ას-379-1035-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. კ-ე 1999წ. სექტემბრიდან დანიშნული იყო შპს “ს. კ.”, რომლის დამფუძნებელია თბილისის მერია, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
შპს “ს. კ.” სამეთვალყურეო საბჭომ 2002წ. 31 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა .... მოვალეობის შემსრულებელი თ. კ-ე, საქმიანობაში დაშვებული დარღვევებისათვის. საბჭოს გადაწყვეტილება 2002წ. 5 ნოემბრის დადგენილებით რეგისტრირებული იქნა სამეწარმეო რეესტრში.
თ. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თ. კ-ემ სააპელაციო სასამართლოში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნები და უარი თქვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლით: რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. კ-ის გათავისუფლების მნიშვნელოვანი საფუძველი სამეთვალყურეო საბჭოს გააჩნდა, რადგანაც ამ უკანასკნელის მუშაობას ..... .... თანამდებობაზე ახასიათებდა ნაკლოვანებები, რამაც განაპირობა საწარმოს ზარალიანობა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თ. კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. კ-ის სარჩელი კვლავ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. კ-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა, კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ამდენად, გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, ექვემდებარება გაუქმებას.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორი თ. კ-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა საკასაციო პალატას და განაცხადა, რომ უარს ამბობს სარჩელზე; კერძოდ შპს “სამკურნალო კომბინატის” სამეთვალყურეო საბჭოს 2001წ. 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის უკანონოდ ცნობასა და თ. კ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ამასთან მოითხოვა საქმის წარმოებით და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შეწყვეტა. კასატორი თ.კ-ე დაეთანხმა მისი წამომადგენლის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კასატორ თ. კ-ის წარმომადგენლის გ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვია, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია, სააპელაციო სასამართლოში. საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელზე უარის თქმა დასაშვებია, როგორც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში, ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოშიც.
სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თ. კალანდაძის წარმომადგენლის გ. გ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტით და
დ ა დ გ ი ნ ა :
შეწყდეს საქმის წარმოება თ. კ-ის სარჩელით მოპასუხე შპს “ს. კ.” მიმართ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის და სამუშაოზე აღდგენის შესახებ. გაუქმდეს ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.