საქმე # 010100120003802661
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1321აპ-22 ქ. თბილისი
შ-უ მ. 1321აპ-22 22 თებერვალი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განაჩენით:
1.1. მ. შ-უ, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 13 მაისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. შ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 29 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ. შ-მ ქ. ბ-ში, ე. მ-ს ქუჩა N..-ში მდებარე მის დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მასთან სტუმრად მყოფ ნ. ე-ს, თანხასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, კეფისა და თხემის არეში მიაყენა მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები. აღნიშნულის შემდგომ, 2020 წლის 30 აპრილს, დილის საათებში, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, ნ. ე-ის სხეული შეახვია მის დროებით საცხოვრებელ სახლში არსებულ ხალიჩაში და ავტომანქანით გადაიტანა ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ი მდებარე სასათბურე მეურნეობის მიმდებარედ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გადამალა. ე-ის გვამი 2020 წლის 12 მაისს აღმოაჩინეს. გვამის შორს წასული ლპობის გამო, სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილსა და განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას დაემატა შემდეგი პუნქტი:
3.1. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: 2020 წლის 1 მაისს შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის (სახ.№....) დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანის გასაღებების ასხმა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, პლასტიკური ბარათები, ,,მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა (სახ.№....), 2020 წლის 3 მაისს, ქ. ბ-ი, ე. მ-ის ქუჩა N...-ში მდებარე მ. შ-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული სამი წყვილი ჩუსტი, ბადე, ვ. ს-ის საცხოვრებელი სახლის და მ. შ-ს ავტომანქანის (სახ.№...) დათვალიერებისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მართვის მოწმობა და ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, გაცემული მ. შ-ს სახელზე, ტანისამოსი (მუქი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი წინდა, საცვალი, ორი ცალი მაისური, ერთი ცალი სპორტული შარვალი, ორი ცალი პულოვერი და ერთი ცალი ქუდი), მ. შ-ის კუთვნილი „ოპელის“ ფირმის ავტომანქანა (სახ.№...), 2020 წლის 6 მაისს ნ. ე-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ზეწარი, ბალიშის ჩიხოლი, საწოლის გადასაფარებელი, 2020 წლის 6 მაისს ნ. ე-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ჯემპრი, ორი ცალი წვერის ელექტროსაპარსი, მაკრატელი და ორი ცალი სავარცხელი, 2020 წლის 6 მაისს ნ. ე-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული სიმბარათი და სიმბარათის ჩიხოლები, საპონი, ორი ცალი წვერის საპარსი მოწყობილობა, უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტაცია და კბილის ჯაგრისი, 2020 წლის 7 მაისს, ნ. ე-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი და „ელჯის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ნ. ე-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანა (სახ.№...), მაჯის საათი, 10-ლარიანი კუპიურა, ერთლარიანი, 50-თეთრიანი და 20-თეთრიანი მონეტები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-ის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს, კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ნ. ე-ის ნივთები დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ე-ის ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
