Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№1232აპ-22 9 თებერვალი, 2023 წელი

შ-ი კ., 1232აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენით კ. შ-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2021 წლის 24 სექტემბერს, 12:45 საათზე, ქ., ლ-ის ქუჩაზე, კ. შ-მა „სუბარუ ფორესტერის“ მოდელის (სახელმწიფო ნომრით --)

ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 („მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნას მოძრაობის უსაფრთხოება“) და 33.2 („სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“) მუხლების მოთხოვნები და შეეჯახა „მერსედეს-ბენც ც 180-ის“ მოდელის (სახელმწიფო ნომრით – -) ავტომობილს, რომელსაც მართავდა გ. თ-ე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად „მერსედეს-ბენც ც 180-ის“ მოდელის ავტომობილის მგზავრმა მ. ჯ-მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ამავე ავტომობილის მგზავრი ე. თ-ე სტაციონარში მიყვანამდე გარდაიცვალა.

3. აღნიშნული ქმედებისათვის კ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2021 წლის 24 სექტემბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ. შ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო დაცვის მხარემ – მსჯავრდებულისათვის სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – პროკურორი ირაკლი კოძახიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და კ. შ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. მსჯავრდებულ კ. შ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – მ. ფ. და ე. ო. შესაგებლით ითხოვენ, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2021 წლის 24 სექტემბერს ქ., ლ-ის ქუჩაზე, კ. შ. „სუბარუ ფორესტერის“ მოდელის ავტომანქანით მოძრაობისას შეეჯახა „მერსედესის“ მოდელის ავტომობილს. შეჯახების შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მგზავრმა მ. ჯ-მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მეორე მგზავრი – ე. თ. გარდაიცვალა.

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია კ. შ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ჯ-ის, დაზარალებლის უფლებამონაცვლე გ. თ-ის, მოწმეების – გ. ყ-ის, მ. ს-ის, ა. ჯ-ის, ტ. ლ-ის, ს. ი-ის, ნ. გ-ის, შ. თ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ცნობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემითა და ფოტოსურათებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №- და №- დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზის №- და №- დასკვნებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

4. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის

თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

5. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მცდარი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება №1/6/770 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

6. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი მსჯავრდებულისათვის ჩადენილი დანაშაულის გაანალიზების ეფექტურ ბერკეტს უნდა წარმოადგენდეს, ამასთან, უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. მოსამართლე როგორც კონკრეტული სასჯელის სახის, ისე – მისი ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს იმპერატიულად გაწერილი სამართლებრივი ნორმებითა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში.... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის – სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ. მაგალითად: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე -Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242; Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ფარგლებშიც უნდა შეეფარდოს სასჯელი კ. შ-ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

9. საკასაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა მოცემული საქმის გარემოებები – ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნება. ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომა არ შეესაბამება კ. შ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.

12. საკასაციო სასამართლო ინდივიდუალურად შეაფასებს, ერთი მხრივ, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის პიროვნებას, რის საფუძველზეც განსაზღვრავს, გამოკვეთილი იყო თუ არა სასჯელის შემსუბუქების წინაპირობები და რამდენად უზრუნველყოფს შეფარდებული სასჯელი მის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ კ. შ-ის ქმედებაში გამოკვეთილია ორი მაკვალიფიცირებელი გარემოება, რამაც ერთ შემთხვევაში გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო მეორე შემთხვევაში – ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იდეალური ერთობლიობით, მაკვალიფიცირებელ გარემოებათა კუმულაცია ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.

14. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პიროვნებას, კერძოდ: მართალია, საქმის სასამართლოში განილვის ეტაპზე კ. შ-მა აღიარა დანაშაული და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო, რითიც ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტურ განხორციელებას, მაგრამ გამოძიების სტადიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად იგი ავტომანქანის გაუმართაობას (საჭის გაჭედვას) ასახელებდა, თუმცა ავტოტექნიკური ექსპერტიზის №-- დასკვნის მიხედვით, „სუბარუს“ მოდელის ავტომობილი (რომელსაც კ. შ-ი მართავდა) შემთხვევამდე ტექნიკურად გამართული იყო, ხოლო ავტოტექნიკური ექსპერტიზის №- დასკვნის თანახმად, მძღოლ კ. შ-ს, ტექნიკური თვალსაზრისით, შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. გარდა ამისა, შემთხვევამდე, კ. შ. ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 2021 წლის 16 ივნისს – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იმ სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება), 2021 წლის 31 აგვისტოს კი – იმავე კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის) გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენისათვის. აშკარაა, რომ მსჯავრდებული არასერიოზულად ეკიდებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებულ წესებს, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა მართვის მოწმობა, აგრძელებდა კანონის დარღვევას და მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის – ტექდათვალიერების გარეშეც. სწორედ კანონის მიმართ ასეთმა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ გამოიწვია უმძიმესი შედეგი ჩვილი ბავშვის - ე. თ-ის გარდაცვალება.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ზოგადი წუხილი მომხდარი შემთხვევის გამო, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ხოლო მეორის – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მოჰყვა, ვერაფრით შეუმსუბუქებს მას ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, ვერ შეუწყობს ხელს, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობით. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა, რომ კ. შ. არ არის შერიგებული დაზარალებულის უფლებამონაცვლესა და დაზარალებულთან, რომლებსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია გააჩნიათ, ხოლო სამართლიანობის აღდგენა სხვა არაფერია, თუ არა დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილება მსჯავრდებულისათვის ადეკვატური, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრით, განსაკუთრებით ისეთი კატეგორიის საქმეებზე, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა და სასამართლოს, დარღვეული უფლების ხარისხის მხედველობაში

მიღებით, კიდევ უფრო მეტად მართებს გულდასმით მოეკიდოს თითოეული დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს და თავი შეიკავოს არაგონივრული ლმობიერებისაგან.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – ზედმეტად ლმობიერია და არ წარმოადგენს მასზე ზემოქმედების იმ ფორმას, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელება, რის გამოც კ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ირაკლი კოძახიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. კ. შ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 24 სექტემბრიდან;

4. კ. შ-ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე