გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-377-1050-03 3 დეკემბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “მ.” სარჩელი აღძრა სს “ა.” წინააღმდეგ და მოითხოვა კოშკურა ამწის დაბრუნება და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს 1991წ. 10 მაისის ბრძანების საფუძველზე 1991წ. 29 აპრილს დასავლეთ საქართველოში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოების მიზნით ასოციაცია “თ.” ბალანსიდან მექანიზაციის სპეციალიზებული ტრესტის ბალანსზე გადაცემა 2 ახალი კოშკურა ამწეები კბ-401 (¹98 და ¹129). აღნიშნული კოშკურა გადაიზიდა და დამონტაჟდა ქ. ტყიბულში და მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა საწარმოო გაერთიანება “მ.”. აღნიშნული კოშკურებიდან ¹129 მოპასუხე ორგანიზაციამ 1998წ. აგვისტოში დაშალა და წაიღო. მოსარჩელემ რამდენჯერმე წერილობით (¹120 3.XII 1998; ¹96 20.X 1999წ., ¹28.03.IV. 2000წ.) მიმართა მოპასუხეს კოშკურის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ, რადგან იგი თვლის, რომ ამწე კოშკურა მისი საკუთრებაა.
1998წ. 25 ივნისს მოსარჩელემ ხელშეკრულება დადო შპს “მ.-...-თან” კოშკურის ამწე კბ 401-ით კომპლექსურ მომსახურებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ამწე კოშკურის დემონტაჟი ტყიბულში და მისი მონტაჟი ქ.თბილისში. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას მოსარჩელე მიიღებდა მოგების სახით 73,590 ლარს.
მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის – 73990 ლარის ანაზღაურება და ამწის დაბრუნება. საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეცვალა მოთხოვნა და ამწის დაბრუნების ნაწილში და მოითხოვა მისი ღირებულების – 32 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგან მიიჩნია, რომ სადავო ამწე ¹129 მისი საკუთრებაა. შეგებებული სარჩელით კი მოითხოვა კოშკურა ამწე კბ.401—პს-ის ¹98-ის დაბრუნება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “ა.” სს “მ.” სასარგებლოდ დაეკისრა 143110 ლარის, სასამართლო ხარჯების – 925 ლარის გადახდა. სს “ა.” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სს “ა.” დაეკისრა სასამართლო ხარჯების – 1603 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ა.”.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ა.” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სს “მ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა სს “ა.” შეგებებული სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
კოშკურა ამწეები, რომლებიც საწარმო-სამშენებლო გაერთიანება “ს.” 1991წ. 23 მარტის ბრძანების საფუძველზე ირიცხებოდა გაერთიანება “თ.” ბალანსზე, მის თავმჯდომარეს საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურასა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს 1991წ. 10 მაისის ¹23 ბრძანებით დაევალა მექანიზაციის ტრესტისათვის ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ორი კოშკურა ამწე კბ-401 (¹98, ¹129). მათვე, ამავე ბრძანებით დაევალა ტრესტ “მ.” ერთად 1991წ. 25 მაისამდე უზრუნველეყოთ აღნიშნული კოშკურების გადაზიდვა და მონტაჟი ქ. ტყიბულში, საშენ მასალათა მიმღებ ბაზაზე.
დადგენილია, რომ სადავო ამწე 1993 წელს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში გატარდა სს “ა.”. სადავო ამწე სადამფუძნებლო დოკუმენტაციით ერიცხებათ როგორც 1995წ. 13 თებერვალს რეგისტრირებულ სს “ა.”, ისე 1996წ. 21 აგვისტოს რეგისტრირებულ სს “მ.”.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ს 160-ე მუხლზე, რომლითაც, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთვა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგან ვერ დადასტურდა სს “მ.” მფლობელობიდან სადავო ამწის გასვლის ზუსტი დრო, ამ უკანასკნელის მოთხოვნა ნივთის დაბრუნების თაობაზე აღნიშნული ნორმის მიხედვით, საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან 1998წ. 25 ივლისს სს “მ.” და შპს “მ.-...-თან” დადებული ხელშეკრულება არ არის ნამდვილი. კერძოდ, იგი სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს, რადგან გარიგება დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. რ. ნ-ს, რომელიც შპს-ს სახელით აწერს ხელს ხელშეკრულებას, შპს-ს დირექტორისაგან (თ. მ-ისაგან) ასეთის უფლებამოსილება მინიჭებული არ ჰქონდა.
სასამართლომ შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის 2000წ. 14 ნოემბრის წერილით დასტურდება, რომ სადავო ამწეები რეგისტრირებული იქნა კოშკურა ამწეების სამმართველოში (ამჟამად სს “ა.”). 1993წ. 8 სექტემბრის წერილის საფუძველზე, რაც ასევე დასტურდება ამწე ¹98-ის პასპორტის ჩანაწერითაც. სასამართლომ დაადგინა, რომ ამწე ¹98 1991წ. სექტემბრიდან სს “მ.” მფლობელობაშია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამწე ¹98-ზე სს-ს საკუთრების უფლება წარმოეშვა, რადგან მას 5 წელზე მეტი ხნით ფლობს.
სასამართლომ სკ-ს 160-ე მუხლის თანახმად, სს “ა.” მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი და, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოთხოვნებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “მ.”. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება კანონდარღვევითაა გამოტანილი. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 165-ე მუხლი და არ გამოიყენა. არასწორად განმარტა 160-ე მუხლი.
სასამართლომ უსაფუძვლოდ გააუქმა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არასაკმარისად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოიკვლია და არ მისცა მათ შესაბამისი შეფასება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კანონდარღვევა განპირობებულია სასამართლოს მიერ ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნათა უგულებელყოფით. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა, რაც გათვალისწინებულია სკ-ს 409-ე მუხლით.
იმისათვის, რომ განსახილველ საქმეზე სასამართლოს გამოეტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თავდაპირველად უნდა გაერკვია და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ემსჯელა მოსარჩელე იყო, თუ არა მოძრავი ნივთის მესაკუთრე. უდავოა, რომ მფლობელია მოპასუხე. სკ-ს 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ივარაუდება, რომ ნივთის, ამ შემთხვევაში ამწე კოშკურის, მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, სადავო ნივთი ძველ მფლობელის (მოსარჩელის) მფლობელობიდან რა გზით გავიდა – ე.ი. დასადგენია როდის, ვის მიერ და რა საფუძვლით გავიდა სადავო ნივთი სს “მრეწვრკინიგზის” მფლობელობიდან. ამასთან, სასამართლოს უნდა გაერკვია, ძველი მფლობელი რა უფლებით (სანივთო, თუ ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე) ფლობდა სადავო ნივთს.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებების დადგენა სასამართლოს უნდა მოეხდინა საქმეზე მხარეების მიერ წარდგენილი როგორც წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის, ისე მოწმეთა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე.
პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, რადგან იგი დაუსაბუთებელია – სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რითაც ეს გარემოებანი დაადგინა, მაშინ, როცა საქმეზე წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებანი და დაკითხულია მოწმეები, არსებობს მხარეთა ახსნა-განმარტებანი. სასამართლომ არ მიუთითა, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა ესა თუ ის გარემოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სს “მ.” სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, როგორც დაუსაბუთებელი და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოთ აღნიშნული გარემოებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებანი, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “მ.” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება სს “მ.” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.