საქმე # 330100122005861096
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1345აპ-22 ქ. თბილისი
გ-ი ს, 1345აპ-22 22 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. გ-ს, - დაბადებულს ... წლის .... ნოემბერს, - ბრალად ედება მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის სექტემბერში შპს „ჯ-ის“ ინფრასტრუქტურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ს. გ-ი. 2019 წლის დეკემბერში მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ხსენებულ თანამდებობაზე 6 თვით განწესებაზე, შემდეგ კი 1 წლით გაგრძელდა ხელშეკრულება. ს. გ-ს დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების შესასრულებლად მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა საზოგადოების კუთვნილი, 3 538.30 ლარად ღირებული „ასუსის“ ფირმის, „ტუფის“ მოდელის ლეპტოპი, 256.66 ლარად ღირებული 8 ცალი გორგოლაჭი „ტვირთამწეობა“, ასევე, ჭანჭიკი და საყელური, 600 ლარად ღირებული მტვერსასრუტი, 1300 ლარად ღირებული „ლინკონ ელექტრონიკსის“ რკინის შემდუღებელი აპარატი, 1900 ლარად ღირებული ვიბრაციის სატკეპნი მანქანა, 450 ლარად ღირებული ქარგილის გალავანიზებული ჩამკეტი.
· შპს „ჯ-ის“ ინფრასტრუქტურის უფროსმა ს. გ-ა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2020 წელს - სამსახურებრივი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი ნივთები, რაც მის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა. აღნიშნულმა ქმედებამ 8 044.96 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენით:
2.1. ს. გ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. ს. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2.3. გაუქმდა ს. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
3.1. შპს „ჯ-ის“ ინფრასტრუქტურის უფროსი ს. გ-ი 2020 წელს - სამსახურებრივი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, თვითნებურად დაეუფლა შპს „ჯ-ის“ კუთვნილ, 3 538.30 ლარად ღირებულ „ასუსის“ ფირმის, „ტუფის“ მოდელის ლეპტოპს, 256.66 ლარად ღირებულ 8 ცალ გორგოლაჭს „ტვირთამწეობა“, ასევე, ჭანჭიკს და საყელურს, 600 ლარად ღირებულ მტვერსასრუტს, 1300 ლარად ღირებულ „ლინკონ ელექტრონიკსის“ რკინის შემდუღებელ აპარატს, 1900 ლარად ღირებულ ვიბრაციის სატკეპნ მანქანას, 450 ლარად ღირებულ ქარგილის გალავანიზებულ ჩამკეტს. აღნიშნულმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა ქმედების კვალიფიკაციის კუთხით და ს. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მსჯავრდებულ ს. გ-ის მიერ თვითნებობის ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - გ. ქ-ის, ე. ა-ის გამოკითხვის ოქმებით, შრომითი ხელშეკრულებით, შპს „ჯ-ის“ გენერალური დირექტორის ბრძანებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, საგადასახადო დავალებით, დოკუმენტაციის ამოღების ოქმით, ავტოფარეხისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. გ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო სწორად მიიჩნევს ს. გ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების - მითვისების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის შეფასებას, რომ ს. გ-ის ქმედება არ შეიცავს მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის, კერძოდ, მითვისების შემადგენლობის ერთ-ერთ სავალდებულო ნიშანს - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს, კერძოდ:
11. მსჯავრდებულმა ს. გ-ა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ შპს „ჯ-ის“ კუთვნილი ნივთების მის მფლობელობაში დატოვების ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ კომპანიას მიეღო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება და მიეცა მისთვის კუთვნილი ხელფასი. იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს უსაფუძვლოდ და არ გადაუხდიათ ორი თვის ხელფასი, რის გამოც გ. ქ-ან ჰქონდა პრეტენზია და სთხოვდა მის გადახდას. მსჯავრდებულის განმარტებით, გამოძიების ეტაპზე არ მომხდარა მისგან ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული, კომპანიის კუთვნილი ყველა ნივთის ამოღება, ვინაიდან მათი ნაწილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მომენტში არ ჰქონია იმ კონკრეტულ ადგილზე, თუმცა თითოეული ნივთი მას აქვს კვლავ მფლობელობაში და მზადაა, კუთვნილი ხელფასის სრულად გადახდის შემთხევაში შპს „ჯეო მონტაჟს“ დაუბრუნოს ისინი.
12. შპს „ჯ-ის“ წარმომადგენლების - გ. ქ-სა და ე. ა-ის გამოკითხვის ოქმებიდანაც დასტურდება, რომ ს. გ-ი ნამდვილად ითხოვდა მათგან ხელფასის ანაზღაურებას და როგორც კომპანიის დირექტორსა და მრჩეველს, განუცხადა, რომ მაისის ხელფასის გადახდამდე კომპანიის კუთვნილ ნივთებს არ დააბრუნებდა. ის გარემოება, რომ ამ კონკრეტული თვის თანამდებობრივი სარგო ს. გ-ის არ არის გადახდილი, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებითაც.
13. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების წესი. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით.
14. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ - თვითნებობასთან (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №7აპ-15).
