გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-35-743-03 3 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. კ-ემ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე ო. ჯ-ი გარდაცვალებამდე, 1993წ. 8 ოქტომბრამდე, მუშაობდა სამტრედიის აგროსამრეწველო გაერთიანებაში. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის 1993წ. 3 სეტემბრის ¹42 ბრძანების შესაბამისად, კოლმეურნეობებსა და მეურნეობაში მომუშავე კოლმეურნეებზე, მუშებზე, სპეციალისტებზე გაიცემოდა ავტომანქანა შესაბამისი ღირებულების გადახდით. მის მეუღლეს 1991წ. 11 ოქტომბერს სამტრედიის საწარმოო რაიონული გაერთიანებამ გადაცა “ვაზ 21-063” მარკის ავტომანქანა, რისი შესრულებაც დაევალა ქუთაისში მდებარე ორგანიზაციის ,,ს. ვ.” დირექტორს. აღნიშნული ორგანიზაციის სამართალმემკვიდრეა ამჟამად სს ,,ს.”, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისში. მისმა მეუღლემ 1991წ. 15 ოქტომბერს შეიტანა 16000 რუსული მანეთი ხონში მდებარე ბანკის შემნახველ სალაროში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1993წ. 8 ოქტომბერს მოულოდნელად გარდაიცვალა მისი მეუღლე. ის იმ დროისათვის ცხოვრობდა სამტრედიის რაიონის სოფ. .... და სამტრედიაში მუშაობდა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მიმდინარე წლის იანვრისათვის მეუღლის დოკუმენტებში შემთხვევით იპოვა ბანკში თანხის შეტანის ქვითარი. მან ამის შემდეგ მიმართა ,,ს. ვ.” სამართალმემკვიდრეს, სს “ს.” საიდანაც პასუხად მიიღო, რომ შეტანილი თანხა მათ ანგარიშზე არ გადარიცხულა. მოპასუხემ თავისი 11.08.01 წერილით განმარტა, რომ, თუ სს “გ. ქ. ბ.” სადეპოზიტო ოპერაციების დირექტორის 2001წ. 13 მარტის წერილის მიხედვით სსკ-ს სახშემსალაროების გამგეობის 1978წ. ¹10 ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებული ¹91 საანგარიშსწორებო ჩეკები არ იქნებოდა წარდგენილი სამი წლის განმავლობაში, მისი თანხა გადაიცემოდა გამგეობის ანგარიშზე, რომელიც ჩეკის მფლობელის მიმართვის შემთხვევაში მიიღებდა გადაწყვეტილებას ასეთი ჩეკებზე ფულის გაცემის შესაძლებლობის შესახებ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი მეუღლე თანხის შეტანიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა და, ბუნებრივია, მან ვერ მოასწრო სამი წლის განმავლობაში საანგარიშო ჩეკის წარდგენა. ამჟამად ბანკი უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ მის ხელთ არსებული ჩეკის ღირებულება შეადგენს 0,02 ლარს, რადგანაც 1995წ. ოქტომბერში ეროვნული ვალუტის – ლარის _ შემოღებასთან დაკავშირებით მოხდა ყველა ფასეულობისა და ფულადი სახსრების გადაფასება, მაგრამ არცერთი აქტი არ მიუთითებს, რომ აღნიშნული აქტი შეეხო საანგარიშსწორებო ჩეკებს.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 27.411.37 აშშ დოლარის დაკისრება, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობის თანახმად, ოფიციალური კურსით 100 აშშ დოლარი შეადგენდა 58,37 მანეთს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ, რომელმაც შეამცირა დავის საგნის ღირებულება 8778 ლარამდე, მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მარტის განჩინებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა _ უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ ჩეკების არსებობის შესახებ მისთვის ნამდვილად ცნობილი იყო 2001წ. იანვარში და არა მანამდე. მხარე არ უარყოფს, რომ მეუღლის ქონებას დაეუფლა მის გარდაცვალებისთანავე, რაც სრულ საფუძველს იძლევა იმის მტკიცებისათვის, რომ მას არაფერი უშლიდა ხელს, თავის დროზე სცოდნოდა ჩეკების არსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ჩეკების პირველ გვერდზე მითითებული იყო, რომ მათი მოქმედების ვადა იწურებოდა 1992წ. 16 თებერვლისათვის, რაც ცნობილი იყო ჩეკების მესაკუთრე – ო. ჯ-ისათვისაც. ჩეკების მოქმედების ვადაში მას ისინი ,,ს. ვ.” დირექტორისათვის არ წარმოუდგენია, საიდანაც ავტომანქანა უნდა მიეღო. გარდა ამისა, ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო რუსეთიდან საქართველოში სარეალიზაციოდ აღარ შემოდიოდა მსუბუქი ავტომანქანები.
აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი დასაბუთებული მტკიცებულება, თუ რა საფუძველზე ითხოვდა თავდაპირველად მოპასუხე 27411,3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო შემდგომ _ 8778 ლარის ანაზღაურებას.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ. კასატორი მიუთითებს, რომ განჩინება არის უსაფუძვლო, კანონშეუსაბამო, იგი უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მის სასაგებლოდ დაეკისრება 8778 ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა და იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით.
ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების მონაწილე პირის შეცვლა არ იწვევს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეცვლას.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვალდებულების მონაწილე პირის შეცვლა, როგორც სამკვიდროს მიღებისას, ისე მოთხოვნის დათმობისას, ასევე უფლებამონაცვლეობის სხვა შემთხვევებში, არ იწვევს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ხანგრძლივობის შეცვლას ან მის ხელახლა ათვლას.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა კრედიტორის უფლებამონაცვლის სარჩელზე იწყება იმ დღიდან, როდესაც კრედიტორმა გაიგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საანგარიშსწორებო ჩეკების ვადა იყო ოთხი თვე, რაც დაფიქსირებული იყო თვით ჩეკებზე. ისინი გაცემული იყო 1991წ. 15 ოქტომბერს. ჩეკების პირველ გვერდზე მითითებული იყო, რომ მათი მოქმედების ვადა იწურებოდა 1992წ. 16 თებერვლისათვის, რაც ცნობილი იყო ჩეკების მესაკუთრე ო. ჯ-ვის.
ჩეკი არის დადგენილი ფორმის ფასიანი ქაღალდი, რომელიც შეიცავს ჩეკის გამცემის წერილობით დავალებას საბანკო დაწესებულებებისადმი ჩეკში აღნიშნული თანხის გაანაღდების თაობაზე.
იგულისხმება, რომ მოსარჩელემ იცოდა, რომ მის ხელთ არსებული საანგარიშსწორებო ჩეკი მოქმედებდა 4 თვის განმავლობაში.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩეკმა ძალა დაკარგა. მან დადგენილ სამი წლის ვადაში არ მიმართა ბანკს თანხის გადახდის მოთხოვნით, რის გამოც ბანკმა არ შეასრულა მისთვის ინსტრუქციით (სსკ-ს სახშემსალაროების გამგეობის 1978წ. ¹10 ინქტრუქცია) დადგენილი მოვალეობები.
მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2001წ. 11 ნოემბერს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გაცემული წერილები არ შედის საქართველოს ნორმატიული აქტის ნუსხაში და სასამართლო მათ, როგორც მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნორმატიულ საფუძველს, ვერ გამოიყენებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 მარტის განჩინება.
გ. კ-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.