Facebook Twitter

¹ ას-353-1023-03 20 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: შვილების აღსაზრდელად გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. თ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს თავისი ყოფილი მეუღლის ლ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მათი საერთო სამი მცირეწლოვანი შვილის მისთვის აღსაზრდელად გადაცემა იმ მოტივით, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბავშვები აღსაზრდელად გადაეცა დედას, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის განჩინებით დატოვებული იქნა უცვლლად, მაგრამ აღსრულება ვერ ხერხდება, რადგან ბავშვებს არ სურდათ დედასთან საცხოვრებლად წასვლა. ბავშვების დედაზე აღსაზრდელად გადაცემა გამოიწვევს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

ლ. კ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ჯ. თ-ის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ტანჯვისა და ზიანისათვის 100000 ლარის დაკისრება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ნოემბრის განჩინებით ლ. კ-ის შეგებებული სარჩელი დატოვებულ იქნა უმოძრაოდ ბაჟის გადაუხდელობის გამო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბავშვები – ჯ., ლ. და ქ. თ-ები აღსაზრდელად გადაეცა მამას – ჯ. თ-ეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. კ-მა, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება, იმ მოტივით, რომ მისთვის ცნობილი არ იყო 2002წ. 22 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის დღე; იგი არ იყო მოწვეული სასამართლო პროცესზე სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით ლ. კ-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოებით განახლების შესახებ. ამასთან, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ ლ. კ-ს სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით არ ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი. კერძოდ, სსკ-ს 74-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოძახებული მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს, რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს, ანდა სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამასთან მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი უწყება არ პასუხობს სსკ-ს 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის მოთხოვნებს. უწყებაში მითითებული არ არის გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებაზე აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 6 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ჯ. თ-ემ და ლ. კ-მა, რომელთაც მოითხოვეს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ჯ. თ-ემ განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ლ. კ-ისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის თაობაზე. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა რა სსკ-ს 73-ე მუხლის I ნაწილი, არ გამოიყენა ამავე მუხლის II ნაწილი, რომლის თანახმადაც მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. ამასთან, არასწორად განმარტა სსკ-ს 72-ე მუხლის “ზ” პუნქტი. ამ მუხლის პირველი წინადადება შეიცავს მხარის ვალდებულებას გამოუცხადებლობის მიზეზების შეტყობინებაზე.

ლ. კ-ი განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა კანონის დარღვევით, კერძოდ, პალატამ არსებითად არ განიხილა მისი სააპელაციო საჩივარი, რათა უარი ეთქვა ჯ. თ-ესთვის თავის მოთხოვნაში შვილების აღსაზრდელად გადაცემაზე, რადგან არ არსებობა ის გარემოებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ მოთხოვნის კანონიერებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. კ-ს სასამართლო უწყება, რომლითაც იგი მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე არ ჩაბარებია. სსკ-ს 70-78-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით და იგი არ ყოფილა გაფრთხილებული სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე. სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის მიმართ კასატორი თურმანიძის მიერ წამოყენებული პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად გააუქმა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან სსკ-ს 233-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილოების გამოტანა დაუშვებელია თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

პალატა თვლის, რომ ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს თვითონ უნდა განეხილა მოცემული დავა და არ უნდა დაებრუნებინა საქმე განხილვისათვის რაიონულ სასამართლოში. სსკ-ს 385-ე მუხლის I ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. თ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.