Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-376-1047-03 5 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 14 აგვისტოს ზესტაფონის მრავალდარგოვანმა კოოპერატივმა “ე.” მოპასუხე ხაშურის რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩლემ მიუთითა, რომ 1994-95 წლებში ხარაგაულის რაიონის გამგეობის ნებართვით აგროვებდა ჯართს ხარაგაულისა და მოლითის ტერიტორიაზე. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამ დროს 1 ტონა ჯართში იხდიდა 45 აშშ დოლარს. გამოყოფილი კომისიის 1997წ. 20 იანვრისა და 12 თებერვლის დასკვნით დადგინდა, რომ სადგურ ,,ხ.” და სადგურ ,,მ.” ტერიტორიაზე მიტანილი იყო სავარაუდოდ 300 ტონა ჯართი, საიდანაც 240 ტონა ეკუთვნოდა კოოპერატივ “ე.”. მიუხედავად აღნიშნულისა, მითითებულ ჯართს დაეპატრონა ხაშურის რკინიგზის ტერიტორიული სამმართველო.

ვინაიდან აღნიშნული ჯართის დამზადება კოოპერატივს დაუჯდა 8000 ლარი, მოითხოვა მოპასუხისაგან ამ თანხის ანაზღაურება.

შპს “ს. რ.” ხაშურის ტერიტორიულმა სამმართველომ სარჩელი არ ცნო.

მოპასუხემ მიუთითა, რომ სადგურის ტერიტორიაზე შეგროვილი ჯართის ნაწილი მათ საკუთრებას წარმოადგენდა და ვინაიდან შეადგენდა ნაავარიევი ელმავალის ნაწილებს, დაუბრუნდა სალოკომოტივო დეპოს, ხოლო ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენდა რკინიგზის საკუთრებას, ეკუთვნოდა ფირმა “ა.-ი.”, რომელიც სათანადო საბუთების საფუძველზე გაგზავნეს სადგურ ფოთში.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 სექტემბრის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად.

2000წ. 7 დეკემბერს ზესტაფონის მრავალდარგოვანმა კოოპერატივმა “ე.” ახალი სარჩელით, იგივე მოთხოვნით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს

ხაშურის რაიონულ სასამართლოს 2000წ. 8 დეკემბრის განჩინებით მითითებული სარჩელიც განუხილველად დარჩა შემდეგი საფუძვლებით: კოოპერატივი “ე.” რეგისტრირებული არ იყო, მოსარჩელემ არ გამოასწორა სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზები, არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 3 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა კოოპერატივ “ე.” კერძო საჩივარი: გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 ივნისის განჩინებით ხარვეზების შევსების მიზნით, მოსარჩლეს მიეცა 20 დღიანი ვადა.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მითითებულ განჩინებაში აღნიშნული ხარვეზები არ იქნა გამოსწორებული, აგრობანკის თერჯოლის ფილიალის სახელმწიფო ბაჟის ღირებულების გადახდის თაობაზე, საგარანტიო წერილის საფუძველზე სარჩელი მიიღეს წარმოებაში.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ხარაგაულის სადგურში ნამდვილად იყო მიზიდული რკინიგზის კუთვნილი ჯართი, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რამდენზეც მოსარჩელე მიუთითებდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამუშაოები აწარმოვა მეპატრონის ნების საწინააღმდეგოდ, შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა მოპასუხის ინტერესებს, ამიტომ სკ-ს 974-ე მუხლების საფუძვლებზე სარჩელი უსაფუძვლო იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯართი შეგროვდა 1994-95 წლებში. სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას მხარეებმა დაადასტურეს, რომ მათ სურვილი აქვთ დავა გადაწყდეს ახალი სკ-ს ნორმებით. პალატა მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და თვით მხარეებიც არ უარყოფენ, რომ უშუალოდ მხარეებს შორის რაიმე სახის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე მათ შორის ვალდებულება წარმოშობილი არ ყოფილა, რაც შეეხება ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით დადგენილ სხვა შემთხვევებს, როგორიცაა ზიანის მიყენება, უსაფუძვლო გამდიდრება და სხვა, აპელანტმა მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ ასეთი რამ “რ.” ბრალით მოხდა.

სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე თვითონვე იყო ვალდებული დაემტკიცებინა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები, მათ შორის კოოპერატივ ინდ. მეწარმე ე. ბ-ის კოოპერატივ ,,ე.” უფლებამონაცვლეობის საკითხი, მაგრამ მას ასეთი მტკიცებულებები სასამართლოში არ წარუდგენია.

პალატა მიუთითებს, მართალია, საქმეში მოიპოვება 1997წ. 20 ივნისისა და 12 თებერვლის აქტები, რომლის მიხედვითაც მოლითის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოწმებით დადგინდა, რომ ჯართი ეკუთვნის აწ გარდაცვლილ რ. კ-ეს, მაგრამ აღნიშნული აქტებით დაუდგენელია, რ. კ-ე ჯართს კოოპერატივ “ე.” სახელით აგროვებდა, თუ პირადად, როგორც ფიზიკური პირი. ამასთან, აქტების მიხედვით შეუძლებელია ჯართის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. ხარაგაულის რაიონის საკრებულოს მიერ დამოწმებული ცნობის მიხედვით კი 1994 წელს ხარაგაულის რაიონის ტერიტორიაზე აწ გარდაცვლილ რ. კ-ის სახელით შეგროვილი 240 ტონა შავი ლითონის ჯართის გადატანაზე ქ. სამტრედიაში ხარაგაულის რაიონის გამგეობამ ნება დართო გ. ბ-ს. საქმეზე წარმოდგენილი აღნიშნული და სხვა ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებების გამო შეუძლებელია დადგენა, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის ჯართი იყო შეგროვილი, ვინ იყო მისი მესაკუთრე, ვის მიერ და რა რაოდენობით მოხდა მისი რეალიზაცია.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ელგუჯა ბ-მა. კასატორი მიუთითებს, რომ მართალია, მხარეთა შორის რაიმე ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა, მაგრამ საქმეშია 1997წ. 20 ივნისისსა და 12 თებერვლის აქტები, რომლითაც უდავოდ არის დადგენილი, რომ ჯართი ეკუთვნოდა რ. კ-ეს. არანაირი შეფასება არ მისცემია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც შეილახა მისი, როგორც მხარის უფლებები.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული საფუძვლიდან.

სკ-ს 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ 1994-95 წლებში ხარაგაულის გამგეობის მითითების საფუძველზე დაევალათ ჯართის შეგროვება. აღნიშნული გარემოება არ მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს რკინიგზის ტერიტორიულ სამმართველოს შორის არსებობდა რაიმე ხელშეკრულება ჯართის შეგროვებაზე.

მოსარჩელემ ასევე ვერ დაასაბუთა, რომ რკინიგზის ბრალით მიადგა ზიანი. მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ კი იგი არც მიუთითებს.

კასატორი მიუთითებს 1997წ. 10 ივნისისა და 12 თებერვლის აქტებზე, რომლის მიხედვითაც მოლითის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოწმებით დადგინდა, რომ ჯართი ეკუთვნის აწ გარდაცვლილ რ. კ-ეს.

აღნიშნული აქტები შეადგინა ხარაგაულის რაიონის გამგეობის კომისიამ. აღნიშნული კომისია არ წარმოადგენს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ადგენს ნივთზე საკუთრების უფლებას. ამასთან, ამ აქტში მითითებულია, რომ ჯართი ეკუთვნის რ. კ-ეს, როგორც ფიზიკურ პირს და არა კოოპერატივ “ე.”, როგორც მოსარჩელე მიუთითებს.

მოსარჩელე მოითხოვს ჯართის შეგროვების თანხებს, ჯართის შეგროვებაზე კი მას მოპასუხესთან არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონია დადებული. ასევე არ არის დადგენილი, რომ ე. ბ-ი არის კოოპერატივ ევრიკას უფლებამონაცვლე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.