გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-387-1043-03 11 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. კ-ემ სარჩელი აღძვრა ვ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის საცხოვრებელი სახლის სხვენიდან გამოსახლება და სხვენის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შემდეგი საფუძვლით: მხარეები ცხოვრობენ თბილისში, ..., ე.წ. “იტალიურ ეზოში”. მისი საცხოვრებელი ბინის სხვენი დროებით დაიკავა მეზობელმა ნ. ა-მა, რომელმაც იქ, მოსარჩელის შინ არყოფნის დროს, მოაწყო ოთახი. როცა მან აიდენიანს მოსთხოვა სხვენის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მისი გამოთავისუფლება, მან ბინა სასწრაფოდ გაასხვისა ვ. კ-ზე. მოპასუხე არ ათავისუფლებს სხვენში დაკავებულ ფართს, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს მის გამოსახლებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ფართი 1992 წელს, ჯერ კიდევ ადრინდელი მესაკუთრის დროს, იქნა გადაკეთებული ოთახად (მანსარდი), რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დღეს მისი საკუთრებაა და ასეთი არის რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
თბილისში, ... მდებარე სახლის სხვენი, ფართით 39.60 კვ.მ. წარმოადგენს ვ. კ-ის საკუთრებას. აღნიშნული გარემოება დგინდება საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობით, რომლის მიხედვით ვ. კ-ი 2001წ. 14 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ზემოთ მითითებულ მისამართზე არსებული უძრავი ქონების 36/169 ნაწილის და დამხმარე ფართის 57 კვ.მ მესაკუთრეს. აღნიშნული დამხმარე ფართი (57 კვ.მ) მოიცავს საინვენტარიზაციო გეგმაზე არსებულ ლიტერ “ბ-ბ” ¹4-5 ფართს და მანსარდს – ლიტერ “ბ-ბ”-ში ¹4-12 ფართობს. მოპასუხე გარდა მითითებულისა, სხვა დამხმარე ფართს არ ფლობს.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ლ. კ-ე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მესაკუთრედ, სადავო ფართი კი მის საკუთრებას არ წარმოადგენს.
სასამართლომ მიუთითა სკ-ს 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ემ. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებანი საფუძვლიანად არ გამოითვალა, რადგან 57 კვ.მ სათავსო სახლმფლობელობას არ გააჩნია. მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერებში დამხმარე ფართთან დაკავშირებით არითმეტიკული შეცდომებია დაშვებული. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა დაენიშნა ტექნიკური ექტსპერტიზა და ისე დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. ამასთან, სასამართლო არ იყო კომპეტენტური იმ საკითხში, როცა მან – სადავო ფართი მიიჩნია მანსარდად, მაშინ, როცა იგი ჩვეულებრივი ჭერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონით მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ დაადგინა 57 კვ.მ დამხმარე ფართის არსებობის ფაქტი და რომ შესაძლებელია საჯარო რეესტრის მონაცემებში დაშვებულია არითმეტიკული შეცდომა დამხმარე ფართის შესახებ ჩანაწერში. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, მიუთითა მოცემულ საქმეზე მის მიერ დადგენილ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა. კერძოდ, მოპასუხის საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართი რომ ნამდვილად 57 კვ.მ-ია, აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნია ტექ-აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა, სადაც მითითებული (მწვანე ფერით აღნიშნული) დამხმარე ფართის ჯამი სულ 57 კვ. მეტრია. ამდენად, 57 კვ.მ ერთ მთლიან ფართს კი არ წარმოადგენს, არამედ სხვადასხვა დამხმარე ფართის ჯამს. აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრის დამხმარე ფართის ოდენობის თაობაზე ჩანაწერი სწორია.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს ტექნიკური ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინა და მას არ ჰქონდა უფლება თვითონ მიეჩნია სადავო ფართი მანსარდად. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ფართი მანსარდია და იგი ასეთადაა აღრიცხული საჯარო რეესტრში და საჭიროდ აღარ ჩათვალა ექსპერტიზის დანიშვნა. ამდენად, სასამართლომ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სსკ-ს 162-ე მუხლის გამოყენება საჭიროდ აღარ მიიჩნია.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.