საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №41აგ-22 თბილისი
დ-ძე თ., 41აგ-22 16 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენით თ. დ-ე, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 6 ოქტომბრიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: თ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2018 წლის 6 ოქტომბრიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2022 წლის 8 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. დ-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თავისი ყოფილი მეუღლის მამის - დაზარალებულ კ. გ-ის ხელწერილისა და ყოფილი მეუღლის ძმის - მ. გ-ის განცხადების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა, ყაჩაღობაში გამართლება და მისი ქმედების გადაკვალიფიცირება შესაბამის მუხლზე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ თ. დ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. დ-ემ, რომელიც ითხოვს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვასა და ყაჩაღობაში გამართლებას იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ: წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ თ. დ-ის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, კერძოდ:
3.1. მსჯავრდებულ თ. დ-ის მიერ წარმოდგენილი ყოფილი მეუღლის მამის - დაზარალებულ კ. გ-ის ხელწერილით გაირკვა, რომ მას ყოფილი სიძის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სურს, სასამართლომ მის მიმართ გაავრცელოს კანონით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე, იგი გაეცნო საქართველოს პრეზიდენტის სახელზე დაწერილ თ. დ-ის შეწყალების შესახებ განცხადებას და თავისი შვილისშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, თანახმაა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს მსჯავრდებული თ. დ-ე და იგი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
3.2. მსჯავრდებულ თ. დ-ის ყოფილი მეუღლის ძმის - მ. გ-ის განცხადებით, ერთი მხრივ გაირკვა, რომ მან საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შეადგინა მოთხოვნა თ. დ-ის შეწყალების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ - განცხადებაში მითითებულია მხოლოდ მისი მოსაზრება მისივე ყოფილი სიძის - თ. დ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით.
3.3. ამავე დროს, პალატა მიუთითებს, რომ თ. დ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მ. გ-ის მოწმის სახით დაკითხვისა და მისი განცხადების საქმეზე დართვის თაობაზე, რაც უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია კანონიერად, დასაბუთებულად და აღნიშნა, რომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ახალი მტკიცებულება სააპელაციო სასამართლომ შესაძლებელია გამოიკვლიოს, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის გასამყარებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო. საკასაციო პალატა დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითა, რომ არ იყო გამოკვეთილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობები, კერძოდ, მოთხოვნა არ იყო არგუმენტირებული და არ დასტურდებოდა, რატომ იყო ობიექტურად შეუძლებელი მტკიცებულების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
4. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი, კ. გ-ის ხელწერილი და მ. გ-ის განცხადება, მოცემულ საქმესთან მიმართებით, არ წარმოადგენს ისეთ ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულ თ. დ-ის უდანაშაულობას ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას და რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ თ. დ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ თ. დ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე