Facebook Twitter

საქმე # 010100122005720975

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1352აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ე ზ, 1352აპ-22 22 თებერვალი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:40 საათზე, ქ.ბ-ი, ჰ.ა-ის ქ.№ ..-ში მდებარე რესტორან „ფ-ის“ მიმდებარედ, ზ. ბ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. შ-ს, კერძოდ, ძლიერად ჩაარტყა თავში ხელი. ზ. ბ-ის ძალადობრივი ქმედების შედეგად მაია შავაძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 17 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.ბ-ი, ჰ.ა-ის ქ.№..-ში მდებარე რესტორან „ფ-ი“, ზ. ბ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. შ-ს, კერძოდ, ძლიერად ჩაარტყა სახეში ხელი. ზ. ბ-ის ძალადობრივი ქმედების შედეგად მ. შ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენით:

2.1. ზ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ზ. ბ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა და გირაოს შემტანს - ს. ს-ს (პ/ნ ...) კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 2022 წლის 19 მარტს ზ. ბ-ის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 2000 ლარი (დასტური №..., სალაროს შემოსავლის ორდერი №..., სს ,,ს-ი”).

2.3. გამართლებულ ზ. ბ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, ზ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანად მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულმა ზ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. შ-მ შესაგებლით მოითხოვეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

7. უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა ზ. ბ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, რომლებიც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასეს ფაქტების დამდგენმა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა მ. შ-მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით - არ მისცეს დანაშაულის ჩადენაში მისი ან მისი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება და უარი განაცხადა ზ. ბ-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ზ. ბ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით /18.03.2022 წ. 11:05 სთ/ მ. შ-ს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

10. რაც შეეხება მოწმეების - ბ. ა-ის, გ. გ-ა და ლ. ქ-ის გამოკითხვის ოქმებს, ისინი საფუძვლად ვერ დაედება ზ. ბ-ის მსჯავრდებას, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის მისი მხრიდან მ. შ-ის მიმართ ძალადობის ფაქტის თვითმხილველი (ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52); შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მასში მითითებულია დაზარალებულ მ. შ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ზ. ბ-ის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ. იმ პირობებში, როდესაც მაია შავაძემ ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, შემაკავებელი ორდერი ვერ განიხილება როგორც ისეთი დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში გაცხადებული ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა - in dubio pro reo - პრინციპის მხედველობაში მიღებით, მართებულად გადაწყვიტეს ზ. ბ-ის სასარგებლოდ.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი