Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-339-1013-03 27 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში, ... მდებარე ბინის მესაკუთრეა ე. ა-ე.

1999 წელს ე. ა-ემ გ. გ-ისა და მ.მ-ისაგან ექვსი თვის ვადით ისესხა 700 აშშ დოლარი. ვალის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გ. გ-ისა და მ.მ-ის ოჯახი ჩასახლდა ე. ა-ის კუთვნილ ბინაში.

2002წ. თებერვალში ე. ა-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში გ. გ-ისა და მ.მ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების ბინის მოცდენით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად 1800 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

შემდგომში მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მოპასუხედ ჩაბმული იქნა ე. ა-ის ნათესავი ზ. გ-ე. ამ უკანასკნელმა ერთმანეთთან დააკავშირა გარიგებაში მონაწილე მხარეები ა-ის მიერ სესხად მიღებული თანხიდან გახარჯა 350 აშშ დოლარი.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზ.გ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 350 აშშ დოლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მაისის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით ე.ა-ე ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო სანოტარო წესით დაუმოწმებელი ხელშეკრულება; ამ დროს იგი იყო ბრმა და ხელი მოაწერიეს მოტყუებით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

1999წ. 25 აპრილის ხელწერილით დასტურდება, რომ გ. გ-მა 700 აშშ დოლარი გადასცა ე. ა-ეს ექვსი თვის ვადით. ამ უკანასკნელმა მიიღო თანხა. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა მოვალის ბინაში მსესხებლების შესახლება. სსკ-ს 361-ე მუხლის თანახმად დათქმულ დროს თანხის დაბრუნების ვალდებულება არ არის შეუსრულებელი შესაბამისად არ წარმოშობილა ბინიდან გამოსახლების მოთხოვნის უფლება.

საქმის მასალებით არ დასტურდება მოტყუების ფაქტი და ის გარემოება, რომ ე.ა-ე გარიგების დადების დროს იყო უსინათლო.

სკ-ს 84-ე მუხლის მიხედვით მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. სარჩელი სესხის გარიგების ბათილად ცნობის შესახებ შეტანილია 2002წ. აპრილში. ე.ა-ეს გაშვებული აქვს შეცილების ვადა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზ.გ-ეს უნდა დაეკისროს 700 აშშ დოლარის გადახდა. ამ უკანასკნელმა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის შს სამმართველოში 2002წ. 12 ივნისს დაადასტურა, რომ ე.ა-ემ მას საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად გადასცა 350 აშშ დოლარი.

სსკ-ს 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება) რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოება, სადავო თანხის ზ.გ-ის მიერ მიღების თაობაზე, ამ უკანასკნელმა აღიარა ნაწილობრივ. სასამართლომ ზ.გ-ეს სწორად დააკისრა ე. ა-ის სასარგებლოდ 350 აშშ დოლარის გადახდა.

მოთხოვნის ზიანის ანაზღაურების სახით გ-ეზე 2000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავო ფართი დაკავებულია მართლზომიერად. კასატორი თანხის გადაუხდელობის გამო ვერ ახერხებს მისი კუთვნილი ბინის გამოთავისუფლებას. ვალის გასტუმრებამდე იგი ვერ შესძლებდა აღნიშნული ბინის გაქირავებას და შესაბამისად ვერც რაიმე შემოსავალს მიიღებდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.