცნობა გამოუცხადებლობის მიზეზი. აღნიშნულის გამო კი სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის განჩინება და საქმე ხელხლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.