Facebook Twitter

¹ ას-386-1034-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 7 აგვისტოს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა კ. ტ-ომ მოპასუხის, ი. ტ-ოს, მიმართ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მას ეგონა, ხელი მოაწერა ანდერძს და არა ჩუქების ხელშეკრულებას, რადგან არ ფლობდა ქართულ ენას. კასატორის აზრით, ნოტარიუსი ვალდებული იყო გაეფორმებინა ხელშეკრულება თარჯიმნის მონაწილეობით, რაც მას არ გაუკეთებია.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ 2002წ. 22 მაისს კ. ტ-ომ სარჩელით მიმართა სასამართლოს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოპასუხის (დასაჩუქრებულის) უმადურობის გამო. მან აღნიშნა, რომ 1996 წელს აჩუქა სადავო ბინა მოპასუხეს. მოსარჩელისთვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ ხელი მოაწერა ჩუქების ხელშეკრულებას. ამასთან, სკ-ს 129-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებთან სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. ამდენად, გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

რაც შეეხება ნოტარიუსის მოქმედებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მოქმედებდა იმ პერიოდში არსებული კანონების მოთხოვნათა სრული დაცვით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ტ-ომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესულია გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კ. ტ-ომ სადავო ბინა აჩუქა მოპასუხეს იმ პირობით, თუ მას მოუვლიდა. ამდენად, კ. ტ-ომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე იცოდა ხელშეკრულების შინაარსი და მას ხელშეკრულება სადავოდ უნდა გაეხადა 3 წლის ვადაში სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულია და სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

რაც შეეხება სანოტარო მოქმედების სისწორეს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოქმედება შესრულებულია იმ დროს არსებული კანონისა და სანოტარო წესების ინსტრუქციის თანახმად.

სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ტ-ომ, თავისი მოთხოვნის საფუძვლად კასატორმა შემდეგი გარემოებები მიუთითა:

პალატამ არასწორად განმარტა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ კ. ტ-ომ ხელშეკრულების შინაარსი იცოდა არა მისი დადებისთანავე, არამედ მხოლოდ 1997 წლიდან, ამიტომ ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 1997 წლიდან.

სააპელაციო პალატა დაეყრდნო კანონს სახელმწიფო ნოტარიუსის შესახებ 1974წ. რედაქციით, რომლის მე-6 მუხლის დოკუმენტის თარგმანის უფლება აქვს სახელმწიფო ნოტარიუსსაც, მაგრამ ამის შესახებ უნდა გააკეთოს სათანადო ჩანაწერი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ნოტარიუსს არ გაუკეთებია.

კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სკ-ს 56-ე მუხლი, რადგან სადავო ხელშეკრულება არის თვალთმაქცური ხელშეკრულება, მხარეთა მიერ ნივთის გადაცემა და შესაბამისად მიღება არ იყო განზრახული და კ. ტ-ოს სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეცხოვრა ამ სახლში. ამდენად, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1996წ. 7 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით კ. ტ-ომ თბილისში, ... მდებარე მის სახელზე რიცხული ბინა აჩუქა შვილიშვილს _ ი. ტ-ს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ. ტ-ოს სარჩელი, ი. ტ-ოს მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. კ. ტ-ო ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ დასაჩუქრებული უმადურია, არ უვლის და ცუდად ექცევა.

2002წ. 7 აგვისტოს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შეტანილ სასარჩელო განცხადებაში კ. ტ-ომ მოითხოვა 1996წ. 7 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მან იცოდა ხელი ანდერძს მოაწერა და არა ჩუქების ხელშეკრულებას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ვინაიდან არ იცოდა ქართული ენა და არ ჰყოლია თარჯიმანი, არ იცოდა რა დოკუმენტზე აწერდა ხელს და რა სანოტარო მოქმედება შეასრულა ნოტარიუსმა.

ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედი “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის” შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლით დოკუმენტის თარგმნის უფლება აქვს სახელმწიფო ნოტარიუსსაც. ხელშეკრულების ტექსტში კ. ტ-ოს მიერ რუსულ ენაზე გაკეთებულია წარწერა, რომ ხელშეკრულების შინაარსი მისთვის ცნობილია. ხელმოწერის შესრულებას კ. ტ-ო არ უარყოფს. აღნიშნული საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ასეთი პრეტენზია არ წამოაყენა.

სსკ-ს 106-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად დამტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კ. ტ-ომ სარჩელში მიუთითა, რომ ხელი მოაწერა ჩუქების ხელშეკრულებას, მიუხედავად იმისა, რომ თანახმა არ იყო. აღნიშნული გამორიცხავს კ. ტ-ოს ნების არსებობის გარეშე ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს.

პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მისი მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ არის ხანდაზმული, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმებიდან სკ-ს ძალაში შესვლამდე ე.ი. 1997წ. 25 ნოემბრამდე არ იყო გასული სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს ახალი წესების, ანუ სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის მიხედვით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს.

სკ-ს 138-ე მუხლის თანახმად, ხანდახმულობის ვადა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოცემულ შემთხვევაში კ. ტ-ომ სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, უმადურობის მოტივით შეიტანა სასამართლოში ხელშეკრულების დადებიდან ექვსწლიანი ვადის გასვლამდე, ხოლო აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე წარადგინა ახალი სარჩელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ტ-ოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.