Facebook Twitter

¹ ას-343-1020-03 18 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უხელფასო შვებულებიდან დაბრუნება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. წ-ე მუშაობდა შპს “ა.” მომარაგება-გასაღების განყოფილების ექსპედიტორად. საწარმოს მაშინდელი დირექტორის 1998წ. 19 ოქტომბრის ¹10-კ ბრძანებით განყოფილების სამი თანამშრომლიდან ერთ-ერთი, კერძოდ, ზ.წ-ე გაშვებულ იქნა უხელფასო შვებულებაში. ბრძანებაში აღინიშნა, რომ სამომხმარებლო ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ორ თანამშრომელზე მეტი არ იყო საჭირო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ზ.წ-ე გამოძახებული იქნებოდა შვებულებიდან. 2002წ. 23 აგვისტოს ზ. წ-ემ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს “ა.” მიმართ და მოითხოვა საწარმოს დირექტორის დავალდებულება გამოსცეს ბრძანება მისი უხელფასო შვებულებიდან დაბრუნების შესახებ და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 1 თებერვალს საწარმოს დირექტორმა გამოსცა ბრძანება ¹29-კ, რომლითაც თითქოს მოახდინა მომარაგება-გასაღების განყოფილების რეორგანიზაცია, რაც, ფაქტობრივად, მხოლოდ განყოფილების სახელწოდების შეცვლაში გამოიხატა: განყოფილებას ეწოდა “პერსპექტიული ბაზრის ანალიზი და მარკეტინგი”. ნაცვლად იმისა, რომ უხელფასო შვებულებიდან ზ.წ-ე გამოეძახათ, აღნიშნული სახელწოდების განყოფილებაში სამუშაოდ მიიღეს სხვა პირი, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში სიტყვიერად ჰპირდებოდნენ, რომ შესაძლებლობისთანავე დააბრუნებდნენ უხელფასო შვებულებიდან. ყოველივე აღნიშნულის შეტყობისთანავე ზ.წ-ემ 2002წ. 17 ივლისს განცხადებით მიმართა საწარმოს დირექტორს და მოითხოვა უხელფასო შვებულებიდან მისი გამოძახება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ წულაძის უხელფასო შვებულებაში გაშვებით დაირღვა შკკ, რომ წ-ე სამუშაოდან გათავისუფლებული არ არის და ითვლება საწარმოს თანამშრომლად, მაგრამ მომარაგება-გასაღების განყოფილება საზოგადოებაში აღარ არსებობს, ამიტომ საწარმომ იგი უნდა დაასაქმოს პროფესიის მიხედვით, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “ა.” დირექტორის 1998წ. 19 ოქტომბრის ¹10-კ ბრძანება ზ. წ-ის უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ გაუქმდა. დირექციას დაევალა დააბრუნოს იგი მის სამუშაო ადგილას ან გამოუნახოს პროფესიის მიხედვით ტოლფასი სამუშაო ადგილი. იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზ. წ-ემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა უხელფასო შვებულებაში მისი გაშვების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2001წ. 1 თებერვლიდან თვეში 70 ლარის ოდენობით. მან მიუთითა, რომ სასამართლო გაცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან მას ტოლფასი სამუშაო ადგილი არ მოუთხოვია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით ზ. წ-ისა და მისი წარმომადგენლის, მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ზ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “ა.” დირექციას დაევალა ზ.წ-ის დაბრუნება უხელფასო შვებულებიდან პერსპექტიული ბაზრის ანალიზისა და მარკეტინგის განყოფილებში. ზ.წ-ეს განესაზღვრა საწარმოს დირექციისათვის განცხადებით მიმართვის დღიდან – 2002წ. 17 ივლისიდან – სამუშაოზე დაბრუნებამდე განაცდურის ანაზღაურება. ზ.წ-ის სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენი პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი.

გადაწყვეტილების გამოტანისას პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მომარაგება-გასაღების განყოფილების გაუქმებას ადგილი არ ჰქონია. მოხდა მხოლოდ მისი რეორგანიზაცია პერსპექტიული ბაზრის ანალიზისა და მარკეტინგის განყოფილებად, სადაც უნდა მოხდეს მოსარჩელის დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის ინიციატივით ზ. წ-ის განუსაზღვრელი ვადით უხელფასო შვებულებაში გაშვებით უხეშად დაირღვა შკკ-ს 74-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც განისაზღვრა მისთვის გარკვეული პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხოლო აპელანტის მოთხოვნა უხელფასო შვებულებაში ყოფნის მთლიანი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მიიჩნია უსაფუძვლოდ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა როგორც შპს “ა.” დირექტორმა ნ. ლ-მა, ისე ზ. წ-ემ.