3.2. 2020 წლის 12 მაისს შემთხვევის ადგილის (სოფელ ჭ-ი, სასათბურე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი პირსახოცი, პირბადე, 2020 წლის 12 მაისს ნ. ე-ის გვამის დათვალიერებისას ამოღებული ტანისამოსი (პერანგი, მაისური, შარვალი, ქამარი, საცვალი, წინდები, ფეხსაცმელი და თოკი), 2020 წლის 1 მაისს შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის (სახ.№...) დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები, ერთჯერადი ხელთათმანები, ანაწმენდები, სუნის კვლები, 2020 წლის 3 მაისს ქ. ბ-ი, ე. მ-ის ქუჩა N...-ში მდებარე მ. შ-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები, ანაწმენდები, მ. შ-ს ხელის კვლები (ანაბეჭდები), სუნისა და სისხლის ნიმუშები, 2020 წლის 12 მაისს შემთხვევის ადგილის (სოფელ ჭ-ი, სასათბურე მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია) დათვალიერებისას ამოღებული დანა, ტომრის ნაჭერი, ქვა, ორი ცალი ფარდის ნაჭერი, ხალიჩა, 2020 წლის 13 მაისს მ. შ-ს ,,ოპელის“ ფირმის ავტომანქანის სახ.№... დათვალიერებისას ამოღებული უკანა სავარძლის დასაჯდომი ადგილების შალითები, უკანა სავარძლის საზურგე შალითები, წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლების საზურგე და დასაჯდომი ადგილებიდან ამოღებული შალითები, 2020 წლის 12 მაისს ნ. ე-ის გვამის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები (ანაბეჭდები), ნ. ე-ს თმისა და ფრჩხილის ნიმუშები, ნ. ე-ის უკანატანიდან აღებული ნაცხის ნიმუში, ნ. ე-ს მარცხენა მხრის ძვლის ფრაგმენტი, 2020 წლის 12 მაისს ქ. ბ-ი, ე. მ-ის ....-ში მდებარე მ. შ-უს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმედები იატაკიდან, ანაფხეკები იატაკიდან, ტანის გასამშრალებელი ორი ცალი ტილო, ქსოვილის მოგრძო ნაჭერი (ფარდა), თოკის ერთი ცალი ხვია და ორი ცალი ნაჭერი - რომლებიც ინახება გამოძიების ორგანოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
3.3. სს ,,ს-ნ“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ნ. დ-ის საცხოვრებელი სახლიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 7 ცალ კომპაქტდისკზე, „ი-ნ მარკეტიდან “ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 1 ცალ კომპაქტდისკზე, ზ. შ-ის საცხოვრებელი სახლიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 1 ცალ კომპაქტდისკზე, სს ,,ფ-ის’’ კომპიუტერული სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები 8 ცალ კომპაქტდისკზე, ტ. ა-ს საცხოვრებელი სახლიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ერთ ცალ კომპაქტდისკზე, ბ-ის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 4 ცალ კომპაქტდისკზე, შპს „რ-ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ერთ ცალ კომპაქტდისკზე, შპს ,,ნ-ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ერთ ცალ კომპაქტდისკზე, შპს ,,ა-ის“ საწყობიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ორ ცალ კომპაქტდისკზე, 112-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ორ ცალ მეხსიერების ბარათზე, ნ. ე-ს ფოტოსურათი, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტდისკზე, რ. ბ-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ ცალ კომპაქტდისკზე, საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ფოტოსურათები 12 ცალ დისკზე, - რომლებიც დალუქული ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-ის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - მსჯავრდებულ მ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და მ. შ-ს გამართლება ან/და სასჯელის შემსუბუქება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ, კერძოდ:
8. მოწმე უ. ს-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა ე-ის სახლში და მასთან ერთად ჩილიმს ეწეოდა. დაინახა, როგორ დაურეკა შ-მ ემეჩს, ტელეფონზე მისი სურათი გამოჩნდა და ნ-ც დაუდასტურა, რომ მ-ს ესაუბრა და მასთან ერთად წასულიყო. ხუთის ნახევარი იქნებოდა, როდესაც ნ-ა მისი ბინის კარზე ზარი დარეკა და დაუძახა, რომ დაბრუნდებოდა, ერთად ევახშმათ. მოწმე თ. ი-ის ჩვენებით, 2020 წლის 29 აპრილს, დაახლოებით ხუთ საათზე, ნ-ან დარეკვისას, მან უთხრა, რომ მეგობართან იმყოფებოდა და მასთან მოგვიანებით შეივლიდა. მოწმე ს. უ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაახლოებით ხუთ საათზე შეეცადა ნ-ან დარეკვას, მაგრამ მისი ნომერი დაკავებული იყო, ხოლო უფრო მოგვიანებით, დაახლოებით 07:00 საათზე დარეკვისას - გამორთული. დაზარალებულის უფლებამონაცვლე ა. ე-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მამასთან ბოლო კომუნიკაცია 2020 წლის 29 აპრილს, საღამოს, დაახლოებით ექვს საათზე ჰქონდა. მამამ უთხრა, რომ მ-ან იმყოფებოდა, რაღაცას არკვევდა და ვერ დაელაპარაკებოდა. დაჰპირდა, რომ შემდეგ გადაურეკავდა, თუმცა მისთვის არ დაურეკავს, ისევ თავად შეეცადა დაკავშირებას, მაგრამ ვერ შეძლო, ტელეფონი უკვე გამორთული იყო.
9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ, სს ,,ს-ან“, შპს ,,მ-ან“ და შპს ,,ვ-ან“ გამოთხოვილ ინფორმაციას, რომლითაც დადგენილია, რომ მ. შ-უს და ნ. ე-ს 2020 წლის 29 აპრილს ერთმანეთთან რამდენჯერმე აქვთ დარეკილი: 16:39:57-საათზე, 16:04:28 საათზე, 17:03:48 საათზე, 17:04:49 საათზე მ. შ-ს სიმბარათის ნომრიდან ... განხორციელებულია სატელეფონო ზარი ნ. ე-ის მობილური ტელეფონის სიმბარათზე ნომრით .... საუბრის ხანგრძლივობა არის 57 წმ. ,,ს-ის“ მომსახურე ანძის კოდია - 5004-26728, მისამართი - მ-ი. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებით დასტურდება, რომ შ-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ,,მ-ის“ და ,,ჯ-ის“ სიმბარათებს, ტელეფონის ნომრებს, ემსახურებოდა ერთი და იგივე ანძა, ეს იყო ბოლო ლოკაცია, სადაც ე-ის მობილური ტელეფონი იყო ჩართული ქსელში, ამის შემდეგ მისი ტელეფონი გაითიშა.
10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ ე-ის გვამი შემთხვევით გამვლელმა მოქალაქემ იპოვა მდინარე ჭ-ის დაუსახლებელ ნაპირთან, ეკალ-ბარდებში. გვამი გახვეული იყო ხალიჩაში, რომელიც მანამდე მ. შ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის იატაკზე ეფინა. გვამთან ერთად ხალიჩის შიგნით იმავე ბინაში არსებული ფარდის ნახევი და დივნის გადასაფარებელიც აღმოჩნდა.
11. მოწმეების - რ. ბ-ა და მისი ოჯახის წევრების - ნ. და ც. ბ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ეს ნივთები მათი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა, გაქირავებულ ფართში ეწყოთ და მათი მდგმური, მ. შ-უ სარგებლობდა. მოწმე რ. ბ-ის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ ფარდას, რომელიც მ-ის ოთახის ეზოსკენ გამავალ ფანჯარაზე ეკიდა, ყოველ დღე ხედავდა ეზოში გასვლისას, ხალიჩა ადგილზე იყო თებერვლის თვეშიც. აღნიშნულ მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, ამ პირებმა ამოიცნეს ხალიჩა, რომელიც თავად შეიძინეს და წლების მანძილზე სარგებლობდნენ, შემდეგ შ-უს ბინაში თვითონ გადაიტანეს და სწორედ მასში იყო გახვეული ნ. ე-ის გვამი. რ. ბ-მ ამოიცნო ასევე ხალიჩის შიგნით, გვამთან ერთად გახვეული დივნის გადასაფარებელი და ფარდა.
