გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-368-1031-03 11 დეკემბერი, 2003 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება და ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-სა და ნ. ხ-ს შორის 2001წ. 6 დეკემბერს გაფორმდა ქ.ბათუმში, ... მდებარე ¹4 საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ბინა გაიყიდა 7000 აშშ დოლარად და აღირიცხა ნ. ხ-ისა და მ.ა-ის საკუთრებად. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების წინ, რადგან ბინა არ იყო პრივატიზებული, ნ.ხ-მა გადაიხადა ბინის პრივატიზაციის ხარჯები 180 ლარი და შუქის დავალიანება 120 ლარი, რომელიც დავალიანებად ერიცხებოდა ლ.მ-ს. გარდა ამისა, ნ.ხ-მა ვ.ფ-ეს გადაუხადა ლ.მ-თან შეთანხმებული 1000 აშშ დოლარი, მაგრამ იმის გამო, რომ ლ.მ-მა არ გადაუხადა 200 აშშ დოლარი ვ.ფ-ეს, ბინის დათმობის სანაცვლოდ გადახდილი 1200 აშშ დოლარის შესავსებად, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ბინის გათავისუფლებაზე, რის გამოც ნ.ხ-ი იძულებული შეიქმნა და გადაუხადა ვ.ფ-ეს ლ.მ-ის მიერ გადასახდელი 200 აშშ დოლარი და ვალის უზრუნველყოფის მიზნით დაიტოვა ბინაში არსებული ლ.მ-ის ავეჯი და საოჯახო ნივთები. ამასთან, ივალდებულა ვალის – 200 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში ლ.მ-ისთვის ავეჯისა და ნივთების დაბრუნება.
ლ.მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში. ნ.ხ-ის მიმართ და მოითხოვა მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ან ნ.ხ-ისათვის ბინის ღირებულების დარჩენილი გადაუხდელი ნაწილის 800 აშშ დოლარის დაკისრება, ბინაში დარჩენილი მისი საოჯახო ნივთების დაბრუნება ან მათი საფასურის – 1055 აშშ დოლარის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით ლ.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ. ხ-სა და მ. ა-ეს ლ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ საცხოვრებელი ბინის ღირებულების დარჩენილი გადაუხდელი ნაწილის 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, და ამ ბინიდან უკანონოდ გატანილი ავეჯისა და საოჯახო ნივთების ღირებულების 1055 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად ცნო, რომ მხარეებს შორის 2001წ. 6 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სადავო ბინაზე, ამასთან, ისინი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ბინა იყიდებოდა 8000 აშშ დოლარად, პირველ ეტაპზე გამყიდველი მიიღებდა 7200 აშშ დოლარს, ხოლო 800 აშშ დოლარს მიიღებდა 15 დღეში ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. დადასტურებულად მიიჩნია ისიც, რომ ნ.ხ-მა უნებართვოდ გაიტანა სადავო ბინაში არსებული ნივთები და ავეჯი, რომელიც ეკუთვნოდა მოსარჩელეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ და ნ. ხ-მა. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს შეგებებული სარჩელით მიმართეს ნ. ხ-მა და მ. ა-ემ, რომლითაც მოითხოვეს ლ.მ-ისთვის 200 აშშ დოლარის დაკისრება, სადავო ბინის პრივატიზაციისა და შუქის დავალიანების 120 და 180 ლარის, სულ 300 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების 100 აშშ დოლარის დაკისრება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ა-ისა და ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილება. ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მ. ა-ესა და ნ. ხ-ს დაეკისრათ ლ. მ-ის კუთვნილი და მათ ბინაში არსებული ნივთების, კერძოდ: ჩუქურთმიანი სერვანტის, ნახევარსერვანტისა, საწერი მაგიდის, კომოდის, გერმანული წარმოების საკიდი სარკის, სამზარეულო გარნიტურის, ორი ხის თაროს, გაზქურას, საწოლის საფის, ხის ტახტისა და ორი ცალი კარადის (“ტუდბოჩკის”) დაბრუნება მოსარჩელის სასარგებლოდ, სულ 750 აშშ დოლარად ღირებული. ლ. მ-ს უარი ეთქვა მოპასუხეებზე 800 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ უსაფუძვლობის გამო.
ნ.ხ-ისა და მ.ა-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლ.მ-ს მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისრა 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და შუქის დავალიანების 120 ლარის გადახდა. მოპასუხეებს ლ.მ-ის ბინის პრივატიზაციისათვის გადახდილი თანხის 180 ლარის მოსარჩელესათვის დაკისრებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების 100 აშშ დოლარის მოსარჩელესათვის დაკისრების ნაწილში და ამ უკანასკნელს დაეკისრა 100 ლარის გადახდა მოპასუხეთა სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეებს ბინის საფასურად უნდა გადაეხადათ არა 7000, არამედ 8000 აშშ დოლარი; ამასთან, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილშიც; მოპასუხების მიერ მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დაეკისრა ელექტროენერგიის ღირებულების 120 ლარის, 200 აშშ დოლარის ადვოკატის მომსახურებისათვის 100 ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელი უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ლ. მ-მა მოპასუხეებს ნ. ხ-ს და მის მეუღლეს მ.ა-ეს 7000 აშშ დოლარად მიჰყიდა ბათუმში ... მდებარე ბინა ¹4. ასევე, დაადგინა, რომ მოპასუხეებმა მ-ს შეთანხმებული თანხიდან გადაუხადეს 6000 აშშ დოლარი, ხოლო 1000 აშშ დოლარი გადაუხადეს ფ-ეს, რომელიც სადავო ბინაში გირაოთი ცხოვრობდა, 1200 აშშ დოლარის სანაცვლოდ. 1200 აშშ დოლარიდან, დარჩენილი 200 აშშ დოლარი ფ-ესთვის უნდა გადაეხადა მ-ს, რის შემდეგაც ფ-ე გაათავისუფლებდა ბინას. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ნ.ხ-მა და მ.ა-ემ ფ-ეს გადაუხადეს მ-ის მაგივრად 200 აშშ დოლარი, რადგან მ-მა არ გადაიხადა აღნიშნული თანხა. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს დაავალა სასარჩელო განცხადებაში მითითებული ნივთებიდან იმ ნივთების დაბრუნება, რომლებიც შეტანილია უბნის რწმუნებულის მიერ შედგენილ აქტში, რადგან ჩათვალა, რომ დანარჩენი ნივთების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზია, არც დამატებითია და არც დასაბუთებული. კასატორმა სასამართლოში ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება რომ მოპასუხეებს მათ ბინის საფასურად უნდა გადაეხადათ არა 7000, არამედ 8000 აშშ დოლარი. საქმეში წარმოდგენილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ბინის საფასურად მითითებულია 8000 ლარი. სხვა მტკიცება ბინის ფასის შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მ-ის სარჩელი და დაკმაყოფილდა ნ.ხ-ისა და მ.ა-ის შეგებებული სარჩელი მ-ისათვის მათ სასარგებლოდ 200 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, რადგან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ლ.მ-ის ნაცვლად გადაუხადეს ფ-ეს 200 აშშ დოლარი და სკ-ს 385-ე და 376-ე მუხლების შესაბამისად, მიიჩნია, რომ ნ.ხ-სა და მ.ა-ეს უფლება აქვთ მოითხოვონ მ-ისგან მათ მიერ ფ-ისათვის გადახდილი 200 აშშ დოლარი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.