Facebook Twitter

საქმე # 010100122005456949

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1323აპ-22 28 თებერვალი, 2023 წელი

დ. მ, 1323აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. დ-ს ბრალად დაედო ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 2 იანვარს, ღამით, ბ--- მდებარე, დროებით საცხოვრებელ ბინა 4-ში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მ. დ. ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ს. ს-ს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განაჩენით:

მ. დ-ე, - დაბადებული --- წლის -----, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 საათით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მ. დ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 2 იანვრიდან 2022 წლის 5 იანვრის ჩათვლით - ჩაეთვალა სასჯელის ვადაში, სასჯელად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 საათი შეუმცირდა 20 საათით და მ. დ--ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ. თ--ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:

გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი მ. დ-ს მიმართ და გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი. მ. დ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ მ. დ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. დ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

5. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და პირდაპირი სახის მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის - მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. ფაქტი, რომ ს. ს-მ სასამართლოში არ მისცა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება, შესაძლოა, გამოწვეულია იმით, რომ იგი ოჯახის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს, ვინაიდან როგორც მან განმარტა, ბრალდებულს შეურიგდა. კასატორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ პირს ჩადენილი ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელი უნდა განესაზღვროს, რადგან აღნიშნულით უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილისა და უფლებათა დარღვევის ფაქტის კომპენსაცია.

6. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.

7. შესაგებლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს საფუძვლად დაედო ირიბი მტკიცებულებები. რეალურად მ. დ-მ მიუთითა, რომ კონფლიქტი ნამდვილად არსებობდა, რაც არასოდეს გადაზრდილა მუქარასა და ძალადობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მ. დ. დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ქუთაისის სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მ. დ-ს დამნაშავედ ცნობისათვის, საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმის მასალათა ერთობლივი ანალიზი უტყუარად მიუთითებს ბრალდებულის მიერ ს. ს-ს მიმართ მუქარის ჩადენას.

3. საკასაციო სასამართლო პირველყოვლისა მხედველობაში იღებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. ,,ვოლოდინა რუსეთის წინააღმდეგ,“ (Volodina v Russia), N41261/17, ECHR, 09/07/2019) და ამასთანავე უთითებს, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა. სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებს ბრალდებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N269აპ.-22, №1070აპ-22 და №1052აპ-22 გადაწყვეტილებები).

4. განსახილველი ბრალდება სწორედ კერძო (დახურულ) სივრცეში არის ჩადენილი და შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დეტალურად გააანალიზებს, საქმეში წარმოდგენილი მასალები რამდენად ლოგიკურად ებმის და ავსებს ერთმანეთს.

5. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ოჯახური კონფლიქტის თაობაზე შეტყობინების ავტორს წარმოადგენს თავად დაზარალებული ს. ს. (თემა: კონფლიქტი ოჯახური/ძალადობა, შენიშვნა: ქმარი სცემს). შეტყობინების მიღების შემდეგ მითითებულ მისამართზე გამოცხადდა პოლიციის ორი ოფიცერი: მ. ბ. და გ. დ. აღნიშნული მოწმეები ერთგვაროვნად მიუთითებენ როგორც ს. ს-ს ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე მის მიერ გაცხადებულ ფაქტებზე მეუღლის მხრიდან მუქარისა და მისი შინაარსის თაობაზე, კერძოდ:

5.1. მოწმე მ. ბ-ს გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, 2022 წლის 2 იანვარს, დილიდან იმყოფებოდა სამსახურში 20:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ---- მდებარე სახლში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. თანამშრომელ გ. დ-სთან ერთად გავიდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც სახლის ეზოში დახვდათ ს. ს, რომელმაც განუცხადა, რომ თავის მეუღლესთან, მ. დ-სთან ჰქონდა კონფლიქტი და იგი ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა. მოწმის განმარტებით, ს. ს. იყო აღელვებული, ტიროდა და ამბობდა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, რისიც მას ეშინოდა.

5.2. მოწმე გ. დ-ს გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) მიხედვით, თანამშრომელ მ. ბ-სთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც სახლის ეზოში დახვდათ ქალბატონი ს. ს, იგი იყო აღელვებული და ტიროდა. მან პოლიციელებს განუცხადა, რომ თავის მეუღლესთან, მ. დ-სთან ჰქონდა კონფლიქტი, რომელიც ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, რისიც ეშინოდა.

6. მართალია, ზემოხსენებული მოწმეები მუქარის შემსწრე პირებს არ წარმოადგენენ, მაგრამ, მათ ოჯახური კონფლიქტის თაობაზე შეტყობინებიდან ძალიან მცირე დროში უშუალოდ იხილეს ს. ს-ს მძიმე ემოციური მდგომარეობა; ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ს. ს. პოლიციელებს დახვდა ეზოში და იგი არ დარჩა კონფლიქტურ სივრცეში. როგორც აღნიშნა, მას ეშინოდა, რადგან მ. დ-მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით).

7. ამდენად, პოლიციელები, როგორც თვითმხილველი მოწმეები, უშუალოდ შეესწრნენ თუ რას განიცდიდა დაზარალებული მუქარის შემდეგ და რომ ს. ს-ს მისი აღსრულების რეალურად ეშინოდა და გამოსული იყო ეზოში. მოცემული გარემოებები შეესააბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებსაც, კერძოდ:

8. არასრულწლოვან მ. დ-ს გამოკითხვის ოქმის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, 2022 წლის 2 იანვარს, საღამოს, შებინდების დროს, მას და მის ძმებს ჩართული ჰქონდათ ტელევიზორი და უყურებდნენ მულტფილმებს. ამ დროს მამამ, მ. დ-მ და დედამ, ს. ს-მ ერთმანეთს დაუწყეს ხმამაღალი კამათი. მ. დ. უყვიროდა ს. ს-ს. მოწმის განმარტებით, დაზარალებულიც ხმამაღლა საუბრობდა. მას მშობლების საუბრის შინაარსისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დედა, ს. ს. წავიდა სახლიდან და დაბრუნდა მოგვიანებით, თუმცა არ უთქვამს, თუ სად იყო წასული.

