Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №693აპ-22 თბილისი

გ-ი დ., 693აპ-22 31 ოქტომბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ-ის ადვოკატ მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 თებერვლის განაჩენით დ. გ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ხუთი - 2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის იანვრის, 2021 წლის აპრილის დასაწყისის, 2021 წლის აპრილისა და იმავე წლის სექტემბრის ეპიზოდები) - თითოეული ეპიზოდისათვის 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 111,19,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 11 სექტემბრიდან.

2. განაჩენის მიხედვით, დ. გ-ს მსჯავრი დაედო:

ü სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ოთხი - 2020 წლის ნოემბრის, 2021 წლის იანვრის, 2021 წლის აპრილის დასაწყისისა და იმავე წლის აპრილის ეპიზოდები);

ü ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2021 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი);

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ნივთის განადგურების მცდელობაში, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშნელოვანი ზიანი, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2020 წლის ნოემბრის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში (რ.), დ. გ. თავისი მეუღლის დედას - დ. ხ-ეს, მისავე სახლში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და იმავდროულად ესროლა შეშის ნაჭერი, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2021 წლის იანვარში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში (რ.), დ. ხ-ის სახლში, დ. გ. სიცოცხლის მოსპობით (მოკვლით) დაემუქრა თავის შვილს - ნ. გ-ს და მეუღლის დედას - დ. ხ-ეს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2021 წლის აპრილის დასაწყისში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში (რ.), დ. ხ-ის სახლში მყოფი დ. გ. სატელეფონო საუბრისას, სიცოცხლის მოსპობით (მოკვლით) დაემუქრა თავის შვილს - ნ. გ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2021 წლის აპრილში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში (რ.), დ. ხ-ის სახლში მყოფი დ. გ. სატელეფონო საუბრისას, სიცოცხლის მოსპობით (მოკვლით) დაემუქრა თავის შვილს - ნ. გ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2021 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში (რ.), დ. გ. თავისი მეუღლის დედას - დ. ხ-ეს, მისავე სახლში დაემუქრა სახლის გადაწვით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2020 წლის ნოემბრის ბოლოდან 2021 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში (რ.), დ. გ. თავისი მეუღლის დედის - დ. ხ-ის სახლში, პირადად და სატელეფონო საუბრისას, სისტემატურად, კვირაში არანაკლებ 3-4-ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თავის შვილს - ნ. -სა და მეუღლის დედას - დ. ხ-ეს, კერძოდ: დედას აგინებდა და უწოდებდა დამამცირებელ სიტყვებს, რის გამოც დაზარალებულები განიცდიდნენ ტანჯვას;

o 2021 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათიდან 13:30 საათამდე პერიოდში, ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ში (რ.), დ. გ-მა ბენზინის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა თავისი მეუღლის დედის - დ. ხ-ის სახლში არსებულ ნივთებს და შეეცადა სახლის დაწვას, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი. დ. გ-მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან ცეცხლი დაზარალებულის მეზობელმა ჩააქრო.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. გ-ის ადვოკატმა მ. ხ-ემ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; დ. გ-თვის შეფარდებული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, პირობითად ჩათვლა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. გ-ის ადვოკატმა მ. ხ-ემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; დ. გ-თვის შეფარდებული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, პირობითად ჩათვლას, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ დ. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების - პირობითად ჩათვლის საფუძველი არ არსებობს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. გ-ის ადვოკატ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე