Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1118აპ-22 ქ. თბილისი

დ-ი მ., 1118აპ-22 24 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. დ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი), ასევე – სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 15 სექტემბრიდან მ. დ-ი და ნ. მ-ი ერთად ცხოვრობენ თ-ში, ე. მ-თა ქ. №-, ბინა №--ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2020 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-ში, ლ-ს ბ-ის უკანა მხარეს არსებულ მინდორში, „BMW X5-ის“ მარკის ავტომანქანაში (სახ. ნომერი -), მ. დ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. მ-ს, კერძოდ, ჯიბიდან ამოიღო შავი ფერის გასახსნელი დანა, გახსნა და უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც ნ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2020 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-ში, ლ-ს ბ-ის უკანა მხარეს არსებულ მინდორში, „BMW X5-ის“ მარკის ავტომანქანაში (სახ. ნომერი -), მ. დ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ-ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-ში, ე-ის მ-თა ქ. №--თან, მ. დ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ-ს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენით მ. დ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნათია ქომოშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას, მ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს მ. დ-ის ბრალეულობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ მ. დ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.

დაზარალებულმა ნ. მ-მა (ბრალდებულის მეუღლემ) ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია თუ არა ტკივილი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 13 იანვრის №0-- დასკვნა (რომლის თანახმად, ნ. მ-ს 2020 წლის 24 იანვარს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ორი სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე – ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად), მოწმეების – რ. ხ-ისა და თ. მ-ის ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი – დაზარალებულის ჩვენების გარეშე, ირიბადაც კი არ მიუთითებენ მ. დ-ის მიერ ნ. მ-ის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაზე, შესაბამისად, ვერ ქმნიან აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას მ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდში) ბრალეულობის დასადასტურებლად, მითუფრო, რომ თამარ მარტიაშვილის ჩვენებით, დაზარალებულს ვიზუალურად ფიზიკური დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, ხოლო შემაკავებელ ორდერში არაფერია ნათქვამი იმაზე, შესაძლო შეურაცხყოფის მიყენებისას განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი, სამედიცინო ექსპერტიზით კი ობიექტურად შეუძლებელია დაზიანებების მიმყენებელი პირის დადგენა.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ. სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).

10. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, წარმოუდგენელია დადგინდეს, ნამდვილად გაუჩინა თუ არა ბრალდებულის მუქარამ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ საქმეშიც დაზარალებულმა ნ. მ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.

11. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ირიბი ჩვენების გამოყენებასთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

12. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. დ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. დ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე