გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-380-1038-03 25 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში); აუქციონის შედეგების გაუქმება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 2 ივლისს მ. ა-მა სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ვ. რ-ის მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლება ქ.რუსთავში, ... მდებარე ბინიდან. ა-მა განმარტა, რომ 2001წ. 19 აგვისტოს სააღსრულებო ბიურო ფულის მაგივრად ნატურით გადასცა საცხოვრებელი ბინა, რომელიც აღირიცხა საჯარო რეესტრში მის სახელზე. აღნიშნულ ბინაში უკანონოდ ცხოვრობს ვ. რ-ე და არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად არ გამოდის ბინიდან.
იმავე სასამართლოში ვ. რ-ემ აღძრა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა აუქციონის შედეგების გაუქმება. შეგებებული სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის განჩინებით ჩაითვალა ხარვეზიანად და მხარეს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა 2002წ. 30 ივლისამდე.
2002წ. 18 ივლისს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და მოსარჩელე მ. ა-ის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა-ის მოთხოვნა და მოპასუხე ვ. რ-ე თავის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. რუსთავში, ... მდებარე მ. ა-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან.
2002წ. 24 ივლისს სასამართლოში შეტანილი საჩივრით ვ. რ-ემ მოითხოვა საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მას უწყება სასამართლო სხდომის შესახებ ჩაბარდა სხდომის დღეს, რის გამოც მან ვერ შეძლო პროცესისათვის მომზადება, ამასთან, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში მოყვანილი გარემოებები არ შეეფერება სინამდვილეს.
2002წ. 25 ივლისის განჩინებით მოპასუხე ვ. რ-ის საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმ მოტივით, რომ საჩივარი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, საჩივარი შემოტანილია ვ.როხაძის სახელით, ხოლო მას ხელს აწერს არა ვ.რ-ე, არამედ მისი წარმომადგენელი ჯ.რ-ე. მასში არ არის მითითებული გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
აღნიშნულ განჩინებაზე ვ. რ-ის წარმომადგენელმა ჯ. რ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა და გაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში.
2002წ. 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი დააკმაყოფილა და როხაძის საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით როხაძის საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და 2002წ. 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით იგი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ვ. რ-ის წარმომადგენელმა გ. დ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2002წ. 10 დეკემბრის განჩინება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის განჩინებით ვ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის განჩინება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის განჩინებით ვ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის განჩინება.
განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. რ-ის მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 188-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან მან შეგებებული სარჩელი სასამართლოში აღძრა საქმის მომზადების შემდეგ. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 230-ე მუხლით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის აღძვრის წინაპირობები, გამოუცხადებელ მხარეს უფლება ჰქონდა ეშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, ხოლო სასამართლო ვერ იტყოდა უარს შუამდგომლობაზე, რადგან მხარე პროცესზე მიწვეული იყო დადგენილი წესით.
ვ. რ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 15 მაისის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ მის მიერ შეგებებული სარჩელი შეტანილ იქნა სსკ-ს 188-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვადის დაცვით, მისი შინაარსი პასუხობს 189-ე მუხლის მოთხოვნებს. სსკ-ს 189-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო ჩაეტარებინა ძირითადი და შეგებებული სარჩელების ერთობლივი განხილვა. სასამართლო უწყება მას ჩაბარდა სხდომის დღეს, სსკ-ს 70-78-ე მუხლების დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების გაცნობის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ა-მა სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა 2002წ. 2 ივლისს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და ვ. რ-ეს სსკ-ს 184-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა გზავნილი. გზავნილზე განთავსებულია რ-ის ხელმოწერა, მაგრამ ხელმოწერის თარიღი საქმის მასალებით არ დგინდება. 2002წ. 15 ივლისს სასამართლომ გამოიტანა განჩინება საქმის მომზადების დამთავრებისა და მთავარ სხდომაზე განსახილველად დანიშვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მთავარი სხდომის თარიღად განისაზღვრა 2002წ. 15 ივლისი, ე.ი განჩინების მიღებიდან მესამე დღეს. რ-ემ შეგებებული სარჩელი სასამართლოში აღძრა 2002წ. 17 ივლისს, ხოლო 18 ივლისს იგი არ გამოცხადდა სხდომაზე, რის გამოც სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის განხილვისას სასამართლოს მიერ დაშვებულია მთელი რიგი საპროცესო დარღვევები, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. სსკ-ს 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე მოპასუხეს უგზავნის სარჩელისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საბუთების ასლებს, უნიშნავს ვადას წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე. ამავე კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. სასამართლომ ისე მიიჩნია საქმე მომზადებულად წინასწარი განხილვისათვის, რომ არ გამოუკვლევია, თუ როდის ჩაბარდა რ-ეს გზავნილი და იყო თუ არა გასული გზავნილში მითითებული 5 დღიანი ვადა. საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ მას მიეცა სსკ-ით მითითებული ნორმებით უზრუნველყოფილი უფლება, წარედგინა შეგებებული სარჩელი სასამართლოში.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მთავარი სხდომა დანიშნა საქმის მომზადების დამთავრებიდან მე-3 დღეს, რითაც დაირღვა სსკ-ს 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. მითითებული ნორმის საფუძველზე მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ საკმაო დრო ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად და საქმისათვის მოსამზადებლად. სასამართლოს მიერ საქმის მომზადებიდან მე-3 დღეს მთავარი სხდომის დანიშვნა არ შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ ვადად მხარის სასამართლოში გამოსაცხადებლად და საქმისათვის მოსამზადებლად.
სსკ-ს 233-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევებში ვ. რ-ე პროცესზე სასამართლოში მოწვეული არ იყო ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, ამიტომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო უცვლელად დაეტოვებინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, როდის მიიღო ვ. რ-ემ სარჩელი და თანდართული მასალები გასაცნობად, ასევე, როდის ჩაბარდა ვ. რ-ეს სასამართლოს უწყება მთავარ სხდომაზე გამოსაცხადებლად.
ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში ვ. რ-ეს უნარჩუნდება უფლება კვლავ შეიტანოს შეგებებული სარჩელი სასამართლოში ან აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.