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ს. გ-ის მზაობა, დაებრუნებინა შპს „ჯ-ის“ კუთვნილი ნივთები, თუმცა ამის სანაცვლოდ ითხოვდა კომპანიის მხრიდან მის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ცალსახად მიუთითებს, რომ ს. გ-ა, სარგებლობაში ჰქონდა რა იმ კომპანიის კუთვნილი ქონება, სადაც დასაქმებული იყო და რომელსაც მის წინაშე დავალიანება გააჩნდა, მან თავისად დაიგულა აღნიშნული ნივთების მფლობელობაში დატოვების უფლება და ამ გზით მოახდინა იმ ზიანის კომპენსაცია, რაც შპს „ჯ-ა“ ხელფასის გადაუხდელობით მიაყენა.
16. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულის ქცევა, ნივთების ფლობის ხანგრძლივობა, გამოყენება, განკარგვა და ნივთების არდაბრუნება უპირობოდ მიუთითებს მისი მხრიდან შპს „ჯ-ის“ კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების განზრახვასა და ამ ნივთებით გარკვეული სარგებლის მიღებაზე. ამ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად მიიჩნევს, რომ ყველა შემთხვევაში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პირის ანგარებითი მოტივი, რაშიც იგულისხმება ქმედების ჩადენა იმ მიზნითა და მოტივით, როდესაც პირს სურს მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური გამორჩენა, ფული, ქონება, ქონებაზე უფლება ან/და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სხვისი საკუთრება. ს. გ-ის ქმედებაში კი არ ვლინდება როგორც ქონების საბოლოოდ მის მფლობელობაში დარჩენის, ასევე მისი დროებითი გამოყენებით სარგებლის მიღების მიზანი. დადასტურებული ფაქტია, რომ ს. გ-ი ითხოვდა კუთვნილ ანაზღაურებას და არ ჰქონია სურვილი, რომ იმაზე მეტი მატერიალური სარგებელი მიეღო, ვიდრე ეკუთვნოდა, იგი მზად იყო, ყველა ნივთი დაებრუნებინა მესაკუთრისათვის, თუ მიეცემოდა მიუღებელი თანამდებობრივი სარგო. ამდენად, სხვისი საკუთრების უფლების შელახვა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ს. გ-ის მიერ მისი უფლების არასწორი აღქმით, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ გამოყენებით, რაც გამოიხატა ხელფასის მოთხოვნაში კომპანიისათვის მისი კუთვნილი ქონების დაუბრუნებლობის გზით.
17. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შრომითი ხელშეკრულების დარღვევისა და ხელფასის გადახდის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული დავა არსებობდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რომ ს. გ-ა ვალდებულებების არაკეთილსინდისიერად შესრულებით შპს „ჯ-ს“ ისედაც მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი და არ ეკუთვნოდა იმაზე მეტი ხელფასი, რაც უკვე აღებული ჰქონდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ეს გარემოება არ წარმოადგენს მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განსახილველ საკითხს. ერთი მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ როგორც თავად მოწმეები - გ. ქ-ი და ე. ა-ე აცხადებენ, ს. გ-ის ხელფასის მიუცემლობის ძირითადი მიზეზი იყო არა მსჯავრდებულის მიერ სამუშაოების არაკეთილსინდისიერად შესრულება, არამედ - ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე რთული ვითარება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქმედების ჩადენის მომენტში პირის განზრახვას, მის მოტივსა და მიზანს, მის დამოკიდებულებას ქმედებისადმი. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით ცალსახაა, რომ კომპანიას ს. გ-ის მიმართ სრულად არ ჰქონდა გადახდილი თანამდებობრივი სარგო და სწორედ ამ თანხის მიღების სურვილი ამოძრავებდა, როდესაც მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთების დაბრუნებაზე უარს უცხადებდა მესაკუთრეს. აღნიშნული გამორიცხავს მის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის და, თავის მხრივ, მითვისების შემადგენლობის არსებობას.
18. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივარში მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ თუკი ს. გ-ის მიმართ დაზარალებულ კომპანიას მართლაც გააჩნია 2020 წლის მაისის დავალიანება, აღნიშნული წარმოადგენს დაახლოებით 1500-2000 ლარს, ხოლო მის მიერ კომპანიის კუთვნილი ნივთების დაუფლებით მიყენებული ზიანი შეადგენს ჯამურად - 8 044,96 ლარს, რაც სრულიად არაპროპორციულია, თითქოსდა, მისი კუთვნილი და მიუღებელი ხელფასისა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ს. გ-ი მას შემდეგ არ დაუფლებია შპს „ჯ-ის“ კუთვნილ ნივთებს, რაც კომპანიამ ხელფასის გადახდაზე უარი განუცხადა, რა დროსაც შესაძლოა, გვემსჯელა, რომ ვინაიდან პირი მოთხოვნის უფლების არაპროპორციულ ქონებას დაეუფლა, მას, სავარაუდოდ, ჰქონდა ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თითოეული ნივთი ს. გ-ს უკვე გააჩნდა მფლობელობაში და კომპანიასთან კონფლიქტის წარმოშობის შემდეგ სწორედ იმ მომენტისათვის მის ხელთ არსებულ ქონებაზე დაიგულა უფლება თავისად, რაც დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ გამოიყენა; ხოლო ის უტყუარად დადგენილი გარემოება, რომ ს. გ-ა შპს „ჯ-ს“ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, წარმოადგენს ასევე იმ დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშანს, რისთვისაც იგი დამნაშავედაა ცნობილი.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა იმ საკითხებზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს კასატორი და რასაც სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი