ას-389-1033-03 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. გ-ი თბილისის ვაკის რაიონის ნოტარიუსის მ. ბ-ის მიერ გაცემული მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე გახდა ე. ბ-ის სამკვიდრო ქონების მესაკუთრე – მდებარე ... თბილისში.
ლ. გ-ი ვერ ახორციელებს მის უფლებას ამ ბინაზე იმის გამო, რომ მასში ცხოვრობს მოპასუხე მ. ა-ი თავისი ოჯახით. ლ. გ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა მ. ა-ის ბინიდან გამოსახლება. მ. ა-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ანდერძის ბათილობა და სადავო ფართზე მესაკუთრედ ცნობა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ა-ი თანხმლებ პირებთან ერთად გამოსახლდა ... მდებარე ბინიდან და ბინა გადაეცა მოსარჩელე ლ. გ-ს. მ. ა-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უთქვა უარი.
მ. ა-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მისი გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ. ა-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 1998წ. 6 მაისს თბილისის ნოტარიუს მ. ბ-ის მიერ ლ. გ-ზე, ე. ბ-ის 1996წ. 7 მარტის ანდერძის საფუძველზე გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/10 ნაწილის ანდერძით გადაცემის შესახებ. შესაბამისად ცვლილებები იქნა შეტანილი საჯარო რეესტრში ... მდებარე ბინის აღრიცხვაში.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. გ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 8 სექტემბრის განჩინებით ლ. გ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად დავის საგნის ღირებულების 4%-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ს 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. იმავე მუხლის მეორე ინაწილში კი მითითებულია, რომ ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 8 სექტემბრის განჩინებით ლ. გ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად დავის საგნის ღირებულების 4%-ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ლ. გ-ს, რაც 2003წ. 19 სექტემბერს ჩაბარდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 6 ოქტომბრამდე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ლ. გ-ს არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. მიმდინარეწ. 6 ნოემბერს კასატორი დაბარებული იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ არ გამოცხადდა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იყენებს სსკ-ს 396-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ იქნა გადახდილი, სასამართლო საჩივრის შემტან პირს უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.