შპს “ა.” დირექტორმა ნ.ლ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო: საწარმოს მომარაგება-გასაღების განყოფილება აღარ არსებობს და პროდუქციის გასაღებაზე ზრუნავენ სხვადასხვა ქვეყნებში ჩამოყლიბებული ფირმები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ პროდუქციის მოთხოვნილებებს და იქვე აფორმებენ ხელშეკრულებებს, რასაც სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა და მოპასუხეს დაავალა მოსარჩელის დაბრუნება არარსებულ განყოფილებაში. ამდენად, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზ.წ-ე პროფესიით ელექტრიკოსია; წ-ის უხელფასო შვებულებაში გასვლა მოხდა მისივე ინიციატივით, იგი ამ პერიოდში მუშაობდა სხვაგან და 1998წ. 19 ოქტომბრის ¹10-კ ბრძანება ოთხი წლის მანძილზე სადავოდ არ გაუხდია. დარღვეული უფლების დასაცავად კი სათანადო ორგანოსთვის კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიემართა.

კასატორმა ზ. წ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გდაწყვეტილების გაუქმება განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და გადახდის განსაზღვრა 2001წ. 1 თებერვლიდან ყოველთვიურად 70-75 ლარით, შემდგომ მატებაზე მითითებით. ამასთან, მოითხოვა შესწორების შეტანა გადაწყვეტილებაში საწარმოს პერსპექტიული ბაზრის ანალიზისა და მარკეტინგის განყოფილებაში დაბრუნების ნაწილში, რაც გამოიხატება აღნიშნული განყოფილების დირექტორის თანაშემწედ დანიშვნაში, რომელიც ამჟამად მის ფუნქციას ასრულებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ა.” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. წ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატის მთავარ სხდომაზე ზ. წ-ემ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე. აღნიშნული სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. თანახმად სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტისა, ასეთი გადაწყვეტილება ითვლება კანონის დარღვევით მიღებულად.

მატერიალური სამართლის ერთადერთი ნორმა, რომელსაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არის შკკ-ს 74-ე მუხლი. აღნიშნულ მუხლში მითითებულია მუშაკის უხელფასო შვებულებაში გასვლის პირობები. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ა.” უხეშად დაარღვია აღნიშნული ნორმის მოთხოვნები, მაგრამ არ მიუთითა იმ სასამართლებრივ საფუძველზე, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზ. წ-ის დაბრუნება პერსპექტიული ბაზრის ანალიზისა და მარკეტინგის განყოფილებაში. ამასთან, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით არ განსაზღვრა თუ რა თანამდებობაზე უნდა იქნეს დაბრუნებული წ-ე. არ დაადგინა არსებობს თუ არა ვაკანსია აღნიშნულ განყოფილებაში და ვინაა დასაქმებული ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლოს მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მოხდა მომარაგება-გასაღების განყოფილების არა გაუქმება, არამედ რეორგანიზაცია, განაპირობებს რეორგანიზაციის დროს ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის არსებული ურთიერთობების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენების საფუძველს, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული განაცდურის ოდენობამ ასახვა ვერ ჰპოვა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. უფრო მეტიც, სასამართლომ არ მიუთითა, თუ რომელი ნორმის საფუძველზე აუნაზღაურდა ზ. წ-ეს განაცდური 2002წ. 17 ივნისიდან სამუშაოზე დაბრუნებამდე.

სსკ-ს 244-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებაა დადგენილი და რომელი დაუდგენელი. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ის გარემოება, რომ მომარაგება-გასაღების განყოფილება და პერსპექტიული ბაზრის ანალიზისა და მარკეტინგის განყოფილება ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს უნდა დადასტურდეს შპს “ა.” დღეისათვის და რეორგანიზაციამდე არსებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით. ის ფაქტი, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა აღნიშნული მტკიცებულებანი, სასამართლოს არ ათავისუფლებს მოვალეობისაგან საკუთარი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებული ღონისძიებებს სსკ-ს მე-4 მუხლის შესაბამისად და გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ასრულებს თუ არა ზ. წ-ის მიერ მითითებული განყოფილება იმ ფუნქციებს, რასაც ასრულებდა მომარაგება-გასაღების განყოფილება და იმ შემთხვევაში თუ დადგინდება აღნიშნული განყოფილების რეორგანიზაციის ფაქტი, სასამართლომ შკკ-ს შესაბამისი ნორმების საფუძველზე განსაზღვროს ზ. წ-ის სამუშაოზე დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე, 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ა.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ზ. წ-ის საკასაციო საჩივრის წარმოება შეწყდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.