Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1177აპ-22 ქ. თბილისი

ქ-ე ლ., 1177აპ-22 26 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ქ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 15:10 საათზე, ქ. თ-ში, კ-ის გზატკეცილზე, ლ. ქ-ემ, რომელიც მართავდა „ფორდ ტრანზიტის“ („FORD TRANZIT“) მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით – --, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და გზის მეორე სამოძრაო ზოლში მსვლელობისას უკნიდან დაეჯახა პირველი ზოლიდან მეორეში გადასულ ავტომობილ „სუზუკი გრანდ ვიტარას“ („SUZUKI GRAND VITARA“), სახელმწიფო ნომრით – --, რომელსაც მართავდა მ. მ-ი.

· დაჯახების შედეგად ავტომანქანა „სუზუკი გრანდ ვიტარამ“ („SUZUKI GRAND VITARA“) დაკარგა მართვა და ჯერ დაეჯახა გამწვანების ზოლზე მდგარ ქვეითს – ნ. ა-ს, შემდეგ კი – გაჩერებულ სატვირთო ავტომობილ „ვოლვოს“ („VOLVO“), სახელმწიფო ნომრით – -.

· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ნ. ა-მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით ლ. ქ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ემზარ ფუხაშვილი ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ქ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. გამართლებულ ლ. ქ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ-ა შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №296აპ-14, №780აპ-20), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

9. განსახილველ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი, ჩაიდინა თუ არა ლ. ქ-ემ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება. ამის გასარკვევად დასადგენია, ლ. ქ-ემ დაარღვია თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები და არსებობდა თუ არა მიზეზობრივი კავშირი წესების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. კასატორის მტკიცებით, ლ. ქ-ე მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფით მოქმედებდა, რაც დადასტურდა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით, თუმცა ორივე ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა და დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი.

10. როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, საქმეზე ჩატარდა არაერთი ავტოტექნიკური ექსპერტიზა, კერძოდ:

10.1. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 13 აგვისტოს №- დასკვნის თანახმად, „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლს – ლ. ქ-ეს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; ავტომობილ „სუზუკი გრანდ ვიტარას“ მძღოლს – მ. მ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ზ. თ-ემ და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს იხელმძღვანელა მძღოლებისა და დაზარალებულის ჩვენებებითა და საქმის მასალებით, კვლევის ჩატარების ადგილზე შეამოწმა ავტომობილები.

10.2. სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 13 მაისის №-- დასკვნის მიხედვით, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი განვითარდა იმ პირობებში, როგორც ეს მ. მ-ის დამატებითი გამოკითხვის ოქმშია მოცემული, ასეთ პირობებში შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „სუზუკი გრანდ ვიტარას“ მძღოლზე, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ იქნებოდა დამოკიდებული და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ექსპერტმა დ. დ-მა დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის სისწორე და სასამართლოს განუმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას მას ლ. ქ-ის ქმედებაზე საერთოდ არ უმსჯელია და შეაფასა ძირითადად მ. მ-ის ქმედება, შესაბამისად, დაეყრდნო მხოლოდ მის ჩვენებასა და ახსნა-განმარტებას.

10.3. გამომძიებლის 2019 წლის 19 ივნისის დადგენილებით დაინიშნა საკომისიო ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროებს, თუმცა ექსპერტები ვერ მივიდნენ ერთიან დასკვნამდე და მომზადდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა, კერძოდ:

კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 30 ივლისის №- დასკვნის თანახმად, მძღოლ ლ. ქ-ის ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. მძღოლ მ. მ-ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება (ექსპერტი ი. ს.).

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 8 ნოემბრის №- დასკვნის თანახმად, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ შემთხვევაში მონაწილე რომელი ავტომობილის მძღოლის მოქმედებამ გამოიწვია კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ვინაიდან საქმეში არსებული მასალების სხვადასხვაობა არ იძლევა ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნის მომზადების საშუალებას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა დ. გ-მა.

10.4. კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 31 მარტის №- დასკვნის შესაბამისად, „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლ ლ. ქ-ის 20.02.20წ. ჩვენება არ შეესაბამება რეალობას, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევა შესაძლებელია, განვითარებულიყო ისე, როგორც ამას განმარტავს ავტომანქანა „სუზუკის“ მძღოლი მ. მ-ი 08.02.20წ. მიცემულ ჩვენებაში; მძღოლ ლ. ქ-ის ქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნას, რომლის დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. მძღოლ მ. მ-ს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის ქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფა არ აღინიშნება (ექსპერტი ი. ს.).

10.5. ექსპერტმა ირაკლი სადრაძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების სისწორე და აღნიშნა, რომ ავტომობილების სიჩქარე გამოთვალა მძღოლებისა და ქვეითის ჩვენებების მიხედვით, თუმცა ზუსტი სიჩქარის დადგენა უჭირს; იმ შემთხვევაში, თუ მ. მ. მოძრაობდა დაახლოებით 90-100 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ლ. ქ. – დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით, ავტომობილების შეჯახება ვერ მოხდებოდა, ე.ი. ლ. ქ-ის 20.02.20წ. ჩვენება არ შეესაბამება რეალობას; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მ. მ. მოძრაობდა დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარით, ლ. ქ. მოძრაობდა 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით; მას რომ ემოძრავა დაშვებული 80 კმ/სთ სიჩქარით, ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდებოდა.

10.6. გამომძიებლის 2020 წლის 9 ივლისის დადგენილებით კვლავ დაინიშნა საკომისიო ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროებს, თუმცა ექსპერტები ისევ ვერ მივიდნენ ერთიან დასკვნამდე და მომზადდა ორი ურთიერთწინააღმდეგობრივი დასკვნა, კერძოდ:

ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 3 სექტემბრის №696/ა დასკვნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოდელირების პროგრამა „Virtual CRASH 2.2-ის“ თანახმად, შეჯახების მომენტში ავტომობილი „ფორდ ტრანზიტი“ მოძრაობდა 90 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო ავტომობილი „სუზუკი“ – 60 კმ/სთ სიჩქარით; მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ლ. ქ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-11 პუნქტების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც ეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა, ხოლო მძღოლ მ. მ-ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. ექსპერტმა თ. დ-ემ დაადასტურა თავისი დასკვნის სისწორე.

სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 18 სექტემბრის №- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის მეშვეობით შეუძლებელია იმის დადგენა, უშუალოდ შეჯახების მომენტში ავტომობილები გზის სავალი ნაწილის მიმართ როგორ იყვნენ განლაგებულები და რა სიჩქარით მოძრაობდნენ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს. დასკვნის სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ ავტომობილებზე განვითარებული დაზიანებებიდან, სავალ გზაზე არსებული ჩამონაყარიდან, ავტომობილების გრძივ ღერძებს შორის შეჯახების კუთხიდან და ავტომობილ „ფორდ ტრანზიტის“ საბოლოო განლაგებიდან გამომდინარე, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი, ტექნიკური თვალსაზრისით, ვერ განვითარდებოდა იმ პირობებში, როგორც ამას მძღოლი მ. მ-ი განმარტავს 15.06.2019 და 08.02.2020 წწ. გამოკითხვის ოქმებში; შესაძლოა, განვითარებულიყო ისე, როგორც მძღოლ ლ. ქ-ის 12.07.2018 წ. და მძღოლ მ. მ-ის 10.07.2018 წ. გამოკითხვის ოქმებშია აღწერილი. მძღოლმა მ. მ-მა პირველი სამოძრაო ზოლიდან მეორე სამოძრაო ზოლში გადასვლით საფრთხე შეუქმნა მის უკან, მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილ „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლს, რითიც უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის პირობებშიც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა. იმის განსაზღვრა, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო თუ არა მძღოლ ლ. ქ-ეს შემთხვევის თავიდან აცილება, ასევე – დაარღვია თუ არა მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ექსპერტიზის გზით შეუძლებელია. ექსპერტმა ე. გ-მა დაადასტურა დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ კვლევის შედეგად ავტომობილთა სიჩქარის განსაზღვრა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მძღოლები უთითებდნენ სხვადასხვა სიჩქარეს, ხოლო შემთხვევის ადგილას დამუხრუჭების ან სხვა კვალი არ ყოფილა დატოვებული, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა კვლევის ჩატარება სიჩქარის დასადგენად.

10.7. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 30 ივნისის №- დასკვნის მიხედვით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, შეჯახების მომენტში „ფორდ ტრანზიტის“ სიჩქარე იყო არაუმეტეს 76 კმ/სთ, ხოლო „სუზუკი გრად ვიტარას“ სამოძრაო სიჩქარე – 76 კმ/სთ-ზე გაცილებით ნაკლები. მძღოლ ლ. ქ-ეს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; მ. მ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (შეჯახება). ექსპერტმა ზ. თ-ემ დაადასტურა თავისი დასკვნის სისწორე.

11. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალების გაანალიზების შედეგად ვერ მოხერხდა ავტოსაგზაო შემთხვევის რეალური სურათის აღდგენა და ლ. ქ-ის ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურება. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალურადაა დასაბუთებული, თუ რატომ მიიღო სასამართლომ ლ. ქ-ის გამართლების გადაწყვეტილება, რაც საკასაციო პალატას სამართლებრივად სწორად მიაჩნია და ეთანხმება, ამიტომ არგუმენტების გამეორება მიზანშეუწონელია. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის, სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს; ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №462აპ-16, №296აპ-14, №452აპ-21, №780აპ-20).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ („ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ვინაიდან ლ. ქ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე