გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-381-1046-03 26 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 24 ივნისს ვ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გაზეთ “ა.” და ჟურნალისტ დ. ს-ის მიმართ პატივისა და ღირსების დაცვისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტში გარდაბნის კომენდატად და იყო სასაზღვრო ჯარების მაიორი.
2002წ. 20-21 ივნისს გაზეთ “ა.” ჟურნალისტმა დ. ს-მა თავის სტატიაში გაავრცელა სინამდვილესთან შეუსაბამო და პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები. მოპასუხემ იგი დაადანაშაულა კონტრაბანდულ საქმიანობაში და თანამშრომლებისადმი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. ვ. ქ-მა განმარტა, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს და მოითხოვა მოპასუხე მხარისათვის სოლიდარულად 20000 ლარის დაკისრება, ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ოქტომბერს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, თუმცა მხარეებს სხდომის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა. სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მხარეს გაზეთ “ა.” და ჟურნალისტ დ. ს-ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 20000 ლარის გადახდა, გაზეთ “ა.” გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა და ბოდიშის მოხდა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს შპს “გ. ა.” წარმომადგენელმა ლ. ა-მა და დ. ს-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით ლ. ა-ის და დ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2002წ. 25 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვისათვის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსათვის გადაცემა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის განჩინებით გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2003წ. 25 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ იყო დაცული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი პირობები. აღნიშნულის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და შემდგომში მასზე შეტანილი საჩივრის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი არ არსებობდა.
საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განსჯადობის მიხედვით საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს ვაკე-საბუთალოს რაიონულ სასამართლოს.
სსკ-ს მე-20 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მე-15 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს სარჩელი წარედგინა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში მოპასუხედ ჩართულია ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთის, კერძოდ, დ. ს-ის საცხოვრებელი ადგილი საქმის წარმოებაში მიღების დროს იყო გლდანი-ნაძალადევის რაიონი.
სასამართლოს არჩევის უფლება გამოყენებულ იქნა მოსარჩელის მიერ, რასაც დაეთანხმა შპს “ა.” რწმუნებული ლ. ა-იც. სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის დროს დ. ს-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ახალი პირადობის მოწმობა, მაგრამ მის მიერ სსკ-ს 23-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, რაიონულ სასამართლოში არ ყოფილა დაყენებული მოთხოვნა ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქმის სხვა სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ.
საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება განსჯადობით საქმის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში გადაცემის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, ვ. ქ-ს თავის სასარჩელო განცხადებაში არ ჰქონდა მითითებული მისი, როგორც თანამოპასუხის, მისამართი. იმ მომენტისათვის სარჩელს განიხილავდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო, სადაც შპს გაზეთი “ა.” მიერ სადავო გახდა განსჯადობის საკითხი. შემდგომ მოსარჩელემ წარადგინა ე.წ. “ფორმა ¹1” სამისამართო ბიუროდან, რომლის მიხედვით კასატორის დ. სულაშვილის ადგილსამყოფელი მდებარეობდა გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ამის შემდეგ მოსარჩელემ აირჩია ამავე რაიონის სასამართლო.
კასატორს მიაჩნია, რომ სსკ-ს 23.1 “ა” მუხლის საფუძველზე, საოლქო სასამართლო ვალდებული იყო საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ვაკე-საბრთალოს რაიონულ სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძველს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
დადგენილია, რომ მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას გაირკვა ერთ-ერთი მოპასუხის დ. ს-ის საცხოვრებელი ადგილი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის დასადგენად მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარუდგინა ცნობა სამისამართო ბიუროდან, რომლითაც ირკვევა, რომ 1996წ. 27 ივლისის მდგომარეობით დ. ს-ი ცხოვრობდა ... ბინა ¹3-ში. სასამართლოში თვით მოპასუხის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (გაცემულია 2002წ. 25 ნოემბერს) ირკვევა, რომ დ. სულაშვილი ამჟამად ... ¹22 ბინა 6., ე.ი. ვაკე-საბურთალოს რაიონში, შესაბამისად საქმე ამ რაიონის განსჯადია.
სსკ-ს 23-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს, თუ მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 23-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.