12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გენეტიკური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ შ-ს მიერ ნაქირავებ ბინაში, სადაც მისი და ე-ის ბოლო შეხვედრა შედგა, საგამოძიებო მოქმედება - დათვალიერებისას აღმოჩენილი ადგილებიდან აღებულ ანაწმენდებსა და ანაფხეკებზე, ასევე ნივთებზე დაფიქსირდა ნ. ე-ის გენეტიკური პროფილი, მათ შორის - სისხლის კვალი. კერძოდ, სააბაზანო ოთახიდან ამოღებული გენეტიკური პროფილი ნ. ე-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, სააბაზანოს ხელსაბანის ზედაპირიდან აღებული გენეტიკური პროფილი ნ. ე-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. დროებითი საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, შესასვლელი ოთახიდან აღებული ანაწმენდები შეიცავს სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ნ. ე-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე ოთახის იატაკის მეტლახის ფილების გადაბმებიდან აღებულ ანაფხეკებში აღმოჩნდა სისხლი, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ნ. ე-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო მინორული წილი - მ. შ-ს გენეტიკური პროფილის იდენტური. მ. შ-ს ავტომანქანის, სახ.№...., დათვალიერებისას ავტომანქანიდან ამოღებულ პულოვერზე არსებული მოყავისფრო ლაქები შეიცავს სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ნ. ე-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო მინორული წილი - მ. შ-ს გენეტიკური პროფილის იდენტური. შ-ს ავტომანქანის უკანა სალონში არსებული საბურავის ზედაპირიდან აღებული გენეტიკური პროფილი ნ. ე-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
13. მოწმე ზ. ს-ა და შპს ,,რ-ის“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკამერების ჩანაწერებით დადგენილია, რომ 2020 წლის 30 აპრილს, 06:47 საათზე, სადგურში შედის ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა, სახ.№I...., საწვავის ჩასასხმელად.
14. საქმეში წარმოდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მცენარეთა, მასალათა, ნაკეთობათა ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, გვამთან არსებულ ხალიჩაზე აღმოჩნდა მ.შ-ს მანქანიდან ამოღებული მისი ჯინსის შარვლის მიკრონაწილაკები, ხოლო ნ. ე-ს გვამის ფრჩხილებში არსებულ ბოჭკოებს გააჩნია საერთო გვარეობითი ნიშან-თვისებები მსჯავრდებულის მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებულ ჯინსის შარვლის ბოჭკოებთან. გვამთან არსებული ფარდის ჩამონაჭერს და მ. შ-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებულ ფარდის ნაჭერს გააჩნიათ საერთო ქსოვილის და ნართის სტრუქტურა, ნართის რაოდენობა, ბოჭკოვანი შემადგენლობა, შეღებვის ხერხი, ჩანათები, მათი განლაგება და ფერთა გამა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით დასტურდება, რომ მ. შ-ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ფარდის ჩამონაჭერი და გვამთან არსებული ფარდის ჩამონაჭერი განცალკავებამდე წარმოადგენდა ერთ მთლიანს.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლით. საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
16. მ. შ-ს მიერ ჩადენილი ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, ნ. ე-ი გარდაცვლილია, თუმცა როგორც საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით ირკვევა, ნ. ე-ის გვამის გამოკვლევისას სიკვდილის უშუალო მიზეზის, სიკვდილის დადგომის დროის, დაზიანების სიცოცხლისდროინდელობის, დაზიანებების გარდაცვალებასთან პირდაპირი კავშირისა და ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელი გახდა გვამის შორსწასული ლპობითი პროცესების გამო. სიკვდილის მიზეზის დადგენას სჭირდებოდა თავის ტვინში დარტყმის შედეგად ჩამოყალიბებული სისხლჩაქცევის დაფიქსირება, რაც ლპობის გამო, მოცემულ შემთხვევაში, ნანახი ვერ იქნა.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედებით ჩადენილ განზრახ დანაშაულებში დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირის დადგენა არის შედეგის ობიექტური შერაცხვის აუცილებელი წინაპირობა.
18. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებების გამო შეუძლებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა მსჯავრდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ნ. ე-ის უშუალოდ სიკვდილის გამომწვევ მიზეზს შორის, მ. შ-ს არ შეიძლება შეერაცხოს დამთავრებული მკვლელობის ჩადენა.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. შ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა.
20. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს საპროცესო დარღვევებზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ მ. შ-ს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მათი საპროცესო დამაგრება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.
21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
22. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. შ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.
23. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატის მოტივებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი