გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-338-1009-03 26 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. შ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “...” თელასის წინააღმდეგ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად იგი იძულებული იყო შეეძინა გენერატორი და საწვავი. ნავთის ნათურის წვის შედეგად გაეჭვარტლა ჭერი, რის გამოც ჩაატარა ბინაში რემონტი, რაზეც გასწია გარკვეული ხარჯები. ნერვიულობის ნიადაგზე შეერყა ჯანმრთელობა, დაუქვეითდა მხედველობა და გაუმწვავდა დიაბეტის დაავადება. აღნიშნული საფუძვლებით მოსარჩელემ მოითხოვა 25000 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 2000წ. 7 ივნისს 1996 წლიდან არსებული დავალიანების გამო და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ამბულატორული სამედიცინო ბარათის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე ავად არის 1990 წლიდან და 2000წ.ათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს, 2001წ. 25 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა სს “...” თელასის წარმომადგენელი. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.
2002წ. 18 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ სსკ-ს 102-ე, 103-ე მუხლების შესაბამისად მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის მოთხოვნებს. აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის განჩინებით გაუქმდა 2001წ. 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და უცვლელად დარჩა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-ამ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 106-ე მუხლის მოთხოვნები და არ გაითვალისწინა 2002წ. 19 თებერვლის და 2003წ. 5 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილი გარემოებები.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა ობიექტურად და სრულად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 106-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ, ესენია:
ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მოითხოვს ელექტროენერგიის გათიშვის გამო მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქმეში არსებული 2002წ. 19 თებერვლის და 2003წ. 5 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი, რომ მოსარჩელეს ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო მიადგა მატერიალური ან მორალური ზიანი. აქედან გამომდინარე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 106-ე მუხლი და გაენთავისუფლებინა იგი მტკიცების ტვირთისაგან საკასაციო პალატის მიერ, ვერ იქნება გაზიარებული.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები და ობიექტურად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ არ შეაფასა გენერატორის და საწვავის შეძენის ქვითრები, ასევე სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე წარმოდგენილი ქვითრები.
სკ-ს 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის თანახმად პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1996 წლიდან არსებული დავალიანების გამო. არ არის დადასტურებული მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ავად არის 1990 წლიდან და 2000წ.ათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის. მოპასუხის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან სსკ-ს 102-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, სასამართლოს მიერ მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 28 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და რა საჩივრდება.