გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-382-1045-03 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ქირის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 სექტემბერს ა. ხ-მა სს “ე. თ.” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის ნაკვეთში მოპასუხეს ჩადგმული აქვს ელექტროგამანაწილებელი ჯიხური. მასთან 2001წ. 12 სექტემბერს ერთიწ. ვადით დაიდო მიწის ნაკვეთის ქირავნობის ხელშეკრულება.
მოსარჩელემ მოითხოვა _ მოპასუხეს დაევალოს ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში _ ნაკვეთიდან ელექტროგამანაწილებელი ჯიხურის გატანა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ტერიტორია, რომელზეც ელექტროგამანაწილებელი ჯიხურია განლაგებული, 2002წ. 19 აპრილიდან მის საკუთრებას წარმოადგენს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ 1998წ. 21 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და “ე. ს. რ. ჰ. ბ. ვ.-მ” ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სს “თ.” ყველა (75%) აქციის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ამ ხელშეკრულებით დასრულდა სს “ე. თ.” პრივატიზაციის პროცესი და სს “ე. თ.” საკუთრებაში გადავიდა ყველა ის აქტივი, რომლითაც სარგებლობდა სს “თ.”. მათ შორის სატრანსფორმატორო ჯიხურის ¹6060. “მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდა იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზეც ნაგებობა იყო დამაგრებული. ამიტომ სადავო 19 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სს “ე. თ.” სახელზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ხ-ის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე 19 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია ელექტროქვესადგური ¹6060 წარმოადგენს სს “ე. თ.” საკუთრებას, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა მითითებული მიწის ნაკვეთზე ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლო იყო.
2003წ. 21 ივლისს ა. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეობის შესახებ. მის მიერ წარმოდგენილი 1930წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1993წ. 28 დეკემბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად უნდა მიეჩნია და სარჩელი უნდა დაეკმაყოფილებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქმეში წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობით დადგენილია, რომ 2002წ. 17 იანვრიდან სადავო მიწის 19 კვ.მ ნაკვეთის (რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ... მოპირდაპირედ და რომელშიც ჩადგმულია ¹6060 ქვესადგური) მესაკუთრეა სს “ე. თ.”. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: საქართველოს კანონი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1998წ. 6 მაისის ¹1-3/188 ბრძანება და 1998წ. 21 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
მართალია, საქმეს ერთვის ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება 1994 წლიდან 1999წ. იანვრამდე გადაუხდელი დავალიანების 17449344 კუპონის გადახდევინების შესახებ და 2001წ. 12 სექტემბრის ხელშეკრულება მითითებული ნაკვეთის 1 წლის ვადით ქირავნობის შესახებ, მაგრამ ეს დოკუმენტები ვერ იძლევა მოპასუხისათვის სადავო ნაკვეთზე ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების და ვერც ამ ნაკვეთიდან ელექტროქვესადგურის გატანის საფუძველს, ვინაიდან სადავო ნაკვეთის მესაკუთრე სს “ე. თ.” და იგი ამ ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია 2002წ. 17 იანვრიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 22 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.