9. ამდენად, მ. დ-ს მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციით უტყუარად დასტურდება არა მხოლოდ გარკვეული ფორმის კონფლიქტის (ყვირილი) ფაქტი, არამედ ის გარემოებაც, რომ კონფლიქტს თან ახლდა ს. ს-ს სახლიდან წასვლა, რაც სრულად შეესაბამება პოლიციელი მოწმეების ჩვენებას, რომ მათ დაზარალებული დახვდათ ეზოში, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, შეშინებული. დაზარალებულის მიერ აღწერილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაბულა ერთგვაროვნია შემაკავებელ ორდერსა და პოლიციელი მოწმეების ჩვენებასთან.

10. N------ შემაკავებელი ორდერის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, 2022 წლის 2 იანვარს იმ საფუძვლით, რომ ს. ს--მ განაცხადა, რომ მისი მეუღლე მ. დ. ემუქრება ჯანმრთელობის დაზიანებით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელსაც გაეცნო ს. ს. და დაადასტურა ხელმოწერით. ოქმში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 2 იანვარს მ. დ. ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს. ს-ს და მსხვერპლი ფიქრობს, რომ მას შეიძლება მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება.

11. მართალია, განსახილველ შემთხვევაში ს. ს-მ სასამართლოში არ მისცა ჩვენება, თუმცა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის თანახმად, ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა კი არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს და არც ავტომატურად აბათილებს აღნიშნული პირის მონაწილეობით შედგენილ და უდავო მტკიცებულებად მიჩნეულ საგამოძიებო თუ სხვა დოკუმენტებში მითითებული გარემოებების სისწორეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №986აპ-21 განაჩენი). ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №585აპ-20 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ: „შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და ადასტურებს, რომ „ა. მ.-მ ხელები მოუჭირა ხელებზე ი. ს.-ს, ყელში მოუჭირა ხელი და ზურგი მიარტყმევინა კედელზე.“ ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შემაკავებელი ორდერი ბრალდებულს არ გაუსაჩივრებია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის შემთხვევაშიც შემაკავებელი ორდერი პირდაპირ შეეხება მუქარის ფაქტს და საქმის მასალების მიხედვით, მისი რეალობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ის, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ნამდვილად არსებობდა გარკვეული სახის კონფლიქტი, რომლიდანაც უმცირეს დროში თავად დაზარალებული ატყობინებს შესაბამის ორგანოს ხსენებულის თაობაზე, გადის ეზოში, ელოდება პოლიციელებს, არის აღელვებული, ტირის და უთითებს, რომ ეშინია - ერთობლივად ადასტურებს მ. დ-ს მიერ მუქარის ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების ნაწილში მიუთითა, რომ ს. ს-მ მ. დ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულებების გამჟღავნების გარეშე, ცალკე აღებული, მხოლოდ დამუქრება პირის დასჯადობას ვერ გამოიწვევს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულებები პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გაცხადებულა, მოცემული ფაქტი დადასტურებულია თავად ს. ს-ს მიერ მუქარის შემდეგ გამოხატული რეაქციებით - სახლიდან გამოსვლა, 112-ში დარეკვა, პოლიციელებისათვის ლოდინი, მისი მძიმე ემოციური ფონი. ხსენებული გარემოებები ცალსახად მიუთითებს დაზარალებულის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშზე, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, არ არის შეზღუდული ისეთი წინასწარდადგენილი წესით, რომელიც ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უპირობოდ გამორიცხავდა დაზარალებულის სუბიექტური აღქმის სხვა ფორმით შეფასების შესაძლებლობას. ამასთან, რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ზემოაღწერილ მოვლენათა ქრონოლოგიურ ჯაჭვს, თუნდაც ერთ ნაწილში საეჭვოს გახდიდა, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

13. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენცია“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება. კონვენციაში მითითებულია, რომ აღნიშნული დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული (Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, §280).

14. ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი/განცხადება უკან დაზარალებულმა ან/და შეურიგდა თუ არა მოძალადეს.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ხასიათისაა.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. დ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულია, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოხსენებულ ბრალდებაში.

საკასაციო სასამართლოს მიერ მ. დ-ს მიმართ შერჩეული სასჯელის სახე და ზომა:

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ მიზნებს.

18. საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება, მისი ლოკალიზაცია და ა.შ.. განსახილველ შემთხვევაში მ. დ--ს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, ერთ ეპიზოდად. ამდენად, მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არ არის მეტისმეტად მაღალი.

20. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ. დ. არის ნასამართლობის არმქონე.

21. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. დ-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს არასაპატიმრო სახის სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 საათის ოდენობით. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მ. დ. პატიმრობაში იმყოფებოდა - 2022 წლის 2 იანვრიდან იანვრიდან 2022 წლის 5 იანვრის ჩათვლით, რის გამოც დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით.

22. ამდენად, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო მ. დ. ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდეს:

3. მ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 (ას სამოცდაათი) საათით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მ. დ-ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 2 იანვრიდან 2022 წლის 5 იანვრის ჩათვლით - ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში, დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 170 საათით შეუმცირდეს 20 (ოცი) საათით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 (ას ორმოცდაათი) საათით;

4. მ. დ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს - შ. დ-ს (პ.ნ. ---) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ს’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა - 500 (ხუთასი) ლარი (ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი N----, დასტურის №--);

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი